PUBLICATIONS

Title Languages Field Year

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ეგვიპტის ეკონომიკაზე

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა იქონია ბევრი ქვეყნის და, მათ შორის, ეგვიპტის ეკონომიკაზეც.

როგორია ეს გავლენა და რას უნდა ველოდეთ ამ მიმართულებით?

პირველ რიგში, გაიზარდა ხორბლის ფასი (პური კი ეგვიპტელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძირითადი საკვებია). რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე 1 ტონა ხორბლის ფასი 9 000 ეგვიპტური გირვანქა (დაახლოებით 490 აშშ დოლარი) იყო, 24 თებერვლის შემდეგ კი - 11 000 ეგვიპტური გირვანქა (დაახლოებით 600 აშშ დოლარი) გახდა.

მიზეზი მარტივია - ეგვიპტეში ხორბლის 85% უკრაინიდან და რუსეთიდან შედის. ასევე, ძირითადად, უკრაინიდან შედის საკვები ზეთიც.

ხორბლის ფასის ზრდის პარალელურად 25%-ით გაძვირდა არასუბსიდირებული პურის ფასი ქვეყანაში.

სუბსიდირებული პური „აიშ ბალადი“

აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 100-მილიონიან ეგვიპტეში მოსახლეობის 80% ტრადიციულად სუბსიდირებულ პურს (ე.წ. „აიშ ბალადი“) ყიდულობს, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური ფასი (0,003 აშშ დოლარი) აქვს.

პურის ფასის სუბსიდირებას კი ხელისუფლება 1952 წლის შემდეგ ახდენს, რადგან ქვეყანაში, სადაც მინიმალური ხელფასი 2 700 ეგვიპტური გირვანქაა (დაახლოებით 148 აშშ დოლარი), არ იყოს სოციალური მდგომარეობით გამოწვეული მღელვარებები.

ბევრი ეგვიპტელისთვის პური ერთადერთი საკვებია

ამასთან, 21 მარტს ეგვიპტური ვალუტის 14%-იანი დევალვაცია მოხდა. შედეგად, მალევე მოიმატა ფასებმა ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე და მნიშვნელოვნად გაუჭირდა ღარიბ მოსახლეობას.

ამ ყველაფერმა სერიოზული თავსატეხი გაუჩინა ეგვიპტის ხელისუფლებას. მას, ერთი მხრივ, უჭირს ასეთი რაოდენობის პურის სუბსიდირება (რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული) და სურს საბაზრო ფასებზე გადასვლა. მაგრამ, მეორე მხრივ, კარგად ახსოვს 1977 წლის შემთხვევა, როდესაც პურის ფასის ლიბერალიზაციის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. „პურის ბუნტი“ მოჰყვა. მაშინდელი პრეზიდენტი სადათი იძულებული გახდა კაიროდან სუდანის საზღვართან ახლოს მდებარე ასვანში გაქცეულიყო. სიტუაცია კი მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც ეგვიპტის მაშინდელმა ხელისუფლებამ უკან წაიღო პურის ფასის ლიბერალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

მართალია, ახლა აღარც 1977 წელია და ახლანდელი პრეზიდენტი სისიც, სადათისგან განსხვავებით, უფრო მყარად ფლობს ძალაუფლებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეგვიპტის ეკონომიკური პრობლემები და, პირველ რიგში, უკიდურესი სიღარიბე არსად წასულა. შესაბამისად, ისევ არსებობს სოციალური მღელვარებების ალბათობა.

მეორე მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, რის გამოც, დიდი ალბათობით, წელს შეუძლებელი იქნება ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარება უკრაინაში. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს მომავალი წლის მოსავალს. შესაბამისად, მთელ მსოფლიოში მოსალოდნელია ფასების მატება სურსათზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, მკვეთრად უარყოფითად აისახება ღარიბი ქვეყნების მდგომარეობაზე და, მათ შორის, ეგვიპტეზეც.

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.