X

შეხვედრები და დისკუსიები

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელების ვიზიტი და ლექცია თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე

2005 / 09 / 16

2005 წლის 15 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ელჩ მურათ ბილჰანს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავჯდომარეს და კამერ კასიმს აბანტ იზეტ ბეისალის უნივერსიტეტიდან. მათი ვიზიტი გაგრძელდა სამ დღეს.

სტუმრებთან შეხვედრა გაიხსნა ელჩ ბილჰანისა და ალექსანდრე რონდელის მიერ კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობისა და აკადემიური ურთიერთგაცვლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით. ხელმოწერის ცერემონიას კი თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე ელჩ ბილჰანის ლექცია მოჰყვა. გამოსვლის დროს ელჩმა ბილჰანმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებში გეოგრაფიისა და ისტორიის მნიშვნელობაზე. თავის ლექციაში ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რესპუბლიკის პერიოდს, რომელიც თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს დაარსებით დაიწყო 1923 წელს და დღემდე გრძელდება. ლექციის შემდეგ სტუმარმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს, რომელიც შეეხებოდა თურქეთის რუსეთთან, კავკასიის სახელმწიფოებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებს. კავკასიაში თურქული პოლიტიკის განხილვის დროს, ბილჰანმა აღნიშნა, რომ ლეგიტიმურობა თურქული საგარეო პოლიტიკის საყრდენია და მთიანი ყარაბაღის ომის შემთხვევაში, თურქეთი მხარს აზერბაიჯანს დაუჭერს. მან ასევე დაარწმუნა საზოგადოება, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.