X

RONDELI BLOG

აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა

2018 / 11 / 22

ავტორი: არჩილ ფაშალიშვილი

 

2018 წლის 6 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნებში გამარჯვება თავდაპირველად ამერიკის ორივე ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ იზეიმა, თუმცა სანამ არჩევნების შედეგებზე ვისაუბრებდეთ, ვნახოთ, ვის, როდის და როგორ ირჩევენ.

 

I. რას წარმოადგენს აშშ-ის შუალედური არჩევნები?

ამერიკის შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს იმართება. მოქალაქეები თანამდებობის პირებს ირჩევენ ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ დონეებზე. ვინაიდან ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები - საპრეზიდენტო - ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, საპრეზიდენტო ვადის შუაში გამართულ არჩევნებს არაფორმალურად „შუალედურს“ ეძახიან.

 

აშშ-ის კონგრესი

შეერთებული შტატების კონგრესი - ქვეყნის ფედერალური მთავრობის ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, 435 წევრიან წარმომადგენელთა პალატას და 100 წევრიან სენატს მოიცავს. წარმომადგენელთა პალატას ხშირად კონგრესის ქვედა პალატას უწოდებენ, ხოლო სენატს - ზედას.

სენატში თითოეულ შტატს ორი წარმომადგენელი ჰყავს, რომლებსაც როტაციულად ირჩევენ 6 წლის ვადით. შესაბამისად, ყოველ ორ წელიწადში არჩევნები ტარდება სენატის ადგილების დაახლოებით ერთი მესამედის შესავსებად. სენატორის საარჩევნო ოლქს წარმოადგენს მთელი მისი შტატი. სენატორებისგან განსხვავებით, წარმომადგენელთა პალატის წევრებს ირჩევენ 2 წლის ვადით და შტატებს წარმოადგენენ მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. მაგალითად, ყველაზე მრავალრიცხოვან შტატს (კალიფორნია) კონგრესის ქვედა პალატაში 53 წარმომადგენელი ჰყავს, ხოლო ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე 7  შტატი ამავე ორგანოში თითო-თითო წევრით არის წარმოდგენილი.

კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებს მაჟორიტარული პრინციპით ირჩევენ. (გამონაკლისია მენის შტატი, სადაც კონგრესის ქვედა პალატაში შტატის ორივე წარმომადგენელს უკვე 2018 წლიდან ახალი რანგირების საარჩევნო სისტემით ირჩევენ, რაც ამომრჩეველს უპირატესობათა მიხედვით, კანდიდატთა თანმიმდევრობით რანგირების შესაძლებლობას აძლევს). როგორც წესი, მოცემულ საარჩევნო ოლქში პირველ ადგილზე გასული კანდიდატი ავტომატურად იმარჯვებს. (გამონაკლისია ლუიზიანის, მისისიპის და ჯორჯიის შტატები, სადაც იმ შემთხვევაში, როდესაც კონგრესის წევრობის კანდიდატთაგან ვერც ერთი ვერ აგროვებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, ინიშნება მეორე ტური ორ მოწინავე კანდიდატს შორის).

წარმომადგენელთა პალატის წევრთა საარჩევნო ოლქების დასადგენად შტატის მოსახლეობა იყოფა ერთმანეთის მოსაზღვრე იმდენ ოლქად, რამდენი წარმომადგენლის ყოლაც კონგრესის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატაში შტატს განესაზღვრა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით. მაგალითად, კალიფორნიის შტატი იყოფა 53 ერთმანეთის მოსაზღვრე საარჩევნო ოლქად. შესაბამისად, ქვედა პალატაში ამ შტატიდან 53 წარმომადგენელს ირჩევენ.

 

არჩევნები შტატებში

შტატების მთავრობების არჩევის მოდელი გარკვეულწილად წააგავს ფედერალურს. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს ყველა შტატში გუბერნატორი ეწოდება და მას, როგორც წესი, 4 წლის ვადით ირჩევენ. (გამონაკლისს წარმოადგენენ ნიუ-ჰემფშირი და ვერმონტი, სადაც გუბერნატორს ორი წლით ირჩევენ). შტატების დიდ უმრავლესობაში (36) გუბერნატორის არჩევნები შუალედური არჩევნებისას  იმართება, ხოლო დანარჩენ შტატებში გუბერნატორებს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ირჩევენ.

