20 სექტემბერს ზუსტად 8 თვე შესრულდება, რაც ჯოზეფ ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას შეუდგა. ჩვენი მიმოხილვის მიზანია შევაფასოთ მისი ადმინისტრაციის საქმიანობა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელიც, ცხადია, ვერ განიხილება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებისგან და საშინაო პოლიტიკაში მიღებული გადაწყვეტილებებისგან განცალკევებით. როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებში გადადგმულ ნაბიჯებს ვაფასებთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ, თუ რა მემკვიდრეობა დახვდა მას წინამორბედი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისაგან. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის შეფასების დროს. ძალიან მოკრძალებულად რომ ვთქვათ, მდგომარეობა, რომელიც ჯოზეფ ბაიდენს დონალდ ტრამპის შემდეგ დახვდა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, მარტივი ნამდვილად არ იყო. პოლარიზებული საზოგადოება თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში და გართულებული ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან - ეს არის ის, რაც ძალიან მოკლედ შეიძლება ეწოდოს 2021 წლის 20 იანვრისთვის არსებულ მდგომარეობას ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს დამატებით ართულებდა პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ძალიან რთული ეპიდ. ვითარება და მნიშვნელოვნად გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციისგან, პირველ რიგში, სწორედ მთავარ საშინაო გამოწვევებთან სწრაფად და ეფექტიანად გამკლავებას ელოდნენ. მას შემდეგ, რაც 6 იანვარს რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ჯგუფებმა კაპიტოლიუმში შეჭრა სცადეს, დაძაბულობამ ამერიკულ საზოგადოებაში კულმინაციის პიკს მიაღწია. ამიტომაც ჯოზეფ ბაიდენის მთავარი გზავნილი და პირველი ნაბიჯები სწორედ ქვეყნის შიგნით საზოგადოების დამშვიდებისა და გაერთიანებისკენ იყო მიმართული. რა თქმა უნდა, ამ დრამატული პროცესების მხოლოდ საშინაო კონტექსტში განხილვა არ იქნება სწორი. აშშ-ს შიგნით მიმდინარე დაძაბულ პროცესებს ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს როგორც აშშ-ს პარტნიორები, მათ შორის საქართველოც, ისე მისი მოწინააღმდეგეები და არაკეთილმოსურნეები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჯო ბაიდენმა ამ 8 თვის განმავლობაში შეძლო ამერიკული საზოგადოების განკურვნა, როგორც ამას აცხადებდა თავის საინაუგურაციო გამოსვლაში, მაგრამ ვითარება შედარებით დამშვიდდა და პროცესები უფრო წყნარ და საქმიან დინებაში ნამდვილად გადავიდა. ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა პანდემიასთან გამკლავებისაკენ, ვაქცინაციის ტემპების დაჩქარების თვალსაზრისით და ფინანსური და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიმართულებით. გაპრეზიდენტებიდან 6 თვის თავზე ჯო ბაიდენმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ 300 მილიონი ვაქცინა გაკეთდა მისი პრეზიდენტობის პერიოდში. ეს შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა დელტა ვარიანტის სწრაფმა გავრცელებამ აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე არსებული პანდემიის პრობლემა ახალი ძალით და სიმწვავით წარმოაჩინა. აგრეთვე ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით, ჯერ 1,9 ტრილიონი დოლარის მასტაბილიზირებელი პაკეტი დაამტკიცა ამერიკის სენატმა, შემდეგ კი ამერიკულ ინფრასტრუქტურაში 1 ტრილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე იქნა მიღწეული შეთანხმება. პრეზიდენტ ბაიდენის ამ მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებებმა შესაძლებელი გახადა დამატებით 3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლამდე მისაღწევად კიდევ 6 მილიონი სამუშაო ადგილია შესაქმნელი. ცხადია, მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოს შიგნით როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა თუ ვერ მიღწევა პირდაპირ ახდენს გავლენას გლობალურ სტაბილურობაზე. თუმცა, აშშ-ს პარტნიორებიც და მოწინააღმდეგეებიც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, თუ რა ნაბიჯებს გადადგამდა ჯოზეფ ბაიდენი საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ს პოზიციების გამყარების თვალსაზრისით. ყველაზე სწრაფად და, შეიძლება ითქვას უმტკივნეულოდ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო სისტემაში დაბრუნების თვალსაზრისით. პრეზიდენტობის პრაქტიკულად პირველ საათებში ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა, იყო აშშ-ს პარიზის შეთანხმებაში დაბრუნება. ასევე სწრაფად გადაწყდა საერთაშორისო სტრუქტურებში, კერძოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში აშშ-ს დაბრუნების თაობაზე განაცხადის გაკეთების საკითხი. ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი საინაუგურაციო გამოსვლაშიც და მას შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებში გახმიანდა ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან მიმართებით. „ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნდა“ - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ჯოზეფ ბაიდენმა პარტნიორებს 20 იანვარს კაპიტოლიუმის ბორცვზე გამოსვლის დროსაც და მოგვიანებითაც, ივნისის თვეში გამართულ დიდი 7-ეულის, ნატოს და აშშ-ევროკავშირის სამიტებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხანმოკლე, მაგრამ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვან სამიტზე აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა ნატოს განიხილავს, როგორც გლობალური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს და არ აპირებს არათუ გასვლას, რაზეც მისი წინამორბედი მიანიშნებდა, არამედ წამყვანი ქვეყნის პოზიციის დათმობასაც. ასევე ნაკლები სიხისტით საუბრობდა ის წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის თაობაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. განცხადებების გარდა, ისეთი გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, რომლებმაც ევროპელი პარტნიორები ძალიან გაახარა. ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებთან შეხვედრის წინ მოგვარდა მხარეებს შორის არსებული 17-წლიანი დავა ბოინგისა და ეარბასის სახელმწიფო სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით. აგრეთვე გადაწყდა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაწესებული სავაჭრო ტარიფები ევროპულ პროდუქციაზე შეჩერდებოდა. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ნამდვილად ჰქონდა განსაკუთრებული კმაყოფილების მიზეზი, ვინაიდან პრეზიდენტმა ბაიდენმა გააუქმა გერმანიის ქალაქ რამშტეინიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე მისი წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა თანამდებობიდან წასვლის წინ ქალბატონი მერკელისთვის ეს არ იყო ერთადერთი და არცერთ შემთხვევაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისაგან. ივნისის სამიტებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანქციებს არ დაუწესებდა „ნორდსტრიმ 2-ის“ ოპერატორ კომპანიას და მის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ვლადიმერ პუტინის მეგობარსა და კოლეგას, წარსულში აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანს ოლაფ ვარნინგს. ამ არასასიამოვნო ინფორმაციას კრიტიკით შეხვდნენ ნატოს წევრი პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. ცხადია, განსაკუთრებით მწვავე იყო უკრაინის რეაქცია, რომელიც „ნორდსტრიმ 2-ის“ პროექტის რეალიზებას სკუთარი სუვერენიტეტის და სტაბილურობის პირდაპირ საფრთხედ განიხილავს. მათგან განსხვავებით, ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავი იყო ვლადიმერ პუტინისთვის, რომელიც ასევე ემზადებოდა პრეზიდენტ ბაიდენთან ჟენევაში შესახვედრად. ძალიან ბევრი აზრი, კრიტიკა და ვარაუდი გამოითქვა პრეზიდენტ ბაიდენის ვლადიმერ პუტინთან სამიტამდე და მის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდებოდა, რომ ორივე მხარე ამ შეხვედრიდან მოგებული გამოვიდა. