X

კონფერენციები და სემინარები

ქართველი და პოლონელი ექსპერტების სემინარი

2015 / 03 / 25

2015 წლის 25 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ქართველი და პოლონელი ექსპერტების სემინარს „საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ: რეფორმები და უსაფრთხოების გამოწვევები“. 

ღონისძიება საქართველოში პოლონეთის  საელჩოს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (PISM) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და ორივე ქვეყნის საექსპერტო  წრეების, ასევე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.  

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორმა მარჩინ ზაბაროვსკიმ.

შეხვედრაზე  შესავალი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრეი ჩიეჟკოვსკი. საგარეო საქმეთა მინისტრი და საპატიო ელჩი მიესალმნენ დროული და საინტერესო შეხვედრის ორგანიზების იდეას და ხაზი გაუსვეს ქართველი და პოლონელი პარტნიორების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.

სემინარის მსვლელობისას ექსპერტებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ განვითარებული მოვლენები - რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და  ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.