X

ლექციები და ტრენინგები

პროექტ „ბერძენი ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოში“ დასრულების ღონისძიება

2008 / 04 / 24

2008 წლის 24 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტ „ბერძენი ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოში“ დასრულების ცერემონია. ერთწლიან პროექტს ერთობლივად აფინანსებდნენ საბერძნეთისა და შვეიცარიის საელჩოები საქართველოში. პროექტში ჩართული იყო ბერძნული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თორმეტი ახალგაზრდა ლიდერი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბერძნული ეთნიკური უმცირესობის საქართველოს სახელმწიფოში მეტი ინტერგრაციის ხელშემწყობ, სპეციალურად შემუშავებულ, პროგრამაში. მონაწილეები შეირჩნენ საქართველოს ყველა რეგიონიდან და თბილისიდან. სტუდენტებმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ლექციები მოისმინეს ისეთ თემებზე როგორებიცაა, საერთაშორისო ურთიერთობები, გლობალიზაცია, ეკონომიკა და  საჯარო ადმინისტრირება. ტრენინგის ფარგლებში მათ სტაჟირება გაიარეს საქართველოს პარლამენტში, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარებისა და კულტურის სამინისტროებში.

პროექტის წარმატების მანიშნებელია ის ფაქტი, რომ პროგრამის ზოგიერთი კურსდამთავრებული უკვე დასაქმდა საქართველოს საჯარო სამსახურში და ღირსებით ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატებს.

პროექტის დახურვის ცერემონიის  საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მისი უმაღლესობა, შვეიცარიის ელჩი საქართველოში, ლორენცო ამბერგი; საბერძნეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე კატრანისი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი  და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, იულონ გაგოშიძე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.