X

უსაფრთხოების მიმოხილვა

თალიბანის ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლა და მისი გავლენა კავკასიის რეგიონზე

ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

2021 წლის 15 აგვისტოს მოძრაობა თალიბანი შევიდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. ქაბულში შესვლას წინ უძღოდა აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის ავღანეთიდან გაყვანა და თალიბანის რამდენიმეთვიანი შეტევითი ოპერაციები. ავღანეთის ხელისუფლებამ და შეიარაღებულმა ძალებმა არათუ ვერ გაუწია თალიბანს სათანადო წინააღმდეგობა, არამედ ბევრი პროვინცია შეიარაღებულ ჯგუფს უბრძოლველად ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი გაეროსა და რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ შეყვანილია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში არაერთი ქვეყნის დიპლომატი მართავდა კონსულტაციებს თალიბების წარმომადგენლებთან. სხვადასხვა დროს მათ შეხვდნენ რუსეთის, აშშ-ის, ირანისა და ჩინეთის დიპლომატები, ხოლო ევროკავშირმა და თურქეთმა კი მზაობა გამოხატეს დიალოგისთვის. ქაბულის დაკავების შემდეგ, თალიბანი იატაკქვეშა შეიარაღებული მოძრაობიდან ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად გადაქცევას შეეცდება. მოძრაობის ლიდერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო ლეგიტიმაციას. თუმცა განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ იბადება კითხვა: რა გავლენას მოახდენს თალიბანის გამარჯვება გლობალურ ჯიჰადზე და კავკასიის რეგიონზე?

ავღანეთს ყოველთვის სიმბოლური ადგილი ეკავა გლობალურ ჯიჰადში. ჯიჰადი, როგორც რელიგიურად მოტივირებული შეიარაღებული ბრძოლის ფორმა, ლოკალურიდან გლობალურ მოძრაობად სწორედ სსრკ-ავღანეთის ომის დროს იქცა. ამ კონფლიქტისას არაბეთის ქვეყნებიდან ასობით მოხალისე გაემგზავრა ავღანეთში საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამ პერიოდში ეყრებოდა საფუძველი ორგანიზაცია ალ-კაიდას. მას შემდეგ, რაც 1996 წელს მოძრაობა თალიბანმა ავღანეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე დაამყარა კონტროლი, ის სხვადასხვა ქვეყნიდან ჯიჰადის შეიარაღებული მოძრაობების თავშესაფრად იქცა. 2001 წელს აშშ-ისა და ნატოს ჯარების მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგაც, ავღანეთი და თალიბანი კვლავ იზიდავდა ჯიჰადის უცხოელ მებრძოლებს. მეტიც, ჯიჰადი მეზობელი პაკისტანის ტერიტორიაზეც გავრცელდა, სადაც ეთნიკური პუშტუნებით დასახლებულ, მაღალმთიანი ვაზირისტანის პროვინციის ნაწილს, რამდენიმე წლის განმავლობაში თალიბანი და მისი მოკავშირე მოძრაობები აკონტროლებდა.

