ლექციები და ტრენინგები
სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთი
2019 წლის 4-8 მარტს, პროგრამის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში, რონდელის ფონდისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო საქართველოს საჯარო მოხელეების სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთში.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღო პროგრამაში ჩართულმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 27-მა თანამშრომელმა.
სასწავლო ვიზიტი ტალინში მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო მოხელეებისათვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მთავარი საკითხების უკეთ გაცნობასა და იმ უნარ-ჩვევების გაღრმავებას, რაც ესაჭიროება საერთაშორისო ურთიერთობებისა და მოლაპარაკების წარმართვის სფეროებს.
ვიზიტის დროს მონაწილეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა სემინარი, კერძოდ: ესტონეთის თავდაცვის ძალებისა და სისტემის, საერთაშორისო სამართლის, ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკური გამოწვევების, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ციფრული დიპლომატიისა და სხვა სფეროებში.
ტრენინგის მონაწილეები, საკუთარი პროფილის შესაბამისად, ინდივიდუალურად შეხვდნენ ესტონელ კოლეგებს სხვადასხვა საჯარო უწყებაში, მოინახულეს ესტონეთის პარლამენტი, ესტუმრნენ ევროპული კომისიის წარმომადგენლობას ესტონეთში და შეხვდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს.
ვიზიტის ბოლოს ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორმა ეკე ნომმა პროგრამის მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
პროგრამა ხორციელდება რონდელის ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.