რონდელის ფონდის „უსაფრთხოების მიმოხილვის“ რუბრიკაში რეგულარულად აისახება ისეთი თემები, რომლებშიც გაანალიზებულია საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ცვლილებები და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები. ბოლო პერიოდში ყარაბაღის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზულად შეცვალა ჩვენს რეგიონში მანამდე არსებული სტატუს-კვო, გააჩინა ახალი, ძალზე საყურადღებო გარემოებები და ახალი რეალობის წინაშე დააყენა როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, ისე ამ რეგიონით დაინტერესებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები. შესაბამისად, რონდელის ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შექმნილი ახალი რეალობის კომპლექსურ ანალიზს, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში. ამ მიზნით, ვებინარის ფორმატში მოეწყო დისკუსიათა სერია, სახელწოდებით „ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში“ და დაინტერესებულ საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, რომ ამ საკითხზე მოესმინა აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანისა და რუსეთის საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასებები (დისკუსიათა სერია ხელმისაწვდომია რონდელის ფონდის იუთუბის არხზე და ასევე ფეისბუქ გვერდზე. რონდელის ფონდის უსაფრთხოების მიმოხილვის ეს გამოშვებაც მთლიანად ეძღვნება ჩვენს რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას. მასში თავმოყრილია რონდელის ფონდის მკვლევართა პუბლიკაციები, რომლებშიც სხვადასხვა კუთხით არის დანახული და შეფასებული არსებული ვითარება. |