X

RONDELI BLOG

გერმანიის კანცლერის მომავალი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში: რეალობა და ამოცანები

2018 / 08 / 08

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

არის გარკვეული მინიშნებები, რომ არცთუ ისე შორეულ მომავალში მოსალოდნელია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. სავარაუდოა, რომ კანცლერთან ერთად დალეგაციაში იქნება ძლიერი ეკონომიკური გუნდი, მსხვილი ბიზნესმენების ჩათვლით, და სერიოზული საპარლამენტო ჯგუფი. ამბობენ, რომ ვიზიტი 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება. თუ ასე მოხდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს კანცლერთან არაფორმალური ურთიერთობის საშუალებაც მიეცემა. არ არის საჭირო იმის მტკიცება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს გარემოება უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დროს.

კანცლერის ვიზიტი თავისთავად კარგი გზავნილია. ეს ადასტურებს ფაქტს, რომ გერმანია ინარჩუნებს ინტერესს რეგიონის მიმართ. სავარაუდოდ, ამ ინტერესის გაძლიერების მთავარი წყარო ამჟამად საქართველო არ არის და  ეს უფრო ჩვენს მეზობელ სომხეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს უნდა უკავშირდებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ძლიერდება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შეზღუდვის შესაძლებლობა და ეს ძალიან კარგია როგორც მთლიანად რეგიონისთვის, ისე ცალკე აღებული აზერბაიჯანის, სომხეთისა თუ საქართველოსთვის.

გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკა დღეს მერყეობს ინტერესებსა და ფასეულობებს შორის. ახლა ის თითქოს იხრება ფასეულობებისკენ, მაგრამ პროექტ  ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მიმართ დამოკიდებულება აჩვენებს, რომ პრაგმატული ინტერესი ჯერ კიდევ ძლიერ გავლენას ახდენს გერმანიის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე. შესაძლოა გერმანიის მთავრობა ფიქრობს, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის მანევრის შესაძლებლობები შეიზღუდება, ვინაიდან, მრავალმილიარდიანი ინვესტიციების დაბანდების შემდეგ რუსეთი იძულებული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მიაწოდოს გაზი გერმანიას, მიუხედავად იმისა, თუ რა სანქციებს დაუწესებს რუსეთს ევროკავშირი და, შესაბამისად, გერმანიაც. მეორე საკითხია, თუ რამდენად დასაშვებია თუნდაც ამ მიზნის გამო კომპრომისები ფასეულობათა სისტემასთან და თანამშრომლობის პრინციპებთან.   

როგორ შეიძლება დავახასიათოთ დღეს საქართველო-გერმნიის ურთიერთობები?

ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებულია ორმოცდაათამდე ხელშეკრულება, გერმანია ძალიან დაგვეხმარა ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, და ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება. ამასთან, გერმანია არ არის ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების მთავარი მხარდამჭერი; ბოლო დროს საგრძნობლად შესუსტდა ორმხრივი ვაჭრობა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვეცტიციების ოდენობის თვალსაზრისით გერმანია არ შედის პირველ ათეულში.

საქართველოსა და გერმანიის საგარეო ვაჭრობა (2014-2018 წწ., $მლნ.)

 

2014

2015

2016

2017

2018, 6 თვე

ბრუნვა

535.3

506.8

505.6

478.9

226.5

ექსპორტი

69.2

75.8

85.3

45.4

25.1

იმპორტი

466.1

431.0

420.3

433.5

211.4

 

წყარო: http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo

გერმანიის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში, რომელმაც 2016 წელს შეადგინა მაქსიმალური - 5,4%, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მკვეთრად დაეცა და 2018 წლის პირველ ნახევარში  სულ  3,8% შეადგინა.

ამჟამად ბლოგის ფორმატი საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ანალიზს საჭიროებს ფაქტი, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ძალაში შესვლის ფონზე საქართველო-გერმანიის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მცირდება.

რისთვის ჩამოდის რეგიონში ქალბატონი ანგელა მერკელი?

დღემდე დასავლეთის მთავარ ინტერესს სამხრეთ კავკასიაში წარმოადგენდა საქართველო (განსაკუთრებით,აზერბაიჯათან ტანდემში); ახლა კი მთავარ ინტერესს რეგიონში წარმოადგენს სომხეთი, ორი ძირითადი ფაქტორით განპირობებული: საქართველოს მთავრობის დაქვეითებული აქტიურობა საერთაშორისო არენაზე, რაზეც ჩვენ ადრე ვწერდით (მაგ., იხ.: https://www.gfsis.org/blog/view/829, https://www.gfsis.org/blog/view/850 ), და ბოლო დროს სომხეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესები. რა მოსაზრებებსაც არ უნდა ეყრდნობოდეს კანცლერის გადაწყვეტილება რეგიონში ვიზიტის თაობაზე, ეს ძალიან კარგი ნიშანია - თუ სომხეთი მოხვდება ევროკავშირის ორბიტაში, ეს ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას. სავარაუდოდ, კანცლერი  საქართველოს მთავრობას კითხვებს დაუსვამს სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამისათვის ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად უნდა იყოს.

