X

შეხვედრები და დისკუსიები

პანკისის ხეობაში პროექტ „ჩემი სამყაროს“ მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

2020 / 08 / 12

2020 წლის 11 აგვისტოს, სოფელ ჯოყოლოში გაიმართა პროექტში „ჩემი სამყარო“ მონაწილე პანკისის ხეობის სკოლების უფროსკლასელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კეტრინ შვაიცერი.

პროექტში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ საფუძველზე ჩატარებულ ვიქტორინაში ნაჩვენები შედეგებისა და პროექტში აქტიური მონაწილეობის საფუძველზე. გამარჯვებულებს და მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.

პროექტი „ჩემი სამყარო“ რონდელის ფონდში მიმდინარეობს 2013 წლიდან, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებზე ცოდნის გაფართოებას. პროექტის ძირითად სამიზნე ჯგუფებია: დევნილი ბავშვები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, მაღალმთიანი აჭარის, გურიისა და პანკისის ხეობის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები.

პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: ქართულენოვანი, შემეცნებით-საინფორმაციო კვარტალური ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ გამოცემა, რომელიც რიგდება მთელი ქვეყნის მასშტაბით; სადისკუსიო კლუბების მუშაობა - რეგიონებში მოსწავლეებისათვის ტარდება ლექციები და ტრენინგები სხვადასხვა საკითხზე; ყოველი მეოთხე ჟურნალის გამოცემის შემდეგ სამიზნე ჯგუფებში ვიქტორინის ჩატარება და საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების გამოვლენა; საზაფხულო სკოლები - ვიქტორინაში წარმატებული მოსწავლეების ერთკვირიან შეკრება, სადაც ისინი დაკავებული არიან სხვადასხვა ტიპის ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივობით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.