X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

2020 / 03 / 11

2020 წლის 9 მარტს რონდელის ფონდში გაიმართა პროგრამის  „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიულ შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების ტექნიკაში“ 2018-2019 წლის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია.

კურსის დასრულება მონაწილეებს მიულოცეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა. ღონისძიებას, გარდა პროგრამის მონაწილეებისა, ესწრებოდნენ სასწავლო კურსების ლექტორები, მათ შორის,  რონდელის ფონდის მკვლევრები, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში ჩაატარეს ლექციები და მონაწილეებს პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას გაუწიეს მენტორობა. სასწავლო კურსის ყველა მონაწილემ ინდივიდუალურად შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელთაგან შერჩეული ნაწილი პუბლიკაციის სახით დაიბეჭდა და საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეებს გადაეცა.    

რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით და ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით (ESD). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას პოლიტიკის შემუშავებასა და მოლაპარაკების წარმართვაში. 2009 წლიდან დღემდე ამ პროგრამაში სხვდასხვა საჯარო უწყებიდან მონაწილეობა მიიღო 280-მდე საჯარო მოხელემ.   

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.