X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

რა ეკონომიკური ზარალი მიადგა თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2023

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 59

 

6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ათეულ ათასობით ადამიანი დაიღუპა (15 თებერვლის მდგომარეობით, 35 418 ადამიანი იყო დაღუპული) და დაშავდა. 

ადამიანური ტრაგედიების გარდა, ამ ბუნებრივ კატასტროფას აქვს ეკონომიკური განზომილებაც, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს თურქეთში დაგეგმილ არჩევნებზე. რა სახის ეკონომიკური ზარალი განიცადა თურქეთმა?

თურქეთს მიწისძვრამდეც ჰქონდა ეკონომიკური სირთულეები, მაგრამ ახლა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა ქვეყნის 10 პროვინციაში და ამა თუ იმ ფორმით 13,5 მლნ ადამიანს შეეხო.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ დაზარალებული ოჯახები 10 000 ლირას (დაახლოებით 531$) მიიღებენ და რომ სახელმწიფო აღადგენს ათასობით დანგრეულ შენობას. ასევე დასანგრევი და შემდეგში ხელახლა ასაშენებელია ის უამრავი შენობაც, რომლებიც გამოუსადეგარი გახდა საცხოვრებლად.

სახელმწიფომ მილიონზე მეტ ადამიანს კარვები გამოუყო დროებით საცხოვრებლად. თუმცა ათეულ ათასობით მათგანი, უკეთეს პირობებში ცხოვრების იმედით, თურქეთის დიდი ქალაქებისკენ დაიძრა. ამან კი უმალ გაზარდა უძრავი ქონების შეძენისა და დაქირავების ფასები მთელ თურქეთში, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ინფლაციის ისედაც  მაღალ დონეზე. 

ზემოხსენებული 10 გუბერნია თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 9%-ს ქმნიდა. მიწისძვრამ იქ არსებული ფაბრიკა-ქარხნებიც დააზიანა. მათი დაზიანების, ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილის რეგიონიდან გადინების გამო ბევრი მათგანი ვეღარ შეძლებს მალევე ამუშავებასა და პროდუქციის წარმოებას.

ამრიგად, მიწისძვრა უარყოფითად აისახება თურქული პროდუქციის ექსპორტზეც. ეს 10 გუბერნია ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 8,5%-ს (21,5 მლრდ $) აწარმოებდა, რაც მიწისძვრის შემდეგ, ბუნებრივია, საგრძნობლად შემცირდება.

წინასწარი დაანგარიშებით, დანგრეული კერძო სახლებისა და კორპუსების აგებას დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარი დასჭირდება. ასევე მრავალი მილიარდი იქნება საჭირო დაზიანებული საზოგადოებრივი შენობებისა (სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და ა.შ.) და ინფრასტრუქტურის (ელექტროგადამცემი ხაზები, ბუნებრივი აირისა და წყლის მილები, გზები და ა.შ.) აღსადგენად.

თურქეთი ამ სირთულეების დასაძლევად საერთაშორისო დახმარებასაც მიიღებს, მაგრამ ხარჯების დიდი ნაწილის გაღება მაინც საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწევს. ეს კი, ცხადია, გაზრდის დეფიციტს და თურქული ლირის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს.

ზემოხსენებული ეკონომიკური სირთულეები კი, ერთობლიობაში, შესაძლოა უარყოფითად აისახოს თურქეთში მაისისთვის დაგეგმილ მეტად მნიშვნელოვან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის თურქეთში უკვე დაწყებულია მსჯელობა ამ არჩევნების შემოდგომისკენ გადატანის შესაძლებლობაზეც.  

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.