X

კონფერენციები და სემინარები

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი 2015

2015 / 10 / 27

2015 წლის 26-27 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ საქმეთა ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების რიგით მესამე ფორუმი. 

ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ესწრებოდნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დანიელ იონიტა, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარიუს ველიჩკა, ასევე საქართველოს გენერალური შტაბისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ექსპერტები კვლევითი ინსტიტუტებიდან. 

კონფერენცია გახსნეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა,  ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ საქმეთა ცენტრის დირექტორმა რობერტ ონდრეჟსაკმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა. პირველ დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“. 

რეგიონალური ფორუმის პირველ დღეს განსახილველი საკითხები შეეხებოდა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და საქართველოს, როგორც ნატოს ერთგულ ასპირანტ ქვეყანას. დარგობრივი დისკუსიები გაიმართა შემდეგ თემებზე: ინფორმაციული უსაფრთხოება (მირეკ ტოდა, ჟურნალისტი, „დენიკ ენი“ სლოვაკეთის პრესა) და ნატოს პარტნიორობა 2016 წლის ვარშავის სამიტამდე (პიტერ ბატორი, სლოვაკეთის პრეზიდენტის მრჩეველი). პირველი დღე დასრულდა საზეიმო ვახშმით. 

ფორუმის მეორე დღე  გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. კვლევითი ინსტიტუტები და მედიის წარმომადგენლები უძღვებოდნენ დარგობრივ სესიებს შემდეგ თემებზე: ჰიბრიდული ომი და გავლენა ნატოს პარტნიორ სახელმწიფოებზე, შავი ზღვა - სამხედრო ბალანსი და რეგიონული თანამშრომლობა, ცვლილებები შუა აღმოსავლეთში - ერაყის ისლამური სახელმწიფო და ალ-შამი, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები.  

ღონისძიების დასასრულს ფორუმის მონაწილეებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს. 

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდა 50-მდე გამომსვლელი და მოდერატორი სხვადასხვა ქვეყნიდან: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, მოლდოვიდან და ჩეხეთიდან.  

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი ყოველწლიურად იმართება და საჯარო პოლიტიკის შემქმნელებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ განიხილონ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ფორუმს მხარს უჭერს ვიშეგრადის ფონდი და ნატო.  

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.