X

კონფერენციები და სემინარები

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი

2018 / 05 / 17

2018 წლის 16-17 მაისს თბილისში, სასტუმრო “Holiday Inn”-ში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, სლოვაკეთის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი“.

„სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი“ 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო უსაფრთხოების პლატფორმას წარმოადგენს. იგი აერთიანებს ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამეცნიერო წრეების, კვლევით ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, რომლებიც განიხილავენ რეგიონში მიმდინარე პროცესებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

ფორუმის პირველ დღეს დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა ონდრეი ზაჩამ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა. კონფერენციაზე ნატო საკითხებთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ლევან იზორია, რომელმაც აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად განიხილა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები.

ღონისძიების მეორე დღე ოფიციალურად გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა დავით დონდუამ, რომელმაც შეაფასა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

ორდღიან კონფერენციაზე მომხსენებლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, ნატო და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კრიზისები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, სამხრეთ კავკასიის გამოწვევები, რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები და სხვა.

„სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმის“ სტრატეგიული პარტნიორები არიან: შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida), საქართველოში აშშ-ის საელჩო, შავი ზღვის ნდობა რეგიონული თანამშრომლობისთვის (Black Sea Trust for Regional Cooperation), საქართველოში ლიტვის საელჩო და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.