სირიის ომის მაგალითმა ნათლად წარმოაჩინა, რომ გლობალიზაციამ და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ, სხვათა შორის, ხელი შეუწყო ჯიჰადის მებრძოლთა უფრო ფართო მასშტაბით მობილიზაციასა და გაზრდილ მიგრაციას. განსხვავებით 80-იანი და 90-იანი წლებისგან, არსებობს სოციალური მედია, გაიაფებული და გამარტივებულია საერთაშორისო მგზავრობა და რაც მთავარია, აღარ არსებობს ე.წ. „რკინის ფარდა“, რომელიც ავღანეთს მეზობელი შუა აზიის რესპუბლიკებისაგან ყოფდა. ყოველივე ეს ზრდის ავღანეთში უცხოელ მებრძოლთა მობილიზაციის ალბათობას. ავღანეთის მეზობელი სახელმწიფოებისა და ძირითადი რეგიონალური მოთამაშეების კონსულტაციებმა და მოლაპარაკებებმა უცხოეთში მყოფ თალიბანის წარმომადგენლებთან ორ ძირითად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: პირველი – აქვს თუ არა თალიბანს ამბიცია, რომ განავრცოს თავისი გავლენა მეზობელ ქვეყნებზე, თუ მხოლოდ ავღანეთზე მოხდება კონცენტრაცია? მეორე – როგორ პოლიტიკას გაატარებს თალიბანი უცხოელი მებრძოლების მიმართ? ჯერჯერობით, ოფიციალურ განცხადებებში თალიბანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აქვთ მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის ამბიცია და არ გადააქცევენ ავღანეთის ტერიტორიას სხვადასხვა, საერთაშორისო ჯიჰადური ორგანიზაციების ბაზად. თუმცა, შუა აზიის სახელმწიფოებს უკვე აქვთ ავღანეთის ტერიტორიაზე მათი თანამემამულე ჯიჰადის მებრძოლების მასობრივი მიგრაციის გამოცდილება. მაგალითად, უზბეკეთის ისლამური მოძრაობა, რომელიც 90-იან წლებში ფერგანის ოლქში ფაქტობრივად პარალელურ შარიათულ ხელისუფლებას წარმოადგენდა, ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ მთლიანად გადავიდა ავღანეთში, სადაც ის თალიბანმა შეიფარა და ათწლეულების განმავლობაში შუა აზიის რესპუბლიკებს დესტაბილიზაციის რისკს უქმნიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოძრაობა თალიბანი არ არის მონოლითური ჯგუფი. პაკისტანელი ანალიტიკოსის, მუჰამედ საადის აზრით, თალიბანი სამი ძირითადი ჯგუფისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან რეგიონული და კლანური ფაქტორებით განსხვავდებიან. შესაძლოა, ძალაუფლების სრული გადაბარების შემდეგ, თალიბანის წიაღში განსხვავებული მიზნების მქონე ფრაქციები წარმოიქმნას. ნაწილს შეიძლება რაციონალური მიდგომა ჰქონდეს და აქცენტი ავღანეთში პოზიციების გამყარებასა და სახელმწიფოს მშენებლობაზე გააკეთოს, ხოლო სხვებს კი ავღანეთის ფარგლებს გარეთ ექსპანსიის ამბიცია გაუჩნდეთ. ასეთი შიდა დაპირისპირების ნათელი მაგალითია ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია, სადაც  შამილ ბასაევის ფრაქციამ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა თავის ლიდერს და ბასაევის დაუკითხავად დაღესტანში შეიჭრა, რაც ჩეჩნეთის მეორე ომის მიზეზი გახდა. თალიბანთან თავშეკავებული ურთიერთობა აქვს პაკისტანის პუშტუნებით დასახლებულ მთიან რეგიონებში მოქმედ, მსგავსი სახელწოდების მქონე შეიარაღებულ დაჯგუფება თეჰრიქე-თალიბას, რომელსაც მოსაზღვრე რეგიონებში დიდი გავლენა აქვს და პაკისტანის წინააღმდეგ ჯიჰადის წარმოებაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ავღანური სახელმწიფოს მშენებლობაზე. ამას ემატება ისლამურ სახელმწიფოს მიმხრობილი ის ავღანური დაჯგუფებები, რომლებიც არ ცნობენ თალიბანს ლეგიტიმურ მუსლიმურ ძალად. მათ შეუძლიათ ფეხი მოიკიდონ ავღანეთის მთიან რეგიონებში და გარკვეული პლაცდარმი შექმნან.

