X

პრეზენტაციები

ქართველი და რუსი ექსპერტების პუბლიკაციის პრეზენტაცია

2011 / 11 / 11

2011 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა პროექტის `მეორე ბილიკი – ქართველი და რუსი ექსპერტების დიალოგი~ ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციის პრეზენტაციას. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსნდრე რონდელმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელმა ბორის იაროშევიჩმა. ბ. იაროშევიჩმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ნდობის მშენებლობის გზაზე მხარდაჭერის მნიშვნელობას და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ რეგიონში ხელი შეუწყოს სტაბილურობას.

კახა გოგოლაშვილმა, პროექტის ხელმძღვანელმა, მოკლედ მიმოიხილა ამ პროექტისა და პუბლიკაციის მიზანი და შინაარსი. მან ასევე ისაუბრა რუსი ავტორების მიერ მომზადებულ პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტებზე. ხუთი ქართველი ავტორიდან ოთხმა თავადვე წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები პუბლიკაციისა და მთლიანად პროექტის შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მომუშავე წამყვანი ქართველი ექსპერტები, მეცნიერები, მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ცენტრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში. შვეიცარიის, ნიდერლანდისა და გერმანიის ელჩებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრება და ხაზი გაუსვეს ამგვარი ინიციატივების მხარდაჭერის საჭიროებას. სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლებმაც გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და დადებითად შეაფასეს ექსპერტების თანამშრომლობისა და ერთობლივი პუბლიკაციების შექმნის იდეა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გარკვეულ სფეროებში საჭიროა ამ ტიპის დიალოგი და საერთო ინტერესების გამოკვეთა-გაღვივება. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც გამოთქვა თავისი მხარდაჭერა ამგვარი მცდელობების მიმართ და წარმოადგინა საინტერესო მოსაზრებები ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე. მან დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა, რომ ასეთი ტიპის პროექტებში სამომავლოდ ჩართონ იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.