X

ლექციები და ტრენინგები

პროფესორ ლუიზ დოსვალდ-ბეკის საჯარო ლექცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში

2006 / 10 / 05

2006 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა პროფესორ ლუიზ დოსვალდ-ბეკის საჯარო ლექციას. 2003 წლიდან დღემდე დოსვალდ-ბეკი პროფესორია საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ინსტიტუტში და ხელმძღვანელობს საერთაშოროსისო ჰუმანიტარული სამართლის საუნივერსიტეტო ცენტრს.

პროფესორმა დოსვალდ-ბეკმა აკადემიური კარიერა 1975 წელს დაიწყო. ის იყო საერთაშორისო სამართლის ლექტორი ექსეტერის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის უნივერსიტეტში, სამაგისტრო კურსის ფარგლებში, კითხულობდა ლექციებს ძალის გამოყენებისა და შეიარაღებული კონფლიქტის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ.

1987-2001 წლებში პროფესორი დოსვალდ-ბეკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის იურიდიული მრჩეველი იყო, 1998 წლიდან კი იურიდიული დანაყოფის ხელმძღვანელი გახდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მუშაობისას პროფესორმა დოსვლად-ბეკმა დიდი წვლილი შეიტანა ისეთი მოლაპარაკებების წარმართვაში რომელთა შედეგად გაჩნდა ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმი, ისეთ როგორიცაა: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება და დანაშაულთა ელემენტები; ზოგიერთი სახეობის ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ კონვენციის II (შესწორებული) და IV პროტოკოლები; ოტავის კონვენცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შესახებ; კულტურული საკუთრების დაცვის შესახებ ჰააგის კონვენციის II პროტოკოლი და ზღვაზე შეიარაღებული კონფლიქტის წარმოების სან რემოს სახელმძღვანელო.

2001 წლის მარტიდან, 2003 წლის აგვისტომდე, პროფესორი დოსვალდ-ბეკი იყო იურისტთა საერთაშორისო კომისიის გენერალური მდივანი. აღნიშნული ორგანიზაცია ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვას, კანონის უზენაესობის მეშვეობით.

პროფესორი დოსვალდ-ბეკის არაერთი ნაშრომი ეძღვნება ძალის გამოყენების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კვლევა საერთაშორისო ჩვეულებითი ჰუმანიტარული სამართლის შესახებ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.