გარდა ავღანეთში ჩამოყალიბებული დაჯგუფებებისა, აუცილებელია ვახსენოთ არაადგილობრივი ჯგუფები, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოძრაობა თალიბანმა შეიფარა. მათ შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ალ-კაიდა. მართალია, უშუალოდ ალ-კაიდას წევრი არაბი ლიდერების რაოდენობა ავღანეთში არც თუ ისე დიდი იყო და სამხედრო ოპერაციებში ისინი დიდ როლს არ ასრულებდნენ, მაგრამ ამ ჯგუფის, განსაკუთრებით მისი ლიდერების, ოსამა ბინ ლადენისა და აიმან ალ-ზავაჰირის ყოფნას ავღანეთში   დიდი, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა თალიბანისთვის. თუმცა ალ-კაიდა საგრძნობლად დასუსტდა კონკურენტი დაჯგუფების – ისლამური სახელმწიფოს აღზევების შედეგად, რის გამოც მას ახლო აღმოსავლეთში  ჯიჰადის არაბი მებრძოლების დიდი ნაწილი მიემხრო. ცალკე უნდა გამოიყოს უზბეკეთის ისლამური მოძრაობა. ამ მოძრაობის აქტივისტები, მათი ლიდერების, თაჰირ იულდაშევისა და ჯუმა ნამანგანის მეთაურობით უზბეკეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის, დიდი ზეწოლის შემდეგ, 1990-იან წლებში თალიბანის მიერ კონტროლირებად ავღანეთში გადასახლდნენ. 2001 წლის აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ისინი თალიბანთან ერთად აგრძელებდნენ ბრძოლას და დიდი სამხედრო გამოცდილებაც მიიღეს. თუმცა სირიის ომმა აქაც იქონია გავლენა და ავღანეთში მყოფი უზბეკური დაჯგუფებების დიდი ნაწილი ისლამურ სახელმწიფოს მიემხრო, რასაც თალიბანის მხრიდან ხისტი რეაქცია, მათ შორის, სამხედრო ოპერაციებიც მოჰყვა. სხვაგვარი დამოკიდებულებაა ტაჯიკეთიდან რეკრუტირებული ჯიჰადის მებრძოლების მიმართ, რომლებიც დაჯგუფება ჯამაათ ანსორულოში არიან გაერთიანებული. მედიის ცნობით, ჯამაათ ანსორულოს მებრძოლები, მათი ლიდერის, დომულო ამრიდდინის მეთაურობით უკვე ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარს აკონტროლებენ, რაც ტაჯიკეთში ერთგვარ შეშფოთებას იწვევს, თუმცა თალიბანის ოფიციალური პირები ამ ფაქტს უარყოფენ.
 

ავღანეთი და კავკასია

თალიბანსა და კავკასიის რეგიონს შორის ურთიერთობა 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავა და შარიათის კანონები დაამყარა, რუსულენოვანი მუსლიმი აქტივისტების, მათ შორის, ჩრდილოკავკასიელების მცირე ჯგუფი, ავღანეთის ტერიტორიაზე გადასახლდა. მათი ნაწილი 2001 წლის შემდეგ გუანტანამოს პატიმარიც კი იყო. თალიბებთან კავშირის დამყარება ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მმართველმა ელიტებმაც სცადეს. 2000 წელს, ჩეჩნეთის ომის დროს, ავღანეთს ზელიმხან იანდარბიევის მეთაურობით ჩეჩნური დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის შედეგად თალიბანმა ცნო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის სუვერენიტეტი, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისაგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ომში მებრძოლმა არაბებმა, ამირ ხატაბმა, ფათჰი ალ შიშანიმ და აბუ ვალიდმა საბრძოლო „ნათლობა“ სწორედ ავღანეთის ომში მიიღეს.

ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მცირე ნაწილი ავღანეთისა და პაკისტანის კონფლიქტში მონაწილეობდა. ისინი, როგორც წესი, სხვადასხვა რუსულენოვან ჯგუფებში იყვნენ გაერთიანებული შუააზიელ და ვოლგისპირელ მებრძოლებთან ერთად. მათი დისლოკაციის ძირითადი ადგილი პაკისტანში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინცია იყო. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ავღანეთის კონფლიქტში, სულ მცირე, საქართველოს სამი მოქალაქე მონაწილეობდა, მათ შორის, პანკისის მკვიდრი აიუბ ბორჩაშვილი, რომელიც შემდგომში ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერისა და მოხალისეთა რეკრუტირებისთვის საქართველოში გაასამართლეს. საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი დაჯგუფება იმარატ კავკაზიც კოორდინაციაში იმყოფებოდა ავღანელ მებრძოლებთან, რაც აისახა ამ ორგანიზაციის ბოლოსწინა ლიდერის, აბუ მუჰამადის (ალიასჰაბ ქებექოვის) განცხადებებში. მიუხედავად ზედაპირული კონტაქტებისა, ნათლად ჩანს თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ავღანეთის კონფლიქტს კავკასიის რეგიონზე. თანამედროვე კომუნიკაციისა და ციფრული ტექნოლოგიების პირობებში კი ასეთმა კონტაქტებმა შესაძლოა უფრო ფართო მასშტაბი მიიღოს.
 

