X

უსაფრთხოების მიმოხილვა

COVID-19 ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში

ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

სტატისტიკის მიხედვით, Covid-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, მსოფლიოს მასშტაბით, რუსეთის ფედერაცია ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. თუმცა, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პანდემიას მედიაში შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. 2020 წლის 20 ივნისის მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში შემდეგი მაჩვენებლები ჰქონდათ: დაღესტანი - 7103 ინფიცირებული, 344 გარდაცვლილი; ჩეჩნეთი - 1579 ინფიცირებული, 20 გარდაცვლილი; ინგუშეთი - 2782 ინფიცირებული, 64 გარდაცვლილი; ჩრდილოეთი ოსეთი - 3737 ინფიცირებული, 66 გარდაცვლილი; ყაბარდო-ბალყარეთი - 4361 ინფიცირებული, 43 გარდაცვლილი; ყარაჩაი-ჩერქეზეთი - 2730 ინფიცირებული, 9 გარდაცვლილი; ადიღეს რესპუბლიკა - 1511 ინფიცირებული, 12 გარდაცვლილი (იხ. ცხრილი).

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში პანდემიის გავრცელება რუსეთის სხვა რეგიონებთან შედარებით გვიან დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ პიკი ჯერ კიდევ წინაა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ როგორც დაავადებულთა, ასევე ინფიცირებულთა რაოდენობით დაღესტნის რესპუბლიკა ლიდერობს. აქვე აღსანიშნავია ინგუშეთის რესპუბლიკის დაავადებისა და სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე. თუკი გავითვალისწინებდით ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელს და თუკი დაღესტანსა და ინგუშეთს სუვერენული სახელმწიფოების რეიტინგში მოვათავსებდით, ორივე რესპუბლიკა გადაუსწრებდა ისეთ დაზარალებულ რეგიონებს, როგორიცაა ირანი და სომხეთი და მყარ ადგილს პირველ ოცდაათეულში დაიკავებდა. მეზობელი რესპუბლიკების ფონზე უნდა აღინიშნოს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გარდაცვლილთა შედარებით დაბალი რიცხვი, რაც შეიძლება აიხსნას სიკვდილიანობის არასათანადოდ აღწერით. როგორც რუსეთის სხვა რეგიონებში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებშიც შემოიღეს კარანტინი და რიგი შეზღუდვები. კარანტინი შეეხო მეჩეთებსაც და სხვა საკულტო დანიშნულების მასობრივი თავშეყრის ადგილებსაც, რომელთაც ჩრდილოკავკასიელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვიხილოთ ვითარება თითოეულ რესპუბლიკაში.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ყველასათვის მოულოდნელად, მკაცრმა საკარანტინო ზომებმა საპროტესტო ტალღა გამოიწვია შედარებით მშვიდ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში. 20 აპრილს რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზის ცენტრში ასობით დემონსტრანტი ითხოვდა საკარანტინო რეჟიმის გაუქმებას და რესპუბლიკის პირველი პირის – ვიაჩესლავ ბითაროვის გადადგომას. დემონსტრაცია გადაიზარდა სამართალდამცავებთან შეტაკებაში, რასაც რამდენიმე მომიტინგის დაპატიმრება მოჰყვა. დააპატიმრეს მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე, ეთნიკურად ოსი საოპერო მომღერალი ვადიმ ჩელდიევი, პანდემიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, რის გამოც მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. კერძოდ, ჩელდიევი საჯაროდ უარყოფდა ვირუსის არსებობას და საკარანტინე ზომების შემოღებას სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს უკავშირებდა.

