X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (უკრაინის ომი - სპეციალური გამოცემა: 13-1, 24-28 თებერვალი)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

ჩრდილოეთ კავკასიის როლი უკრაინის ომში - სახელისუფლებო ფრთა

(სპეციალური გამოცემის პირველი ნაწილი)

 

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაუწყებელი დროებით იცვლის ფორმატს და სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ახალი გამოცემები დაეთმობა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლების როლს უკრაინის ომში.

 

პროპაგანდისტული გზავნილები

ჩრდილოკავკასიური სამთავრობო წყაროები, მათ შორის, სატელევიზიო, ინტერნეტმედია და სოციალური ქსელები უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე განსაკუთრებით აქტიურობენ. ოფიციალური წყაროები, რომლებიც პირდაპირ კონტროლდება ხელისუფლებისგან, იმეორებენ იმ ნარატივს, რაც ზოგადად რუსულ ფედერაციულ მედიაში გვხვდება. ძირითადი გზავნილები, როგორც წესი, ცენტრალიზებულია და სხვადასხვა წყაროში მცირედი ინტერპრეტაციით მეორდება.

პროპაგანდის ძირითადი მესიჯებია:

  1. რუსული საბრძოლო დანაკარგები უმნიშვნელოა, უკრაინის მხარის დანაკარგები კი მას ბევრად აღემატება. რუსეთი დასახულ გეგმას წარმატებით ასრულებს.
     
  2. ჩრდილოკავკასიელები უკრაინაში გმირულად იბრძვიან. ისინი ხშირად გამოყვანილი ჰყავთ თითქმის მითოლოგიური სახით, როგორც უძლეველი მეომრები.
     
  3. რუსული ძალები ტერიტორიებს უკრაინული წინააღმდეგობის გარეშე იკავებენ, ხოლო ვინც რუსულ არმიას ხვდება, იარაღს ყრიან და ნებდებიან.
     
  4. ასევე გვხვდება ომის გამართლება ისლამური გადმოსახედიდან. მაგალითისთვის, რომ დასავლეთი „გარყვნილების“ საბადოა და რუსული არმია უკრაინას ამისგან ათავისუფლებს. ეს მნიშვნელოვანია მუსლიმი მეომრების მოტივირებისთვის.
     
  5. მთავრობისგან კონტროლირებადი წყაროები დასავლურ მედიას ადანაშაულებენ „ფეიკების“ გავრცელებაში. გვხვდება უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული კონკრეტული ვიდეოები, ფოტოები, რომლებიც განხილულია, როგორც „ფეიკები“.
     
  6. უკრაინელების მიმართ გაისმის მოწოდებები, რომ ხალხმა ხმა უნდა აიმაღლოს, წავიდეს თავისი მთავრობის წინააღმდეგ და თავად დაასრულოს ნაციზმი უკრაინაში.
     
  7. ხშირად გვხვდება უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დამამცირებელი განცხადებები მაშინ, როდესაც თავად ვლადიმერ პუტინი განდიდებულია, როგორც „მამაცი ლიდერი“.
     
  8. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ომის დროს უკრაინელი ნაციონალისტები ავიწროებენ და ძალადობენ მშვიდობიან უკრაინელ მოსახლეობაზე. ხშირად გვხვდება ფრაზა, რომ უკრაინის ხელისუფლებას „ხალხი ტყვეობაში ჰყავს“.
     
  9. უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ, თითქოს ისინი იყენებენ ფოსფორსა და სხვა არაკონვენციურ იარაღს.
     
  10. ამბობენ, რომ  უკრაინას ტერორისტებმა შეაფარეს თავი, რომლებიც რუსეთშიც „უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ“, მათ შორის - ტერორისტებმა ახლო აღმოსავლეთიდან.
     
  11. უკრაინის ხელისუფლებას მოიხსენიებენ სიტყვებით: ფაშისტები, ნაცისტები, ბანდეროვცი, ტერორისტები, რადიკალები.

