X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 24, 27 იანვარი - 2 თებერვალი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - 27 იანვარი-2 თებერვლის კვირაში რუსეთის საჰაერო ძალებმა, ასადის ძალების შეტევის მხარდასაჭერად, იდლიბის რეგიონში არსებულ ამბოხებულთა სამიზნეებზე მრავალჯერადი დარტყმები განახორციელა. სამიზნეებს შორის იყო არასამხედრო ობიექტებიც. გავრცელდა ინფორმაცია რუსული სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლების ადგილზე ყოფნის შესახებ. რუსეთის, პრო-ირანული ძალებისა და ასადის სამხედროების კომბინირებული შეტევითი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობდა, რაც ამბოხებულთა უკან დახევასა და დამატებითი ტერიტორიის, მათ შორის ქალაქ მაარათ ალ-ნუმანის დაკავებაში გამოიხატა.

საჰაერო დაბომბვის შედეგი ქალაქ არიჰაში. წყარო: BBC

ომი უკრაინაში - 27 იანვარი-2 თებერვლის კვირაში, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა რვა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ფრონტზე სროლა ყოველდღიურად მიმდინარეობდა.

31 იანვარს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის დაცვის სარდლობამ დააფიქსირა ორი რუსული Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელიც შევიდა კანადის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში.

რუსეთმა მიანმარს (ბირმა), სამხედრო დახმარების სახით,  33 BRDM-2MS ტიპის საპატრულო ჯავშანმანქანა მიაწოდა.

ჩრდილოეთის ფლოტის „კრუისის“ კლასის (პროექტი 22010) სპეციალური სადაზვერვო გემი „იანტარი“ ჩავიდა ანტარქტიკაში, მეფე ჯორჯის კუნძულზე არსებულ რუსეთის ბელინსგაუზენის სადგურზე. ამავდროულად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განცხადა, რომ „რუსეთს გააჩნია სტრატეგიული ინტერესები ანტარქტიკაში“ და „უჭირავს წამყვანი პოზიცია ანტარქტიკის შესწავლაში.“

„იანტარი“ ანტარქტიკაში. ორიგინალური რუკის წყარო: ეროვნული გეოსტატიკური დაზვერვის სააგენტო, University of Minnesota-დან

 

„იანტარი“ ახორციელებს ჩამოვარდნილი MiG-29-ის ფსკერიდან ამოყვანას. წყარო: H. I. Sutton, Popular Mechanics, 2017

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსულ წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ 2019 წლის ბოლო პერიოდში ებრაელთა ავტონომიურ ოლქში, კერძოდ ბირობიჯანში, არსებული 1724-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი 38-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადად გადაკეთდა. ახალი ბრიგადა დაკომპლექტებულია S-300V4 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებით.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსების განცხადებით, მათ შეიარაღებაში მიიღეს ახალი ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა Pantsir-S ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემისთვის.

საჰაერო ძალების აკადემიის ფილიალმა კრასნოდარში მიიღო Yak-130 ტიპის საწვრთნელი და მსუბუქი გამანადგურებლების ახალი პარტია.

კასპიის ფლოტილიამ დამატებით მიიღო Bal ტიპის სანაპირო დაცვის მობილური სარაკეტო სისტემები. ფლოტილიას აქამდე უკვე გააჩნდა Bal სისტემების ორი ბატარეით დაკომპლექტებული სანაპირო დაცვის ბატალიონი, რომელიც განლაგებულია კასპიისკში (დაღესტანი).

ხომალდსაწინააღმდეგო სისტემა Bal. წყარო: Flot.com

 

კოსმოსი

გავრცელებული ცნობით, რუსული თანამგზავრი Cosmos-2542 უთვალთვალებდა ამერიკულ KH-11 ტიპის სადაზვერვო თანამგზავრს USA-245. Cosmos-2542 ორბიტაზე გაშვებულ იქნა პლესეცკის კოსმოდრომიდან 2019 წლის 25 ნოემბერს, რაზეც ამ დაიჯესტის მე-16 გამოცემაში დავწერეთ.

 

სწავლებები*

რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის (ბბქდ) ძალებმა ჩაატარა სწავლება, რომელმაც მოიცვა ალთაის მხარე და ჩელიაბინსკის, ორენბურგის, სამარას და სვერდლოვსკის ოლქები. მასში ჩართული იყო ცენტრალური სამხედრო ოლქის ბბქდ დანაყოფების 700 სამხედრო.

მე-7 სამხედრო ბაზის (საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, განლაგებული მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი) 1000 სამხედრო სწავლებაში ჩაერთო. პარალელურად, წვრთნა ჩაუტარდა მე-7 ბაზის სადაზვერვო დანაყოფებს, ოკუპირებული რეგიონის მთიან ნაწილში.

შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) სამხედროებმა ტაქტიკური დონის საჰაერო-სადესანტო სწავლება ჩაატარეს.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთმა ჩინეთისთვის  მეორე პოლკის სამყოფი S-400E ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მიწოდება დაასრულა. რუსული წყაროების ცნობით, ჩინეთმა „ასევე მიიღო ორი ტიპის 120-ზე მეტი თანამედროვე საზენიტო რაკეტა.“

ვიეტნამმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც რუსეთისგან მიიღებს სულ მცირე 12 Yak-130 ტიპის საწვრთნელ და მსუბუქ გამანადგურებელს.

Yak-130. წყარო: Vedomosti

ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს განცხადებით, მისი ქვეყანა გეგმავს 12 რუსული სამხედრო შვეულმფრენის ყიდვას.

რუსეთმა მიაღწია შეთანხმებასახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნისთვის“ Mi-38T ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის მიყიდვაზე. შეთანხმების თანახმად, მიწოდება 2021-2022 წლებში მოხდება. 

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.