რონდელის ბლოგი
დაძაბულობა ადგილობრივ მუსლიმურ თემსა და დაღესტნის სულიერ დირექტორატს შორის სოფელ აღვალში
ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი
2021 წლის 20 აგვისტოს დაღესტნის მთიანი სოფელ აღვალიში ადგილობრივ საზოგადოებასა და სხვა რეგიონის რელიგიურ აქტივისტებს შორის დაძაბულობა კონფლიქტის ზღვრამდე მივიდა. სოფელში გაგზავნილმა პოლიციის ჯგუფებმა მოახერხეს ძალადობის აღკვეთა. კონფლიქტი წარმოიშვა ადგილობრივ მუსლიმურ საზოგადოებასა და დაღესტნის მუსლიმთა სულიერ დირექტორატს შორის (შემდგომში: სამუფტო) ადგილობრივ მეჩეთში იმამის პოზიციის გამო. კონფლიქტი დაიწყო 16 აგვისტოს, როდესაც 20-კაციანი ჯგუფი შეიკრიბა აღვალის მეჩეთში. მეჩეთის ამჟამინდელმა იმამმა რამაზან ისაევმა მიიწვია იმამ აშარის სახელობის ხასავიურტის ისლამური უნივერსიტეტის ლექტორი შუაიბ ალიევი რელიგიურ თემებზე საჯარო დისკუსიის გასამართად. ალიევმა ისაევს სოციალური მედიის საშუალებით უპასუხა და დაადანაშაულა იგი „მესამე პირებთან“ კავშირში და ადგილობრივი იმამის უკანონო გზით შეცვლაში. მიუხედავად იმისა, რომ ალიევი ჩავიდა აღვალში და მზად იყო მონაწილეობა მიეღო საჯარო დებატებში, ეს რელიგიური დისკუსია ჩხუბით დასრულდა. მეორე დილით პოლიციის ჯგუფებმა სოფელი ალყაში მოაქციეს, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი ესკალაცია. სამუფტოს წარმომადგენლებისა და მისი აქტიური მხარდამჭერების ათობით მანქანა ჩავიდა აღვალში სხვადასხვა რეგიონებიდან. სოფლის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ სოფლის შესასვლელთან, რათა თავიდან აეცილებინათ დაუპატიჟებელი სტუმრების შესვლა. დაძაბულობა აღვალში არის ადგილობრივ მუსლიმურ საზოგადოებასა და რუსეთის მუსლიმურ რეგიონებში ოფიციალურ სასულიერო ორგანოებს შორის ურთიერთობის მაგალითი.
აღვალი დაღესტნის ისლამურ ლანდშაფტში
სოფელი აღვალი, 2781 მოსახლეობით, ეთნიკური ხუნძების სამშობლოა და მდებარეობს დაღესტნის წუმადის რაიონში – მთიან რეგიონში, რომელიც ესაზღვრება საქართველოს. რეგიონი მრავალენოვანია და ხუნძურ გარდა, რომელსაც ადგილობრივები იყენებენ, როგორც საერთო სალაპარაკო ენას (lingua-franca), ზოგიერთ სოფელში ასევე ლაპარაკობენ დიდოურ, ხვარშიულ, ანდიურ, ტინდიურ, ჭამალურ და ბაგვალურ ენებ. მცირე ზომისა და მოსახლეობის მიუხედავად, წუმადაში დაბადებულმა ბევრმა მუსლიმმა სასულიერო პირმა მიაღწია მაღალ თანამდებობას რესპუბლიკის სასულიერო იერარქიაში. მაგალითად, ხასავიურტის ისლამური უნივერსიტეტის დამფუძნებელი მუჰამედ-საიდ აბაკაროვი, რომელიც 1970-იან წლებში მართავდა არალეგალურ ისლამურ მადრასას, დაიბადა წუმადის რაიონში. კანცლერი და ამ დაწესებულების ლექტორთა უმრავლესობა წარმოშობით ასევე არიან ზემოხსენებული რეგიონიდან. წუმადის რაიონის სოფლის მეჩეთებში იმამების უმრავლესობა ასევე არიან ხასავიურტის ისლამური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. ერთი სიტყვით, ხასავიურტის უნივერსიტეტმა წარმოქმნა მუსლიმი აქტივისტების დიდი და ძლიერი ჯგუფი. უნივერსიტეტი მკაცრად მისდევს სუნიტური ისლამის შაფიის სკოლას და აშარიტულ აყიდას (მრწამსს), რაც არ ეწინააღმდეგება სამუფტოს ოფიციალურ ხაზს. მიუხედავად ამისა, დაღესტნის სამუფტოს უმაღლესი ეშელონები დაპირისპირებული არიან წუმადის ჯგუფთან და მის წევრებს განიხილავენ, როგორც პოტენციურ მეტოქეებს.