თალიბანის მომავალი

მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა თალიბანი ინკლუზიური ხელისუფლების ფორმირებას, დიდი ალბათობით ის ავღანეთის ტერიტორიაზე ხანგრძლივად შეინარჩუნებს ძალაუფლებას. მისი ლიდერების რიტორიკიდან და მოქმედებებიდან გამომდინარე, მოძრაობა ნაცვლად 90-იანი წლების იზოლაციონისტური პოლიტიკისა, შეეცდება ქვეყნის შიგნით შარიათის მართლმსაჯულების პარალელურად, საერთაშორისო ასპარეზზე ავღანეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტატუსი მოიპოვოს, რაც მას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორებთან ურთიერთობასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გაუადვილებს. ამისათვის, თალიბანი, პირველ რიგში, მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან შეეცდება დიპლომატიური კავშირების აღდგენას. ასეთი ქვეყნებია: პაკისტანი, შუა აზიის რესპუბლიკები, ირანი, ჩინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები და ინდოეთი. ამგვარი ურთიერთობების დასამყარებლად ყველა ზემოხსენებული სახელმწიფოს მთავარი წინაპირობა იქნება ის, რომ ავღანეთი არ გახდეს მათი რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების თავშესაფარი და საწვრთნელი ბაზა. რამდენად შეასრულებს თალიბანი ამ პირობას, რთული სათქმელია. შესაძლოა, რომ მის წიაღში არსებულმა სხვადასხვა ფრაქციებმა, ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად შეიფარონ უცხოელი მებრძოლები მიუვალ, მთიან რეგიონებში. გარდა მებრძოლებისა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ საბრძოლო მოქმედებებში და რომელიმე დაჯგუფების ორგანიზაციულ საქმიანობაში მონაწილეობას, მაგრამ სურთ ოჯახებთან ერთად შარიათის კანონებით მართულ ქვეყანაში იცხოვრონ. ასეთ შემთხვევაში, ისინი არასრულწლოვანებსაც გადაიყვანენ ავღანეთის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავღანეთის კონფლიქტმა ისეთივე მასშტაბის მობილიზაცია გამოიწვიოს საქართველოში, როგორც ეს სირიისა და ერაყის კონფლიქტისას მოხდა. ამასთანავე, საქართველო ვერ გადაიქცევა საერთაშორისო მებრძოლთა ტრანზიტულ ტერიტორიად, რადგან ჩრდილოკავკასიელთათვის და ევროპაში მცხოვრებთათვის უფრო ხელსაყრელი ტრანზიტული ქვეყნები შუა აზიის სახელმწიფოები, ირანი და პაკისტანი იქნება. იმ ფონზე, რომ თალიბანის სარდლობამ აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე სალაფიზმის ქადაგება, საქართველოში და კავკასიაში მცხოვრები სალაფიტებისთვის ავღანეთი ნაკლებად მიმზიდველი გახდება. გარდა ამისა, თალიბანის მიერ გადადგმული ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ ეს მოძრაობა არ დაიწყებს შურისძიების კამპანიას ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ ავღანეთის ფარგლებს გარეთ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ თადარიგი უნდა დაიჭიროს, რათა თუნდაც მცირე რაოდენობით ჩვენი მოქალაქეების მობილიზაციას მომზადებული შეხვდეს. საქართველომ აუცილებლად უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ოფიციალურ ისლამაბადთან, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების სფეროში, ვინაიდან პაკისტანს ტრადიციულად დიდი გავლენა აქვს მოძრაობა თალიბანზე. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლები უცხოეთში, მზად უნდა იყვნენ თალიბანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და კონტაქტების დამყარებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თალიბანმა, თუნდაც ფორმალურად, ჩამოაყალიბა ინკლუზიური მთავრობა და ავღანეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იქცა, საქართველომ აუცილებლად უნდა განაგრძოს ახალ ადმინისტრაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები და აქტიურად იმუშაოს თალიბანის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პრევენციაზე. რუსეთის დიპლომატიური არხების ლობისტური მუშაობა ავღანეთში კარგად გამოჩნდა ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციის მიერ ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებისას.

დაახლოებით ოცწლიანი პაუზის შემდეგ, თალიბანმა ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე აღადგინა კონტროლი. ხელისუფლების ჩამოყალიბებამ და ლეგიტიმაციის მოპოვებამ შესაძლოა დიდი დრო წაიღოს.        გახდება თუ არა ავღანეთი საერთაშორისო მებრძოლთა მორიგი შეკრების ეპიცენტრი, დამოკიდებულია თალიბანის ურთიერთობაზე რეგიონის სახელმწიფოებთან და მის შიდა პოლიტიკაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, შექმნილი ვითარება გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს კავკასიის რეგიონზე და ის ჯიჰადის გამოცდილების მქონე პირთათვის შესაძლოა მიმზიდველ რეგიონად იქცეს.

 

 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.