X

უსაფრთხოების მიმოხილვა

ყარაბაღი ომის შემდეგ: პოლიტიკისა და უსაფრთხოების ძირითადი საკითხები

ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

სომხეთ-აზერბაიჯანის 40-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის გარკვეულ ტერიტორიასა და მის მომიჯნავე შვიდ რაიონზე. კერძოდ, ამ ომის შემდეგ აზერბაიჯანის იურისდიქცია ვრცელდება: ჯებრაილის, ფიზულის, ზენგილანის, გუბადლის, აღდამისა და ქელბაჯარის რაიონებზე – სრულად, ხოლო  ლაჩინის რაიონზე – სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მაგისტრალის, ე.წ. ლაჩინის დერეფნის, გარეშე; აგრეთვე ჰადრუთისა და შუშის რაიონების უდიდეს ნაწილსა და მარტუნისა და ასკერანის რაიონების მცირე ნაწილზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანულ ტვირთებს სომხეთის ტერიტორიის გავლით შეეძლებათ ნახჭევანში შესვლა, ხოლო სომხეთი აზერბაიჯანის გავლით მომარაგდება რუსეთიდან.

მხარეებს შორის საომარი მოქმედებების დასარულების შემდეგ, რეგიონში პროცესები კვლავაც დინამიკურად ვითარდება. 2021 წლის მაისიდან მოყოლებული, ისევ შეინიშნება დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან, კერძოდ, შავი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წინამდებარე პუბლიკაციაში მიმოვიხილავთ რეგიონში არსებულ ახალ პოლიტიკურ სტატუს-კვოს და აზერბაიჯანის ინიციატივებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები კონფლიქტის შემდეგ

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. ვითარება  გართულდა  2021 წლის 12 მაისს, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს შავი ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც სომხეთი თავისად მიიჩნევს. დაძაბულობამ პიკს 25-27 მაისს მიაღწია, – ორმხრივი სროლისას ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ექვსი  კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დააკავეს. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პერიმეტრი არ არის  დელიმიტირებული.

დაძაბულობა შეინიშნება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზეც, სადაც  სამხრეთ კავკასიაში უდიდესი ოქროს საბადო სოთქი მდებარეობს.  საბადოს ნახევარი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზეა, თუმცა სამთო-მოპოვებით სამუშაოებს სომხეთში ლიცენზიის მქონე რუსული კომპანია GeoProMining Gold ახორციელებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლება სასაზღვრო კონფლიქტის განმუხტვას კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციისა და რუსეთის ჩარევით ცდილობს, მოსკოვის მხრიდან მხოლოდ ზოგადი ხასიათის ნეიტრალური განცხადებები კეთდება.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სატრანსპორტო დერეფანია. ქვეყნებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი უზრუნველყოფს ნახჭევანის ოლქის დანარჩენ აზერბაიჯანთან შეუფერხებელ სატრანსპორტო კომუნიკაციას სომხეთის პროვინციის, სიუნიქის, გავლით. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტერიტორიაზე გამავალი ავტომაგისტრალების სარემონტო სამუშაოები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჩატარებულა, ხოლო რკინიგზა აღარ არსებობს, მის აღდგენას და სატრანსპორტო დერეფნის ამუშავებას წლები დასჭირდება. თუმცა, სომხეთში ამ სატრანსპორტო დერეფნის აღდგენის საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან. სომხეთში შიშობენ, რომ სიუნიქში გაიზრდება აზერბაიჯანული და თურქული კაპიტალის გავლენა და მომავალში აზერბაიჯანი ამ პროვინციაზე ტერიტორიულ პრეტენზიასაც გამოთქვამს.*

სწორედ ამან განაპირობა სიუნიქში რუსული 102-ე ბაზის ორი ახალი საყრდენი პუნქტის განთავსება.

აზერბაიჯანის ინიციატივები ყარაბაღის ტერიტორიაზე

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მის კონტროლქვეშ გადასულ ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები დააანონსა, თუმცა მათ განხორციელებას რამდენიმე პრობლემა ეღობება. მათ შორის უმთავრესია ინფრასტრუქტურის არარსებობა. ამ ტერიტორიაზე მდებარე სოფლებისა და რაიონული ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა მიწასთანაა გასწორებული. მეორე სერიოზული პრობლემა კი დანაღმული ველებია. სომხური შენაერთები და მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიასთან მომიჯნავე აღდამის, ფიზულისა და ჯებრაილის რაიონებში დიდ რესურსებს დებდა სამხედრო-საფორტიფიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაშიც ათასობით ჰექტარი დანაღმული ტერიტორიაც შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიების განაღმვა, შესაძლოა ამ პროცესს ათ წელიწადზე მეტი დასჭირდეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ხელისუფლების დაანონსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობასა და რეგიონის ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას, დროის გარდა, არაერთი მილიარდი დოლარი დასჭირდება. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილება ქალაქი შუშა. იგეგმება ქალაქის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია, მისთვის პირვანდელი სახის აღდგენა და  აზერბაიჯანის დანარჩენ პროვინციებთან დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის აგება, რომელიც ტურისტთა ნაკადს მოემსახურება. რეგიონის პერსპექტიულ ტურისტულ ობიექტებს შორის კი მოიაზრება ხოდაფერინის ხიდი, აღდამის მეჩეთი და თერმული სპა კურორტი ისთისუ. აზერბაიჯანში აქტიურად განიხილება ყარაბაღის ტერიტორიაზე სამთომოპოვებითი საქმიანობის აღდგენაც. აქ ექსპერტები სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგების არსებობას ვარაუდობენ.

