X

განცხადებები

სასწავლო პროგრამა საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად

2023 / 06 / 01

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2023 წლის სასწავლო პროგრამაში -„საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში“ - მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის პროცესში.

6-თვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებსა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში. ლექციების მიმდინარეობის პარალელურად პროგრამის მონაწილეები ფონდის მენტორების უშუალო ხელმძღვანელობით საკუთარი უწყებისათვის აქტუალურ საკითხებზე შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელთა საჯარო განხილვაც გაიმართება სასწავლო პროგრამის ბოლოს. საუკეთესო ნაშრომები კი დაიბეჭდება ცალკე პუბლიკაციად.

სასწავლო კურსი დაიწყება 2023 წლის სექტემბერში და გაგრძელდება 2024 წლის მარტამდე. ლექციებს დაეთმობა 4 თვე (სექტემბერი-დეკემბერი), დანარჩენი ორი თვე (იანვარი-თებერვალი) კი პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის დასრულებას. ლექციები გაიმართება ფონდის ოფისში (შიო ჩიტაძის 3ა) კვირაში სამჯერ, სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გარდა), 19:00-დან 21:00 საათამდე.  სამუშაო ენა არის ქართული.  

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ძირითადი მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება, საჯარო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით. 

შერჩევის პროცესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, თქვენი უწყებიდან ოფიციალური წარდგინების/თანხმონის წერილთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: [email protected];  წარდგინების წერილი გულისხმობს უშუალო ხელმძღვანელის ან სხვა ზემდგომი პირის წერილობით თანხმობას/წარდგენას აღნიშნულ პროგრამაში თქვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივლისი, 18:00 სთ.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს, ხატია შალამბერიძეს: ტელ.: 032 2 47 35 55;

პროგრამას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ახორციელებს 2009 წლიდან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.