X

ლექციები და ტრენინგები

"ჩემი სამყაროს" ვიქტორინა გურიასა და მთიან აჭარაში

2017 / 06 / 09

2017 წლის 8-9 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) პროექტ „ჩემი სამყაროს“ ფარგლებში, ხულოსა და ჩოხატაურის რესურსცენტრების მხარდაჭერით, დაბა ხულოსა და სოფელ ზოტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებისათვის ჩაატარა ვიქტორინა, რომელშიც 70-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

პროექტი „ჩემი სამყარო“, გარდა კვარტალური ჟურნალების „ჩემი სამყარო“ გამოცემისა, რომელიც რიგდება აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სკოლებში ზუგდიდსა და  წეროვანში, ასევე თბილისის რამდენიმე სკოლასა და რეგიონებში,  მოიცავს ამ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების საფუძველზე ვიქტორინების ჩატარებას.

ვიქტორინაში საუკეთესო შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც დასაჩუქრდებიან პრიზებით.

პროექტი „ჩემი სამყარო“ რონდელის ფონდში 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის - „ჩემი სამყარო“ - გამოცემა. ეს არის საკითხავი უფროსკლასელებისთვის, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემასა და სფეროს. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, საინტერესო ამბებსა და მოვლენებს, დიდ და ქვეყნისა თუ კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან ადამიანებს. „ჩემი სამყარო“ გამოდის სამ თვეში ერთხელ, ყოველ ნომერში არის 9 რუბრიკა და კროსვორდი, რომელიც შედგენილია წინა ნომრებში გამოქვეყნებული მასალის  მიხედვით. სტატიები იწერება საგანგებოდ ამ ჟურნალისათვის. ტირაჟი არის 2000 ცალი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.