რეგიონში განსახორციელებელი სოციალური პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელია დევნილთა დაბრუნება საკითხი. ყარაბაღის პირველი ომის დროს  (1992-1994 წწ.) მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქი და მისი მიმდებარე შვიდი რაიონი დაახლოებით 500 ათასმა აზერბაიჯანელმა დატოვა. პირველ რიგში, რთული იქნება იმ დევნილთა დაბრუნება, ვინც 30 წლის განმავლობაში ფეხი მოიკიდა ბაქოსა და აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში. მასობრივი დაბრუნება პრობლემატურია ქელბაჯარის და ნაწილობრივ ლაჩინის რაიონებშიც, სადაც გარე სამყაროსთან კომუნიკაციის პრობლემაა – დანარჩენ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელ მუროვდაღის უღელტეხილზე დღესაც არ არის ასფალტის საფარი და ამ გზაზე ზამთარში, დიდთოვლობისას, გადაადგილება გაძნელებულია, ხოლო ლაჩინის კორიდორით სარგებლობისას მოსახლეობას რუს სამშვიდობოებთან მოუწევს ურთიერთობა. დევნილთა დაბრუნებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია აღდამის, ფიზულის, შუშისა და ჯებრაილის რაიონებში. აზერბაიჯანმა უკვე შექმნა დევნილთა დაბრუნების პრეცედენტი 2016 წლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, როდესაც გათავისუფლებულ სოფელ ჩოჯუქ-მერჯანლიში დევნილთა რამდენიმე ასეული კომლი დააბინავეს მათთვის საგანგებოდ აშენებულ სახლებში.

საერთაშორისო ურთიერთობების ასპექტი

ყარაბაღის მეორე ომის მსვლელობისას აზერბაიჯანი ეყრდნობოდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ურყევობის პრინციპს, ამიტომაც მას საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. დიდი ალბათობით, აზერბაიჯანი სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს ყარაბაღის ტერიტორიაზე დევნილთა განსახლებისათვის და სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი დონორი თურქეთის რესპუბლიკა იქნება. თუმცა, შესაძლოა აზერბაიჯანს გარკვეული საერთაშორისო პრობლემები შეექმნას სომხური მოსახლეობის უფლებებთან დაკავშირებით.

მეორე ომამდელი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: 1. ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ქელბაჯარის, გუბათლისა და ზენგილანის რაიონებში ორგანიზებულად ჩასახლებული მოსახლეობა და 2. პირველ ომამდე ჰადრუთის რაიონისა და აზერბაიჯანის მიერ დაკავებული რამდენიმე სოფლის მკვიდრი სომხური მოსახლეობა, რომელთა რაოდენობა  10 ათასამდე აღწევდა. დღეს ეს მოსახლეობა მთლიანად სომხეთშია გადასახლებული. თუ აზერბაიჯანი ვერ შეძლებს მათთვის ქონების უფლების უზრუნველყოფას, მაშინ შესაძლოა, სომხური მხარე საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდეს.

მეორე მხრივ, რეგიონში სულ უფრო მცირდება მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლების როლი. მას მთლიანად რუსი სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ. ოფიციალურ ერევანს კი უფრო და უფრო ნაკლები ბერკეტი ექნება ყარაბაღის სომხური პოლიტიკური ელიტის სამართავად. რუსულ მხარესთან ოფიციალური ურთიერთობების გარდა, მოსალოდნელია აგრეთვე არაფორმალური ურთიერთობების გაღრმავებაც, რაც მოიაზრებს შეიარაღებული ჯგუფების წვრთნასა და აღჭურვას, არადეკლარირებულ ფინანსურ მხარდაჭერას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგებას. 

აზერბაიჯანის მცდელობის მიუხედავად, თურქული სამშვიდობო ძალების სამოქმედო არეალში არ შევა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები და თურქები მხოლოდ აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსდებიან.

ცალკე უნდა აღინიშნოს ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები ყარაბაღის ომის კონტექსტში. ორივე მხარისთვის მთავარი ტექნიკური საკითხი საზღვრების მთელი პერიმეტრის დემარკაცია და ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მდინარე არაქსზე არსებულ ჰესებში გამომუშავებული ელექტროენერგიის თანაბრად განაწილების თაობაზე. ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც ამ ტერიტორიებს სომხური ძალები აკონტროლებდნენ, ირანი დე-ფაქტო აკონტროლებდა ყველა ჰესს და აზერბაიჯანის კუთვნილ ელექტროენერგიასაც თავად მოიხმარდა. ახლა კი ჰესების ნახევარი  აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზეა  და აუცილებელია ელექტროენერგიის დარგში ახალი შეთანხმების დადება.

დასკვნა

ყარაბაღის ომის დასრულებით, რეგიონში დამყარდა  ძალთა ახალი ბალანსი და გეოპოლიტიკური რეალობა. საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიუხედავად, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა კვლავაც მწვავე პრობლემაა. მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში, რომლის შეიარაღებული ძალები დამატებით ახალ ტერიტორიებზე განთავსდნენ. ამის პარალელურად, აზერბაიჯანის ხელისუფლება დაკავებული ტერიტორიების ათვისების პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჯერჯერობით, ეს პროცესი საწყის სტადიაშია. საქართველო ყარაბაღში მიმდინარე რეინტეგრაციულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება და სწავლობს, რადგან ჩვენი ქვეყანაც ისწრაფვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

 


*აზერბაიჯანის შიდა აუდიტორიისთვის გათვლილ რიტორიკაში, სომხეთის პროვინცია სიუნიქი ხშირად მოიხსენიება, როგორც აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორია ზანგეზური, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ სომხეთს გადასცა.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.