PUBLICATIONS

Title Languages Field Year

აშშ-ის მიერ რუსეთში ირანული დრონების გადამზიდავი კომპანიების სანქცირების ზოგიერთი დეტალი

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

No 46

 

            აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ (United States Department of the Treasury) სანქციები დაადო სამ ირანულ კომპანიას და ერთი პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის საკუთრებაში არსებული დრონების რუსეთში ტრანსპორტირების საქმეში.

            რა არის ამ საქმის დეტალები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?

 ირანული წარმოების დრონი ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე

 

შეერთებულმა შტატებმა ზემოხსენებული სანქციები 8 სექტემბერს დააწესა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ თეირანში მოქმედი კომპანია Safiran Airport Services, რომელიც ერთ-ერთი სანქციადადებული ორგანიზაციაა, ახდენს ფრენების კოორდინაციას რუსეთსა და ირანს შორის, მათ შორის, ეწევა „ირანული [დრონების], პერსონალისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის ტრანსპორტირებას ირანიდან რუსეთში“.

აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა: „რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილ არჩევანს აკეთებს, რათა გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ჩვენი უპრეცედენტო სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის პირობებში“.

ამასთან, ნელსონმა აღნიშნა: „აშშ მოწოდებულია მკაცრად გაატაროს ჩვენი სანქციები როგორც რუსეთის, ასევე ირანის წინააღმდეგ“ და დასძინა, რომ „არაირანულმა, არარუსულმა სუბიექტებმა ასევე დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების განვითარება, მათი ტრანსპორტირება ან რაიმე სახის სამხედრო ტექნიკის მიყიდვა რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად“.

მანამდე, 2022 წლის ივლისში, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სადაზვერვო სახის ინფორმაცია, რომ ირანი ემზადებოდა ასობით უპილოტო საფრენი აპარატის რუსეთში გასაგზავნად, რასაც მოსკოვი შემდგომში უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებდა.

მოგვიანებით, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, აშშ-მ ოფიციალურად დაადასტურა ირანული წარმოების საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიწოდების ფაქტი. საინტერესოა, რომ იმავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბევრი მათგანი უკვე გაუმართავი იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს სანქციები დაწესდა მას შემდეგ, რაც ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების (JCPOA) განახლების თაობაზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

რუსეთისკენ მიმავალი ერთ-ერთი ირანული თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება 2022 წლის 4 სექტემბერს

 

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები და ზემოთ მოყვანილი სიტყვიერი გაფრთხილებები საყურადღებო და გასათვალისწინებელია იმდენად, რამდენადაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთისკენ მიმავალი ირანული თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ.

Back to full list
© 2022 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.