აღნიშნული პროტესტი არ იყო ვადიმ ჩედიევის პირველი პოლიტიკური აქტივობა. იგი აქტიურად იყო ჩართული 2018 წელს დემონსტრაციებშიც, როდესაც ვლადიკავკაზში მდებარე ქარხანა „ელექტროცინკის“ დახურვას მოითხოვდნენ. თავად ჩელდიევის მსოფლმხედველობა ოსური და ინდოევროპული ნაციონალიზმის, საბჭოთა ნოსტალგიისა და ანტისემიტიზმის ერთგვარი ნაზავია. ჩელდიევი თავს „საბჭოთა მოქალაქედ“ მიიჩნევს და ჩრდილოეთ ოსეთში, საკმაოდ ძლიერი საბჭოთა ნოსტალგიის გამო,  ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა - ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკის მასშტაბით მკაცრი საკარანტინე ზომები შემოიღო. მან კარანტინის დამრღვევთა წინააღმდეგ აგრესიული ზომების გამოყენების შესახებაც გააკეთა განცხადება. მაგალითად, მათზე, ვინც კარანტინის დროს გარეთ გადის, ასეთი რამ თქვა: „არ უნდოდა სახლში ჯდომა? წავიდეს მინდორში და იმუშაოს და სარგებელი მოიტანოს. ჩვენ მათთვის სამსახურს ვიპოვით. წავიდეს მოხნას მინდვრები და მოიყვანოს მოსავალი“. ჩეჩნეთში ეპიდსიტუაციის სიმძიმეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რესპუბლიკის მასშტაბით 50-მდე ექიმია დაინფიცირებული. თავად რამზან კადიროვსაც დაუდასტურდა covid-19, თუმცა მან ეს დაავადება მსუბუქი ფორმით გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ კადიროვის „ექსტრავაგანტულობა“ პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაშიც გამოვლინდა.

კადიროვმა მზადყოფნა გამოთქვა პანდემიის შედეგად გაღარიბებულ, დასაოჯახებელ მამაკაცებს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან პატარძლის გამოსასყიდი თანხის, იგივე ყალიმის, სუბსიდირებისთვის. ამის გარდა, რამზან კადიროვმა კიდევ ერთი არაორდინარული ნაბიჯი გადადგა: თავი გადაიპარსა, რაც ასე ახსნა: „სილამაზის სალონები ჩვენთან დაკეტილია, სახლში სტილისტები არ არიან, ამიტომაც ჩვენი წინაპრებივით თავი გადავიპარსე“. კადიროვის ამ ნაბიჯს ჩეჩნეთში მომუშავე არაერთმა საჯარო მოხელემ თუ ძალოვანმა მიბაძა. თუმცა მედიაში ლაპარაკია, რომ მოხელეებს აიძულებენ თავი გადაიპარსონ და ამით გამოხატონ კადიროვისადმი ლოიალობა.

დაღესტნის რესპუბლიკა - დაღესტანმა თავი ფედერალური მასშტაბის სკანდალით დაგვამახსოვრა. მაისის შუა რიცხვებამდე, ტესტების უკმარისობის გამო, რესპუბლიკაში არ ხდებოდა ინფიცირებულთა რიცხვის სათანადოდ აღწერა, ხოლო მძიმე პაციენტებს, როგორც წესი, „პნევმონიის“ დიაგნოზით აფორმებდნენ. სტატისტიკის ამგვარმა ხელოვნურმა შეცვლამ რესპუბლიკის ხელისუფლების კრიტიკაც კი დაიმსახურა ვლადიმირ პუტინისგან. თუკი 18 მაისამდე, სანამ პუტინსა და დაღესტნის ხელმძღვანელობას შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართებოდა, დაღესტანში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3460 ადამიანს შეადგენდა, უკვე 30 მაისისთვის ამ რიცხვმა 4830-ს მიაღწია.

 დაღესტნის რესპუბლიკაში მაღალი სიკვდილიანობა მრავალი მიზეზით შეიძლება აიხსნას. პირველ მიზეზად შეიძლება მჭიდრო დასახლებები მივიჩნიოთ. მაღალმთიან დაღესტანში საცხოვრებელი სახლები, როგორც წესი, ერთმანეთს ემიჯნება, რის გამოც, სოციალური დისტანციის დაცვა მეზობლებს შორის წარმოუდგენელია. ამას ემატება მრავალსულიანი ოჯახების სიმრავლე, სადაც ერთ საცხოვრებელ სახლში ერთდროულად რამდენიმე თაობის ადამიანი ცხოვრობს. მეორე მიზეზია ასაკოვანი ხალხის მაღალი ხვედრითი წილი სოფლად. მაღალი ურბანიზაციის გამო სოფლად დარჩენილი მოხუცების რაოდენობა შედარებით დიდია, რაც მათ მოწყვლადს ხდის Covid-19-ის მიმართ. დაბოლოს, ვირუსის სწრაფ გავრცელებას და სიკვდილიანობას დაღესტანში ხელს უწყობს არსებული კულტურა და ადათ-წესები: დაღესტანი ცნობილია მრავალრიცხოვანი ქორწილებითა თუ სამგლოვიარო ცერემონიებით. BBC-ისთან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ასეთი რამეც კი თქვა: „მირჩევნია დავავადდე, მაგრამ დაკრძალვას დავესწრები, რადგან დაღესტანში მასზე არდასწრება სირცხვილია“.

კარანტინისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო დისკომფორტი შეიქმნა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც. აზერბაიჯანის 200-ზე მეტმა მოქალაქემ ვერ მოახერხა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაბრუნება და მათ დასაბინავებლად დაღესტნის სოფელ ყულარში დროებითი კარვების ქალაქი გაიშალა. 15 ივნისს ყულარში საპროტესტო აქცია გაიმართა, რის შემდეგაც ადგილობრივ ძალოვნებსა და ყულარში დაბანაკებულ აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის ფიზიკური შეტაკებაც კი მოხდა. შედეგად, აზერბაიჯანის 80-მდე მოქალაქე დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მომიტინგეები მოითხოვდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ორგანიზებულად დაბრუნებას, თუმცა  ეს პროცესი დღემდე ფერხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩეჩნეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველომ და თვით რამზან კადიროვმა კარანტინისთვის დაკეტილი მეჩეთების გახსნის და იქ პარასკევის ლოცვის აღსრულების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ერთპიროვნულად, რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა სამმართველო ორგანოების დაუკითხავად.

ინგუშეთის რესპუბლიკა - 11 მაისს ინგუშეთში გარდაიცვალა ინგუშეთის რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს მუფტი აბდურაჰმან მართაზანოვი. ინფიცირების რისკის გამო მისი სხეულის განბანვის რიტუალი არა სასაფლაოზე, არამედ საავადმყოფოში, სპეცტანსაცმელში ჩაცმული პირების თანხლებით მოხდა. ინგუშეთში დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ამას ემატება ეკონომიკური პრობლემები. მაგალითად, 15 ივნისს Covid-19-თან მებრძოლმა ინგუშმა ექიმებმა ინტერნეტში განათავსეს ვიდეორგოლი, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესჩივლეს, რომ არ მიუღიათ კუთვნილი დანამატები.

ყაბარდო-ბალყარეთი - მსგავსად სხვა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისა, ინფიცირებულთა რაოდენობა ყაბარდო-ბალყარეთშიც მაღალია, რის გამოც, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა ლოჯისტიკური პრობლემების წინაშე დგას. მაგალითად, ლესქენის რაიონული საავადმყოფოს პერსონალმა დამცავი საშუალებების დეფიციტის შესახებ განაცხადა. პანდემიის გამო დაიკეტა რესპუბლიკის სამთო კურორტები, რომლებიც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა გათვლებით, 1 აგვისტოზე ადრე არ განაახლებს მუშაობას. ამის გამო  მაღალმთიანი რეგიონების არაერთმა მაცხოვრებელმა დაკარგა შემოსავლის წყარო, რომელიც მთლიანად ტურისტულ სექტორს უკავშირდებოდა. ვითარებას რესპუბლიკაში, პანდემიის გარდა, სხვადასხვა პრობლემაც ამძიმებს:  სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში გამოცხადებული შიმშილობა, ძლიერ ქარები პროხლადნოეს რაიონში და ადვოკატების მხარდამჭერი პიკეტები.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა -  ყარაჩაი-ჩერქეზეთში პანდემიამ ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეებით დაგვამახსოვრა თავი. 11 ივნისს ოპოზიციურად განწყობილი YouTube არხის, „ჩორნი კლუბის“ ორი წარმომადგენლის, მურატ ტოკოვისა და ვლადიმირ ბიჯიევის საცხოვრებელში ჩატარდა ჩხრეკა, ასევე საქმე აღიძრა Covid-19-ის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ყოველივე ამის მიზეზი გახდა 9 ივნისს YouTube-ზე განთავსებული ვიდეო, სახელწოდებით „ყარაჩაი-ჩერქეზეთში დროა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა“, სადაც ავტორები გამოთქვამდნენ აზრს, რომ რესპუბლიკაში ეპიდსიტუაცია იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ამას ადგილობრივი ხელისუფლება აღიარებდა. მსგავსად მეზობელი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკისა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი არხიზი ვიზიტორებისთვის დაიხურა კარანტინის გამო.