ფედერალური არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მხოლოდ პრეზიდენტს ირჩევენ, (პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ავტომატურად აირჩევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტიც) შტატების უმეტეს ნაწილში პირდაპირი წესით ირჩევენ არა მხოლოდ  გუბერნატორს.  ზოგიერთ შტატში არჩევითი თანამდებობების რაოდენობა 10-ს აღემატება. მხოლოდ რამდენიმე შტატშია აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე გუბერნატორი პირდაპირი წესით ასარჩევი ერთადერთი პირი. ამასთან, რიგ შტატებში მოქალაქეები პირდაპირი წესით ირჩევენ შტატის სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეებსაც.

შტატების საკანონმდებლო ორგანოებს განსხვავებული მოწყობა და სახელწოდებები აქვთ. თუმცა, როგორც წესი, შტატებს აქვთ ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო(გამონაკლისს წარმოადგენს ნებრასკის შტატი, რომლის საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანია), სადაც ქვედა პალატის წევრებს 2 წლის ვადით, ხოლო ზედა პალატისას  4 წლის ვადით ირჩევენ.

არჩევნების დღეს შტატის დონეზე რეფერენდუმის გამართვა ხშირია - შტატებში სხვადასხვა საკითხი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადის რეფერენდუმზე. ეროვნულ დონეზე რეფერენდუმი არასდროს ჩატარებულა და ამასთან, მის გამართვას არც რაიმე საკანონმდებლო საფუძველი აქვს.

 

შტატებში ჩატარებული არჩევნების გავლენა ეროვნულ პოლიტიკაზე

 ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ქვეყნის მასშტაბით ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ შტატს რამდენი წარმომადგენელი ეკუთვნის კონგრესის 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში.

მაგალითისთვის, 2002-2010 წლების არჩევნებში ოჰაიოს შტატი 18  წევრით იყო წარმოდგენელი კონგრესის ქვედა პალატაში. 2012 წლიდან კი ეს რიცხვი 16-მდე შემცირდა. მართალია, ოჰაიოს მოსახლეობა არ შემცირებულა, მაგრამ 2010 წლის მოსახლეობის აღწერამ აჩვენა, რომ ბევრ სხვა შტატში უფრო მეტად გაიზარდა მოსახლეობა; ამან გამოიწვია ოჰაიოს წარმომადგენელთა რაოდენობის პროპორციულად შემცირება.

წარმომადგენელთა პალატის წევრთა საარჩევნო ოლქების საზღვრებს (მოსახლობის საყოველთაო აღწერის ჩატარების შემდეგ მალევე), როგორც წესი,  10 წლის ვადით ადგენს ამავე შტატის საკანონმდებლო ორგანო და გუბერნატორი, (ზოგ შტატში ამ საქმით კავდება სპეციალურად შექმნილი დამოუკიდებელი კომისიები, თუმცა მათ დამოუკიდებლობას ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ)  რომლებიც ცდილობენ საარჩევნო ოლქები იმგვარად გადაჯგუფდეს, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის არჩევნებში მათმა პარტიამ მოიპოვოს უპირატესობა. ეს პროცესი „ჯერიმენდერინგის“ სახელითაა ცნობილი და ფედერალურ დონეზე მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის არჩევნებს ეხება - აშშ-ის პრეზიდენტის და სენატის წევრთა არჩევისას საარჩევნო ოლქის საზღვრები შტატის საზღვრებს ემთხვევა. მოსახლეობის შემდეგი საყოველთაო აღწერა 2020 წელს გაიმართება. შესაბამისად, გუბერნატორებსა და კანონმდებლებს, რომლებიც 2020-2022 წლებში იქნებიან ხელისუფლებაში, საშუალება ექნებათ განსაზღვრონ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საარჩევნო ოლქების საზღვრები 2022-2030 წლების არჩევნებისათვის. 2020-2022 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ყველა გუბერნატორი და კანონმდებელი 2018 ან 2020 წლებში აირჩევა.

ფედერალური და შტატის თანამდებობების გარდა, არჩევნები ტარდება ადგილობრივ დონეზეც (მერები, მუნიციპალური საბჭოები), თუმცა მათ შედეგებს ამერიკის ფედერალურ პოლიტიკაზე პირდაპირი გავლენა არ აქვს.

