X

შეხვედრები და დისკუსიები

,,თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში'' პროექტის მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია

2023 / 06 / 17

15 ივნისს დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში რონდელის ფონდის პროექტის "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე 2023 წლის ვიქტორინის გამარჯვებულები დაბა ადიგენის, სოფელი მოხეს საჯარო სკოლებისა და ზარზმის აკადემიის მოსწავლეებს შორის გამოვლინდნენ, რომლებსაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები და საგზურები რონდელის საზაფხულო ბანაკში.

ღონისძიება რონდელის ფონდის პრეზიდენტმა, ეკატერინე მეტრეველმა გახსნა და გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკით, პლანშეტებით, საზაფხულო ბანკის საგზურებითა და სხვა წამახალისებელი პრიზებით დააჯილდოვა. ცერემონიას ესწრებოდნენ, როგორც აღნიშნული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, აგრეთვე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ბეთხოშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციას.

აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით და აქტივობებით ხელი შეუწყოს ადგილობრივი ახალგაზრდების ინტეგრაციას, შიდა და საგარეო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და უნარების განვითარებას. შედეგად, პროექტში მონაწილე საჯარო სკოლების 14-18 წლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გააცნობიერონ სახელმწიფოს მმართველობის სისტემა, დაგეგმილი აქტივობები კი ორიენტირებულია ახალგაზრდების შესაძლებლობების, მედეგობის გაზრდაზე და მათი ღირებულებების ინკლუზიური, ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების გარშემო ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული პროექტი, უკვე მესამე წელია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების მიზიდულობის ცენტრად გადაიქცა და 1200-მდე ახალგაზრდას აერთიანებს მაღალმთიანი აჭარიდან და ადიგენის მუნიციპალიტეტიდან. ახალგაზრდების კულტურული და სოციალური ჩართულობა სადისკუსიო კლუბების, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ჟურნალ „ჩემი სამყარო“-ზე დაფუძნებული ვიქტორინების, დედაქალაქში ვიზიტების, საზაფხულო ბანაკისა და დაჯილდოების ცერემონიის საშუალებით ხდება.

რონდელის ფონდის პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" 2019 წლიდან საქართველოში აშშ ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.