ადიღეს რესპუბლიკა - ადიღეს რესპუბლიკაში Covid-19-ის პანდემიას არანაირი პროტესტი და სხვა მოვლენა არ მოჰყოლია. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ხვედრითი წილი დაახლოებით იგივეა, რაც მეზობელ კრასნოდარის მხარეში. თუმცა 17 ივნისს მოსულმა სეტყვამ სოფელ ჰათუკაიში 1200-მდე სახლი დააზარალა და ამან შესაძლოა სოციალური დისტანციის დარღვევა და ინფიცირებულთა ზრდა გამოიწვიოს.

დაღესტნის მაგალითი გვიჩვენებს, რომ სტატისტიკის შეგნებული შემცირება შესაძლოა სხვა რესპუბლიკებშიც მოხდეს. ამის ფონზე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა სერიოზულ კითხვების აჩენს და მისი სანდოობა ძალიან დაბალია. ვირუსის შემდგომი გავრცელების მასშტაბის პროგნოზირება რთულია. დღესდღეობით არ არის შემუშავებული ვირუსის გავრცელებისა და შემდგომი კლების ისეთი ფორმულა, რომელიც ყველა სახელმწიფოსა და რეგიონის მიესადაგებოდა. ვირუსის გავრცელება და სიკვდილიანობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მოსახლეობის სიმჭიდროვე და მობილურობა, რეგიონის საშუალო ასაკი, არსებული წეს-ჩვეულებები, ქრონიკულ დაავადებათა გავრცელება, კლიმატი, სეზონი და ასე შემდეგ. მეტიც, ჩრდილოეთ კავკასიის შემთხვევაში, ინფიცირებულთა სტატისტიკის ასახვაში არსებული ხარვეზები და ზუსტი სტატისტიკის დამალვა ამ ტიპის გამოთვლებს კიდევ უფრო ართულებს. აქვს აღსანიშნავია, რომ უკვე შესაძლებელია იმ ეკონომიკური და სოციალური პროცესების პროგნოზირება, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. როგორც ცნობილია, ჩრდილო კავკასიის ყველა რესპუბლიკა დოტაციური რეგიონია და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებს შორის ბოლო ადგილებს იკავებს. კარანტინი და გადაადგილებაზე შეზღუდვა გამოიწვევს იმ ათასობით შიდა მიგრანტის გაღარიბებას, რომლის შემოსავლის მთავარი წყაროც რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ფიზიკური მუშაობა იყო. ამას ემატება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ტურისტულ სექტორში ათასობით სამუშაო ადგილების დაკარგვა. საერთაშორისო ტრანზიტზე დამოკიდებული აზერბაიჯანის ზღვისპირა რეგიონები და ჩრდილოეთ ოსეთიც გარკვეულ შემოსავალს დაკარგავს. აუცილებლად შემცირდება ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ემიგრანტებისგან წამოსული ფულადი გზავნილების მოცულობაც, რომელზედაც  ჩეჩნეთში მცხოვრები მათი ნათესავები არიან დამოკიდებული. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში არსებული დიდი მასშტაბის კორუფცია გვაფიქრებინებს, რომ ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ნაწილი არ მივა მოსახლეობამდე და სხვადასხვა კორუფციულ სქემაში დაიკარგება. ყოველივე ეს გამოიწვევს ჩრდილოეთ კავკასიის ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას. ასეთ შემთხვევაში კი, მოსალოდნელია საპროტესტო მუხტისა და დაძაბულობის ზრდა. 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.