რა მთავარი გზავნილებით ჩამოვა კანცლერი თბილისში?

  1. საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა;
  2. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთქმედების გააქტიურება;
  3. ეკონომიკური დახმარების პროექტების განხორციელების გაგრძელება, გერმანული ინვესტიციების ხელშეწყობა.

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი, მაგრამ უკვე ვეღარ პასუხობს საქართველოს წინაშე დღეს მდგარ ამოცანებს.

რა გვინდა ჩვენ გერმანიისგან?

  1. ნატოსა და ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების ხელშეწყობა. სასურველია ასახული იყოს ერთობლივი დოკუმენტის შესაბამის ფორმულირებებში;
  2. უკრაინასა და საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების ერთ განზომილებაში მოაზრება; რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება საქართველოს პრობლემების გათვალისწინებით;
  3. ევროკავშირის მეტი პრინციპულობა და ჩართულობა ტრანსკასპიურ პროექტში;
  4. ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება, ეკონომიკური დახმარების პროგრამების გაძლიერება.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მიმართ გერმანიის დამოკიდებულების გათვალისწინებით, რამდენიმე სიტყვა მესამე პუნქტზე: ქართული მხარე უნდა ეცადოს, რომ  ტრანსკასპიური პროექტით დააინტერესოს გერმანელი ბიზნესმენები. თითქის და შედარებით კერძო ხასიათის, მან შესაძლოა მოახდინოს სტრატეგიული ძვრები საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. კასპიის ზღვის სტატუსის შეთანხმება და, შესაბამისად, ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა წარმოადგენს ევროკავშირის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გამყარების ყველაზე რეალურ საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ თურქმენეთმა საკუთარი სახსრებით უკვე მიიყვანა გაზის მილსადენი კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირამდე. ამოქმედებულია ბაქო - თბილისი - ერზერუმის გაზსადენი. მომავალში, ტრანსკასპიური მილსადენის ამოქმედების შემთხვევაში, სამხრეთის გაზის დერეფნით შესაძლებელი გახდება ევროპას მიეწოდოს თურქმენეთის და აზერბაიჯანის 70-80 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ეს წარმოადგენს „გაზპრომის“ ევროკავშირში 2017 წელს მიწოდებული გაზის რაოდენობის ნახევარს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროექტს და  მის განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს ხედავს. ევროკავშირის ეს პოზიცია აისახა კიდევაც   ასოცირების საბჭოს (ბრუსელი, 2018 წლის 5 თებერვალი) ბოლო ერთობლივ პრესრელიზში (იხ.: http://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2018/02/05/joint-press-release-following-the-4th-association-council-meeting-between-the-european-union-and-georgia/). ეს კარგი  პოზიციაა, მაგრამ შემდგომ დახვეწას და გაძლიერებას საჭიროებს. გერმანიას შეუძლია ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ის შეთანხმებული პოზიცია. მთავარია, რომ ამ პროექტის განხორციელება, ევროპის ბაზარზე თხევადი გაზის მიწოდების ზრდასთან ერთად, ძირეულად შეასუსტებს „გაზპრომის“ პოზიციებს ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე. შესაბამისად, მოსკოვს გამოეცლება ხელიდან მძლავრი პოლიტიკური ბერკეტი. 

არ ვიცი, ვიზიტის ფარგლებში რა ხასიათისა და ხარისხის დოკუმენტს ამზადებენ ქართველი და გერმანელი დიპლომატები, მაგრამ ქართული მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, ტრადიციულ გზავნილებთან ერთად, ამ დოკუმენტში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკისა და ტრანსკასპიური თანამშრომლობის ამსახველი დებულებებიც იყოს წარმოდგენილი, კერძოდ, რომ:

  1. გერმანია აღიარებს/პატივს სცემს საქართველოს საკვანძო საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს - გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში; ალტერნატივა: ) ევროკავშირისათვის: მხარეები მიიჩნევენ, რომ ასოცორების შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე; ) ნატოსთვის: გერმანია ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოსთან შემდგომ დაახლოებას.
  2. მხარეები აღიარებენ, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მიმართ არ წარმოადგენს გამონაკლისს რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის და ასახავს მის ზოგად დამოკიდებულებას მეზობლების მიმართ; რუსეთის შეკავება მის სამეზობლოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებასთან  დაკავშირებით მხარეები გამართავენ მუდმივ კონსულტაციებს; ალტერნატივა: ა) მხარეები გმობენ საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას (მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევა, მკვლელობა) და იზიარებენ მოსაზრებას, რომ სანქციების პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ქმედებების გამო; ამ პროცესში მნიშვნელვან ადგილს დაიკავებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია; ბ) რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების დროს გათვალისწინებული იქნება აგრეთვე რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.
  3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ურთიერთქმედებას ტრანსკასპიური ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. აქ შესაძლოა უამრავი ალტერნატიული რედაქცია, მთავარია ტრანსკასპიური თემა მოხვდეს ერთობლივ დოკუმენტში.

იმედია, საქართველოს მთავრობა სრულად გამოიყენებს კანცლერის ვიზიტით გაჩენილ შესაძლებლობებს...

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.