2018 წლის შუალედური არჩევნების შედეგები

აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ტრადიციულად ამომრჩეველთა აქტივობა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ბევრად დაბალია. წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.2% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რაც კი აშშ-ის რომელიმე შუალედურ არჩევნებზე ყოფილა 1914 წლის შემდეგ. შედარებისათვის, წინა შუალედურ არჩევნებზე (2014) ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 37% შეადგინა.

2018 წლის შუალედურ არჩევნებამდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტია უმრავლესობით იყო წარმოდგენილი კონგრესის ორივე პალატაში. ამავდროულად, მმართველი პარტია დომინირებდა შტატების საკანონმდებლო ორგანოებში და შტატების ორი მესამედი (33) რესპუბლიკელი გუბერნატორით იმართებოდა.

შუალედურმა არჩევნებმა მმართველი პარტიის ეს დიდი უპირატესობა მოშალა - პარტიამ რვა წლის განმავლობაში პირველად დაკარგა უმრავლესობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ამ მარცხის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ 2010-2012 წლებში განხორციელებული ჯერიმენდერინგის შედეგად წარმომადგენელთა პალატის მოქმედი საარჩევნო ოლქები მნიშვნელოვნად რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ არის დაჯგუფებული. პარტიამ მარცხი განიცადა რიგი შტატების საკანონმდებლო ორგანოების ასევე მისთვის სასარგებლოდ შედგენილ არაერთ საარჩევნო ოლქშიც. ამასთან, რესპუბლიკურმა პარტიამ შტატის აღმასრულებელი ხელისუფლება (გუბერნატორის ოფისი) 6 შტატში დაკარგა. მართალია, რესპუბლიკური პარტია აღმასრულებელ ხელისუფლებას რაოდენობრივად მაინც უფრო მეტ შტატში ინარჩუნებს, აღსანიშნავია, რომ დემოკრატი გუბერნატორის მყოლ 23 შტატში აშშ-ის მოსახლეობის გაცილებით უფრო დიდი ნაწილი (დაახლოებით ორი მესამედი) ცხოვრობს, ვიდრე რესპუბლიკელი გუბერნატორის მყოლ 27 შტატში. თუმცა, რესპუბლიკურმა პარტიამ გუბერნატორის პოსტი შეინარჩუნა ისეთ დიდ და ამავდროულად პოლიტიკურად მერყევ შტატებში, როგორიცაა ფლორიდა და ოჰაიო, რაც მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

რესპუბლიკურ პარტიას სხვა უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ჰქონდა - მისი უმრავლესობა აშშ-ის სენატში არათუ შენარჩუნდა, არამედ მცირედით გაიზარდა კიდეც (51-დან 53-მდე 100-წევრიან ორგანოში). წელს გამართული 35 სენატორის არჩევნებიდან, ბევრად მეტში (24) გაიმარჯვა დემოკრატმა კანდიდატმა, ვიდრე რესპუბლიკელმა (11) მაშინ, როცა 35 არჩევნებიდან 18 ისეთ შტატში გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა ოპონენტი ჰილარი კლინტონი დაამარცხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამასთან, იმ 4 შტატიდან, სადაც დემოკრატი სენატორი რესპუბლიკელით ჩანაცვლდა, 3 ე.წ. წითელი (მტკიცედ რესპუბლიკური) და 1 - ე.წ. იასამნისფერი (ტრადიციულად, ორ პარტიას შორის მერყევი) შტატია, ხოლო იმ 2 შტატიდან სადაც დემოკრატმა ჩაანაცვლა რესპუბლიკელი, 1 წითელია და 1 იასამნისფერი. გამოდის, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ რეალურად აქაც წააგო და უმრავლესობის შენარჩუნებას (და ზრდას) სენატის არჩევნების ამ კონკრეტული ციკლის გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე მიაღწია.

7 ნოემბერს, არჩევნების პირველადი შედეგების შემოსვლის შემდეგ, გავრცელდა აზრი, რომ დემოკრატების მცირე უპირატესობის მიუხედავად, აშკარა გამარჯვებულ არჩევნებს არ გამოუვლენია. თუმცა, არჩევნების დღიდან თითქმის ორი კვირის გასვლის და მილიონობით დაუთვლელი ხმების ტაბულაციის შემდეგ ნათელია, რომ ლურჯი (დემოკრატიული პარტიის გამარჯვების) ტალღა თუ არა, გარკვეული მოქცევა მაინც იყო. ამავდროულად, ტრამპის ამომრჩეველმაც ენთუზიაზმით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რითაც ტრადიციულად რესპუბლიკურ უბნებში დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანა.