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ შეხვედრიდან უფრო მეტი წარმატება ვლადიმერ პუტინს ხვდა წილად, ვინაიდან მისთვის მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში, საშინაო მოხმარებისთვის, რომ დასავლეთი ისევ ითხოვს მასთან თანამშრომლობას და ურთიერთობების აღდგენას, ხოლო ჯოზეფ ბაიდენმა მიაღწია ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებას. მან ვლადიმერ პუტინთან აგრეთვე დააყენა კონკრეტულ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიიდან ჰაკერული თავდასხმების აღკვეთის და აშშ-ს საშინაო საქმეებში რუსეთის ჩაურევლობის საკითხები. რამდენად გაითვალისწინებს რუსეთის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენის მოთხოვნებს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თავად ვლადიმერ პუტინის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ივლისის თვეში გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მცდელობამ ევროკავშირის რუსეთთან სამიტის ორგანიზების თაობაზე. მაშინ ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა ისევ და ისევ პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და სხვა რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერების ძალისხმევით. მართალია, ანგელა მერკელი მაინც ჩავიდა გამოსამშვიდობებელი ვიზიტით რუსეთში, მაგრამ 1 თვით ადრე ის ეწვია ვაშინგტონს, სადაც საბოლოოდ გადაწყდა „ნორდსტრიმ 2-ის“ დასრულებისა და ფუნქციონირების საკითხი. უკრაინის ძალისხმევით მხოლოდ ის მოხერხდა, რომ გერმანიამ და აშშ-მ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთთან, რომლის თანახმად ის განაგრძობს უკრაინის გაზსადენების ინფრასტრუქტურის გამოყენებით ევროპაში გაზის მიწოდებას, თუმცა გარანტირებულად მხოლოდ 2024 წლამდე. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტიც თეთრ სახლში მხოლოდ ყველა ზემოხსენებული ორმხრივი და მრავალმხრივი სამიტების შემდეგ გაიმართა. თავად ზელენსკის შეფასებით, მისთვის რთულია იმის თქმა, შედგა თუ არა ე.წ. „ქიმია“ მასსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის, მაგრამ შეხვედრამ ნორმალურ, საქმიან ვითარებაში ჩაიარა. როგორც ვ. ზელენსკიმ აღნიშნა, იყო რთული მომენტებიც, მაგრამ ეს არ იყო რაიმე პრეტენზია უკრაინის ან პირადად მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ აშშ-სგან ამ ვიზიტის დროს მიიღო გადაწყვეტილება 60 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ, გაფორმდა ხელშეკრულებები თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში, „ნორდსტრიმ 2-ის“ თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უკრაინის ხმამაღალი მოთხოვნის იგნორირება ნათლად მეტყველებს, რომ უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ბევრი სირთულეების დამოუკიდებლად გადალახვა მოუწევს. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ვერც ევროპელი და, მით უმეტეს, ვერც ამერიკელი პარტნიორების დარწმუნება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბრძოლა, არამედ უკრაინა სწორედ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფრონტის წინა ხაზზე დგას. შესაძლოა, ეს ვიზიტი ოდნავ უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო და უფრო მეტი ყურადღება მიეპყრო, რომ არა ავღანეთში შექმნილი ძალიან მწვავე ვითარება. თალიბების მიერ ქაბულის და თითქმის მთელი ავღანეთის ელვის სისწრაფით დაკავებამ, ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანის ბოლო ეტაპის, საელჩოების თანამშრომლების, კონტრაქტით მომუშავე აშშ-ს მოქალაქეების და 2 ათწლეულის მანძილზე კოალიციისთვის მომუშავე ავღანელი თარჯიმნების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის დროს შექმნილმა ქაოსმა და დაძაბულობამ, განსაკუთრებით კი ქაბულის აეროპორტში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა ყველა სხვა საკითხი უკანა პლანზე გადასწია და კრიზისის სხვადასხვა ასპექტები მთელი სიმწვავით წარმოაჩინა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და კოალიციური ძალები ავღანეთიდან გაცილებით ადრე უნდა გასულიყვნენ. სექტემბერში აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ჯარების გაყვანას გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს, მაგრამ გაყვანის ბოლო ეტაპზე შექმნილმა არეულობამ და ტერაქტის შედეგად 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პირადად ჯოზეფ ბაიდენის რეპუტაციას, აშშს ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე და მის ურთიერთობებს პარტნიორებთან. ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენის რეიტინგი 7%-ით დაეცა და მისი პრეზიდენტობის 8 თვის განმავლობაში პირველად ჩამოსცდა 50%-ს. აგრეთვე ხმამაღლა დაისვა კითხვა, ნამდვილად დაბრუნდა თუ არა ამერიკა. სხვათა შორის, ეს კითხვა ჯერ კიდევ ივნისში გამართული სამიტების შემდეგ დაისვა, თუმცა მაშინ ის უფრო რიტორიკულად ჟღერდა. დღეს კი ძალიან სერიოზული მსჯელობა მიდის დიდ ბრიტანეთში და ევროპის დედაქალაქებშიც, რამდენად შეიძლება დაეყრდნოს ევროპა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისევ აქტუალური გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა ევროპის სტრატეგიული ავტონომიისა და აშშ-სგან დამოუკიდებლად ევროპული სამხედრო შენაერთის შექმნის შესახებ. სკეპტიციზმი ამ იდეასთან დაკავშირებით კვლავინდებურად დიდია, თუმცა, სწორედ აშშ-ს ადმინისტრაციის ბოლო მოქმედებებმა განაპირობა მისი ხელახლა გაცოცხლება. ავღანეთში განვითარებული მოვლენები ახლო მომავალში არაერთხელ იჩენს თავს როგორც აშშ-ს საშინაო პოლიტიკაში, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში, მაგრამ ავღანეთის გარდა კიდევ არის მთელი რიგი სტრატეგიული მიმართულებებისა, რომელიც გავლენას იქონიებს როგორც თავად აშშ-ს როლზე გლობალურ საკითხებში, ისე მის ურთიერთობებზე მოკავშირეებთან და მოწინააღმდეგეებთან. გარკვეულწილად უკვე შევეხეთ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, რაც ნამდვილად არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ამ მიმართულებას კიდევ დავუბრუნდებით ჩვენი მიმოხილვის ბოლოს, მანამდე კი აუცილებლად უნდა შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა აშშ-ს დამოკიდებულება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებულ შეთანხმებაში დაბრუნების თაობაზე და, ზოგადად, ირანთან მომავალი ურთიერთობები მისი ახალი, ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის პირობებში. უშუალოდ ავღანეთთან მიმართებით ირანი მიესალმა აშშ-ს გასვლას და გამოთქვა იმედი, რომ ახლა შესაძლებელი გახდება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება. რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას, ირანის ახალი პრეზიდენტის პოზიცია კიდევ უფრო ხისტია და, შესაბამისად მოლაპარაკებები ამ მიმართულებით ძალიან რთულად მიმდინარეობს. როგორც ირანის ხელისუფლების განცხადებებიდან და გადადგმული ნაბიჯებიდან იკვეთება, ის არ აპირებს უკან დახევას, მიუხედავად იმისა, რომ მას, ამერიკის მხრიდან დაწესებული უმკაცრესი სანქციების გამო, ძალიან გაურთულდა ეკონომიკური მდგომარეობა. პირიქით, ირანმა განაახლა და დააჩქარა ურანის გამდიდრების პროცესი, რამაც გაართულა აშშ-ს შეთანხმებაში დაბრუნების საკითხიც და ევროპელების პოზიციებიც ამ პროცესში. თავის მხრივ, აშშ-ც არ ჩქარობს შეთანხმებასთან მიერთების მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას, მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებებისა, რომ ჯოზეფ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ, სავარაუდოდ, დაუბრუნდებოდა ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც დატოვა დონალდ ტრამპმა. ამავე დროს, ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ აშშ-ს ძალიან სჭირდება მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატების მიღწევა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში და ირანის ხისტი პოზიციის გათვალისწინებით, მას გაუჭირდება ირანის მხრიდან სერიოზული დათმობის გარეშე ზემოაღნიშნულ შეთანხმებაზე მიერთება. აშშ-ს ირანთან ურთიერთობების კონტექსტში, და არა მხოლოდ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისრაელი, რომლის ამჟამინდელი პრემიერი ნაფტალი ბენეტი ასევე იმყოფებოდა ვაშინგტონში და შეხვდა ჯოზეფ ბაიდენს. საერთო შეფასებით, ამ ორ ლიდერს შორის ურთიერთობები ნამდვილად შორს არის იმ ხარისხის კავშირებიდან, რომელიც არსებობდა დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში პოლიტიკური რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ირანთან მიმართებით ისრაელის გეგმებისა და დამოკიდებულების გადახედვა ნამდვილად არ მომხდარა. ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა კვლავაც აცხადებს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის რეალური საფრთხის პირობებში, ისრაელი არ დაიხევს უკან დამოუკიდებლად ირანზე თავდასხმისგან. მათი თქმით, მზადება ამ მიმართულებით არათუ გრძელდება, არამედ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ასე რომ, აშშ შეიძლება სერიოზული დილემის წინაშეც დადგეს ახლო მომავალში. როდესაც დიპლომატიურ გამარჯვებებსა და სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აშშ-ს პირველი და უმთავრესი სამიზნე ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა და განავითარა ის ხაზი, რომელიც ჩამოაყალიბა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან ურთიერთობაში. ვაჭრობაში დაწესებული მრავალმილიარდიანი ტარიფები კვლავინდებურად ძალაშია, ხოლო ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით აშშ-ს კრიტიკული რიტორიკა ჩინეთთან მიმართებით კიდევ უფრო მეტად ხისტი გახდა. გარდა ამისა, აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია ასევე აქტიურად ცდილობს ერთგვარი კოალიციის შეკვრას ჩინეთის წინააღმდეგ. ნატოელი მოკავშირეების გარდა, ის აქტიურად მუშაობს ავსტრალიასთან, იაპონიასა და ინდოეთთან. თუმცა, ამ მიმართულებითაც არ არის მარტივად საქმე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მართალია, ევროკავშირმა და სხვა პარტნიორებმა ბოლო 8 თვის განმავლობაში მკაცრი განცხადებებიც გააკეთეს, პირველი პერსონალური სანქციებიც დაუწესეს ჩინელ მაღალჩინოსნებს და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც გამართეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან აშშ-სთან ერთად ჩინეთთან ცივი ომის დაწყებისთვის. თითოეულ მათგანს აქვს სერიოზული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც მათთვის წარმოადგენს ძალიან საინტერესო ქვეყანას როგორც ბაზრის ათვისების, ისე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ამდენად, ჩინეთთან ურთიერთობაშიც რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას უახლოეს მომავალში ნაკლებად უნდა ველოდოთ. ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციის დასრულება აუცილებლად იმოქმედებს აშშ-სა და საქართველოს ყოველდღიურ ურთიერთობებზე. საქართველოს ძალიან სერიოზულად და დაუყოვნებლივ სჭირდება დაფიქრება იმ მიმართულებებზე, რომელიც უნდა შეიმუშაოს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის. პირველ რიგში, სერიოზულად გასაანალიზებელია აშშ-ს ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები და ქმედებები როგორც რუსეთთან მიმართებით, ისე ავღანეთში ომის დასრულების თვალსაზრისით. ზემოთ აღწერილი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს ნამდვილად დაჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის იყოს. ამის გაკეთება წარმოუდგენელი იქნება, თუ თავად საქართველო არ განახორციელებს ქვეყნის შიგნით უმნიშვნელოვანეს რეფორმებს და არ შესთავაზებს აშშ-ს თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება თუ რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში პარტნიორობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. თალიბების ავღანეთში გამარჯვების შემდეგ ახლო მომავალში მაღალი ალბათობით გაიზრდება ტერორიზმის საფრთხე. ამ მიმართულებით შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა. რაც შეეხება სამხედრო-პოლიტიკური კავშირების განმტკიცებას, ავღანეთის, როგორც აშშ-ს ნატოს არაწევრი მოკავშირის სტატუსის მქონე ქვეყნის მაგალითზე ნათელი გახდა, რომ ამ ტიპის ურთიერთობა ვერ წარმოადგენს იმავე ხარისხის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიას, როგორიც არის ნატოში გაწევრიანება. მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიის ჩემპიონის სტატუსის დაბრუნებით შევძლებთ მივიპყროთ ჩვენი პარტნიორების უფრო მეტი ყურადღება და მივიღოთ მათგან მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანებაზე. საჭიროა დიპლომატიური საქმიანობის გაათმაგება, რათა სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ რეგიონში პოზიციების აღდგენა და განმტკიცება შედის თავად აშშ-ს ინტერესებში და რომ ამისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ერთგული და საიმედო პარტნიორის, გაძლიერება. |