დასრულებული პროექტები
თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში
2020 წლის 1 ოქტომბრიდან რონდელის ფონდში დაიწყო 10-თვიანი პროექტი „თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში“.
პროექტი მიზნად ისახავს ადიგენის მუნიციპალიტეტის უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას მათთვის ლექციების ჩატარების გზით, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, რელიგიური ლიდერებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართვას დისკუსიებში.
პროექტის დახმარებით, სკოლის მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, დემოკრატია, სამოქალაქო აქტივიზმი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ნატო და ევროკავშირი, საქართველო-რუსეთი, ეკონომიკა, საჯარო პოლიტიკა, მეწარმეობა, მედიაწიგნიერება და ა.შ. ასევე იგეგმება მონაწილეთათვის რონდელის ფონდის მიერ გამოცემული ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ დარიგება, ამ ჟურნალების საფუძველზე ვიქტორინების ჩატარება, გამარჯვებულთა გამოვლენა, მათი დაჯილდოება და თბილისში ექსკურსიის მოწყობა. შედეგად, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ისწავლიან, რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი და შეიძენენ სამართლებრივი სახელმწიფოს მოქალაქისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.
დისკუსიები გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატით და ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები იმსჯელებენ ადგილობრივი და ქვეყნის პრობლემების შესახებ. პროექტის ბოლოს იგეგმება მრგვალი მაგიდის ჩატარება თბილისშიც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ ღონისძიებებმა საბოლოოდ შედეგად უნდა გამოიღოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის უფრო ეფექტური თანამშრომლობა. მრგვალი მაგიდის ფარგლებში ასევე ჩატარდება სემინარები ქალთა საკითხების, ნატოსა და ევროკავშირის, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების, ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე და სხვა. პროექტის დახმარებით მონაწილეები შეძლებენ საკუთარი უნარების განვითარებას პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირებისა და მოლაპარაკებების სფეროებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.