X

შეხვედრები და დისკუსიები

აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს საქართველოს საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ვიზიტი

2010 / 10 / 20

2010 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სამუშაო ჯგუფს. საქართველოს საკითხებზე მომუშავე  სპეციალური დანიშნულების ორპარტიული ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან სენატორები ჯეან შაჰინი და ლინდსი გრეჰამი, წარმოადგენს ატლანტიკური საბჭოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროექტის ნაწილს. 
დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს მიმართ პოლიტიკაში ორპარტიული კონსენსუსის ხელშეწყობა. ამისთვის ჯგუფის წევრებმა უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები აშშ-ის თანამდებობის პირებისთვის და მათი მოკავშირეებისთვის ევროპასა და თბილისში, რათა განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები, რაც დაეხმარება საქართველოს წინსვლას რეფორმებისა და დემოკრატიზაციის გზაზე. 
საქართველოში ყოფნისას ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია  შეხვდა საქართველოს მთავრობის,  საერთაშორისო საზოგადობის, დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე გაემგზავრნენ ქ. ბათუმში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივი მთავრობის, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სტუმრების ვიზიტი ხუთ დღეს გაგრძელდა.

ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან ერთად გამართა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საერთაშორისო საზოგადოების როლი”. ნახევარდღიანი სემინარი თემატურად შედგებოდა 3 ნაწილისაგან: 1) პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფონზე; 2) აშშ-ისა და ევროკავშირის საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკის კოორდინაცია და 3) თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობის სფეროში. სესიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო მოხელეები, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. სემინარზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ნალბანდოვი; ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი საერთაშორისო უსაფრთხოების დარგში, დეიმონ ვილსონი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ფურნიე; ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი,  ჰანსიორგ ჰაბერი. სემინარს ასევე ესწრებოდნენ ანალიტიკოსები, ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.