X

კონფერენციები და სემინარები

პოლიტიკის სემინარი - „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობა: კავკასიის ევროპული მომავლის განსაზღვრა“

2009 / 07 / 31

2009 წლის 30-31 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების   კვლევის ფონდში გაიმართა პოლიტიკური სემინარი - „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობა: კავკასიის ევროპული მომავლის განსაზღვრა“.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი,  ევროკომისიის დელეგაციის საქმეთა მდივანი რობერტ ლიდელი და დაახლოებით 20-მდე სამთავრობო სტრუქტურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტთა წრეების (მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის) წარმომადგენელი  დაესწრო.

სემინარის პირველი სესია - „ევროპის  სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო პროგრამების განხორციელების მეორე წლის შედეგები - პროგრესი, უკუსვლა და გაკვეთილები“ (თავჯდომარე კახა გოგოლაშვილი) მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელების ამჟამინდელი ვითარების გაცნობას.  გამომსვლელებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების  მისწრაფებანი ევროკავშირთან სწრაფი დაახლოების გზაზე; რა სახის სირთულეები და სხვა ფაქტორები აფერხებს ამ მიზნის მიღწევას. ქეთევან ვაშაკიძემ (ევრაზიის ფონდი, საქართველო) და მიხეილ მირზიაშვილმა (კრიზისული მენეჯმენტის ინიციატივა, ბრიუსელი) იმსჯელეს პრეზენტაციების შესახებ.

მეორე სესიის - „აღმოსავლეთ პარტნიორობა: აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაციის დამაჩქარება; დაახლოების ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებები“ (თავმჯდომარე ბადრი ქოჩორაძე, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, საქართველო) - დროს ევროკავშირის  მიერ ინიცირებული პოლიტიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ ევროპულ სამეზობლო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და  გაძლიერებას. გამომსვლელებმა - კლაუდიუს მანიოკასმა  (ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი, ლიტვა) და ვასილ ჭყოიძემ  (ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრი, საქართველო), წარმოადგინეს  მოსაზრებები იმ მექანიზმებსა და გზებზე თუ როგორ უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ევროკავშირის თანამშრომლობისათვის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზის განვითარების სტიმულირება და ამასთან კონკრეტულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელება.

სემინარის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.