X

სხვა

ალექსანდრე რონდელის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2017 / 01 / 28

2017 წლის 28 იანვარს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის/დეპარტამენტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი და კათედრის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი გამგის, პროფესორ ალექსანდრე რონდელის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აკადემიური წრეების, უნივერსიტეტების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და კათედრის კურსდამთავრებულები.

ღონისძიებას უძღვებოდა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორ ზურაბ დავითაშვილი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე,  თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების კურსდამთავრებულები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

რონდელის ფონდის სახელით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.  ყველა გამომსვლელმა დიდი სითბოთი გაიხსენეს ბატონი ალექსანდრე რონდელი, ყველა მათგანმა გაუსვა ხაზი მის დიდ დამსახურებას უნივერსიტეტისა და საერთოდ ქვეყნის წინაშე, რომლის დიდი მცდელობითა და დამსახურებით დაარსდა 1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. მაშინ საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც მეცნიერება და როგორც საუნივერსიტეტო სპეციალობა, საქართველოში სრულიად ახალი სფერო იყო  და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პირველ გამგედ არჩეულმა ალექსანდრე რონდელმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი  საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.