დაღესტნის სამუფტო
დაღესტნის სამუფტი არის ერთადერთი აღიარებული სასულიერო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რესპუბლიკის მუსლიმურ თემებზე. დღესდღეობით, დაღესტნის სამუფტოს ხელმძღვანელობაში ძირითადად დომინირებენ ეთნიკური ხუნძები – ძირითადად სუფი შეიხ საიდის, იმავე აფანდი ჩერქეზელის (იგი 2012 წელს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებაში დაიღუპა) მოწაფეები. დაღესტნელი ექსპერტის აჰმედ იარლიკაპოვის თქმით, დაღესტნის სამუფტო არის ერთ -ერთი ყველაზე გავლენიანი ისლამური ორგანიზაცია რუსეთში, რომელიც აკონტროლებს არა მხოლოდ დაღესტნის სასულიერო ცხოვრებას, არამედ კონკურენციას უწევს თათრულ და ჩეჩნურ სასულიერო საბჭოებს მეჩეთების ხელმძღვანელობაში რუსეთის იმ დიდ ქალაქებში, რომლებიც გამოირჩევიან მუსლიმი სამუშაო მიგრანტების მაღალი კონცენტრაციით.
მიუხედავად ამისა, დაღესტანში არიან მუსლიმები, რომლებიც არ ეთანხმებიან სამუფტოს პოლიტიკას. ორგანიზაციას ორი ძირითადი მიმართულებით აკრიტიკებენ. პირველი სადავო საკითხი არის, ნებადართული და სამუფტოს წევრების მიერ შესრულებული ზოგიერთი სუფისტური რიტუალი. სალაფიტები გმობენ ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა მომლოცველობა შეიხის საფლავებზე ანდა წმინდანთა კულტის არსებობა, და არ მიიჩნევენ სამუფტოს ლიდერებს მუსლიმებად. დაღესტნის სამუფტო ახორციელებდა მკაცრ ღონისძიებებს სალაფიტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, მეჩეთების კონტროლის თვალსაზრისით. სამუფტო კრიტიკის მეორე მიზეზი არის მისი ერთგულება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. დღემდე, დაღესტნის სამუფტო არასოდეს გაუკრიტიკებია არც დაღესტნის და არც რუსეთის ფედერალური მთავრობა. უფრო მეტიც, ბიზნესსა და კორუფციულ სქემებში ჩართვით სამუფტო გახდა რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალის ნაწილი. ყველა ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სამუფტო რეპუტაციაზე დაღესტანში.
მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მეჩეთების გარშემო შემოკრებილი სოფლის თემები (ჯამაათები) გადაიქცნენ დინამიკურ სამოქალაქო ჯგუფებად და მნიშვნელოვან არასამთავრობო აქტორებად თავიანთ მშობლიურ რეგიონებში. ბევრ რეგიონში, ადგილობრივი ჯამაათები ჩართული იყვნენ სოფლის მოსახლეობის მობილიზაციაში მიწის დავის დროს და ასევე ზოგიერთი ინფრასტრუქტურული საკითხის ადვოკატირების პროცესში. დაღესტანში ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის არარსებობის პირობებში, ადგილობრივი ჯამაათები შედიან იმ მცირერიცხოვანი ორგანიზაციების სიაში, რომელთაც შეუძლიათ საზოგადოების პრობლემების ადვოკატირება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მთავრობა და დაღესტნის რელიგიური ხელისუფლება ცდილობენ რესპუბლიკის რელიგიურ ცხოვრებაზე სრული კონტროლის დაწესებას და, შესაბამისად, სამუფტო არ დაუშვებს არცერთი დამოუკიდებელი ჯგუფის არსებობას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა წინააღმდეგობები დოქტრინალურ საკითხებში.
აღვალში დაძაბულობა ცხადყოფს დაღესტანში მიმდინარე რთულ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესს. ერთი მხრივ, ადგილობრივი სასულიერო დირექტორატი ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას რესპუბლიკის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ; მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითორგანიზებული ჯგუფები აქტიურდებიან თავიანთი დასახლებების გარე გავლენისგან დასაცავად და ადვოკატირებენ მათ წინაშე არსებულ პრობლემებს რესპუბლიკურ დონეზე.