პარტია

სენატორი

წარმომადგენელი

გუბერნატორი

რესპუბლიკური

53 (+2)

201 (-39)

27 (-6)

დემოკრატიული

45 (-2)

234 (+39)

23 (+7)

დამოუკიდებელი

2 (±0)

0 (±0)

0 (-1)

 

 

 

 

 

II. მნიშვნელობა

შუალედური არჩევნები ხშირად იმის კარგი მაჩვენებელია, თუ რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა პრეზიდენტის საქმიანობით. ამ მხრივ, იმის ფონზე, რომ აშშ-ის ეკონომიკა შესაშურად ძლიერ პოზიციაშია და უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, რაც კი დაფიქსირებულა 1969 წლის მერე, არჩევნების შედეგები ტრამპის პოპულარობაზე და ორი წლის შემდეგ ხელახლა არჩევის შანსებზე მაინცდამაინც კარგად არ მეტყველებს.

კონგრესის ერთ-ერთ პალატაში ოპოზიციაში მყოფი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება ნებისმიერ პრეზიდენტს ურთულებს მმართველობას: ბევრი ძირეული საარჩევნო დაპირების შესრულებას, ასევე დღის წესრიგში არსებული რეფორმის გატარებას კანონშემოქმედებითი საქმე უდევს საფუძვლად. კონგრესის შერეული მართვის პირობებში კი, რთულია ინიციატივებზე კონგრესის ორივე პალატის თანხმობის მოპოვება, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური გარემო ისეთი პოლარიზებულია, როგორიც ეს პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პირობებშია.

შესაბამისად, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ფედერალურ დონეზე რაიმე ძირეული რეფორმის გატარების ალბათობა მინიმუმამდეა დასული. მაგალითად, თუ 2017 წელს რესპუბლიკური პარტიის მიერ კონტროლირებადმა კონგრესმა მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმები გაატარა და ძალზე ახლოს იყო პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორმების გაუქმებასთან (მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა სენატში), ამგვარი ამბიციური საკანონმდებლო ინიციატივები მომავალი ორი წლის განმავლობაში დღის წესრიგში ვერ დადგება.

პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკის რიგ წინადადებებს ისედაც ორივე პარტია უპირისპირდება. მაგალითად, ტრამპის წინადადებები რადიკალურად შემცირებულიყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ბიუჯეტი და მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილიყო თანხები, დაიბლოკა მისივე პარტიის მიერ კონტროლირებულ კონგრესში. ასევე, ტრამპის ნების საწინააღმდეგოდ, კონგრესმა დიდი უმრავლესობით დააკისრა დამატებითი სანქციები რუსეთის ფედერაციას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. ფართო ორპარტიული თანხმობის მქონე ამ და მსგავს საგარეო საკითხებზე არსებული კონსენსუსი შუალედური არჩევნების შემდეგაც, სავარაუდოდ, შენარჩუნდება.

მიუხედავად ამისა, ტრამპს რჩება შესაძლებლობა და მოტივაცია, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებს მეტი დრო და ენერგია დაუთმოს მომავალში. ამას, ძირითადად, ორი ფაქტორი განაპირობებს:

1) არჩევნების შედეგად, პრეზიდენტის გავლენა საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე არ შეზღუდულა. ამ სფეროში შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ზოგადად, ფართო დისკრეციებით სარგებლობს. ამასთან, წარმომადგენელთა პალატა, სადაც ახლა დემოკრატებმა მოიპოვეს უმრავლესობა, არ მონაწილეობს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების საკვანძო პოზიციებზე (კაბინეტის წევრები, ელჩები, მოსამართლეები) კადრების შერჩევაში თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებაში - ამ პოზიციებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს სენატი ამტკიცებს, ისევე, როგორც პრეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნებთან დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას მხოლოდ სენატი ახდენს.

2) იქიდან გამომდინარე, რომ კონგრესის შერეული მართვის პირობებში, ქვეყნის შიდა პოლიტიკა გარკვეულწილად მაინც  შებორკილი იქნება, ტრამპს უფრო მეტი რესურსი და შესაძლებლობა გამოუთავისუფლდება საგარეო პოლიტიკისთვის. ამასთან, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩვენების წინ მას უფრო მეტი მოტივაციაც უჩნდება გააქტიურდეს საგარეო პოლიტიკაში.

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.