 

გარდა სამთავრობო და ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებისა, ჩრდილოეთკავკასიური პროპაგანდა აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებული აქტივობით კი - ტელეგრამს და ინსტაგრამს. ამ არხებზე კრიტიკული მოსაზრება, როგორც წესი, მალევე იბლოკება და კომენტარების და ლაიქების რაოდენობით ხელოვნურად იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომხმარებლების უმეტესობა ხელისუფლებას  უჭერს მხარს.

ყველაზე მეტად მოწონებული კომენტარები, როგორც წესი, მხარს უჭერს ჩრდილოეთკავკასიელი მეომრების ომში წასვლის გადაწყვეტილებას, ადიდებს ხელისუფლებას, აძაგებს დასავლეთს. ხშირად მოწონებულ კომენტარებში ასევე ჭარბობს რელიგიური და საბრძოლო მოწოდებები და სურვილები, რომ „ბიჭები უკან გამარჯვებული და საღ-სალამათი დაბრუნდნენ“.


ჩრდილოკავკასიელების ჩართულობა ომში

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრას ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მეთაურებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამ მხრივ ყველაზე აქტიური რამზან კადიროვია, რომელმაც რუსული აგრესიის დაწყებიდან თავის ოფიციალურ არხებზე არაერთი განცხადება გაავრცელა და რუსეთს უკრაინაში უფრო გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მოუწოდებდა.

კადიროვის 24 იანვრის განცხადება, რომ პუტინის ადგილზე უკრაინაში ჯარით შევიდოდა, მიუხედავად სხვა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ამ პერსპექტივის უარყოფისა, ზუსტად ერთ თვეში განხორციელდა. ამ მხრივ, ახლა უკვე დიდწილად სავარაუდოა, რომ კადიროვს დაგეგმილი სამხედრო აგრესიის შესახებ წინასწარი ინფორმაცია ჰქონდა და კრემლის ოფიციალური პოზიცია გააჟღერა. შესაბამისად, ის ჩეჩნურ შეიარაღებულ ძალებს ამ სამხედრო ინტერვენციისთვისაც წინასწარ ამზადებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთების დროს ეს სამხედრო ოპერაცია კავკასიაში 2000-იანი წლების დასაწყისში „ტერორისტებთან“ ბრძოლას შეადარა.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება გაამართლა დაღესტნის მეთაურმა სერგეი მელიქოვმაც, რომელმაც ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ „თუ რუსეთი არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ახლა უკრაინაში ხორციელდება, მას აღარავინ აღარაფერს შეეკითხებოდა“. მან ამ გადაწყვეტილების გამართლება სოციალურ/-ეკონომიკური კუთხითაც სცადა. გადაწყვეტილებას მიესალმა ყაბარდო-ბალყარეთის მეთაური კაზბეკ კოკოვიც.

სხვადასხვა წყაროს, მათ შორის, თავად კადიროვის მიერ გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში საბრძოლველად ასევე წასულები არიან ე.წ. „კადიროვცი“ - ჩეჩენი მეომრები. უკრაინული წყაროებიდან არაერთი ინფორმაცია და ვიდეო ვრცელდება უკრაინელ მეომრებთან შეტაკების დროს დაღუპულ „კადიროველებზე“, თუმცა თავად ჩეჩნური პროპაგანდა ამას უარყოფს.

მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ამ მომენტისთვის რუსული საოკუპაციო ჯარების სამხედრო აგრესია უკრაინაში წარმატებით არ მიმდინარეობს, შეგვიძლია ამოვიკითხოთ კადიროვის 27 თებერვლის ოფიციალურ განცხადებაში, სადაც ის რუსეთის მხარეს და უშუალოდ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს უკრაინელი „ფაშისტების“ მიმართ მეტი ძალა გამოავლინონ - „Но мне непонятно, почему мы продолжаем нянчиться с бандеровцами?“ კადიროვის შეფასებით, სპეცოპერაცია დიდხანს გრძელდება და „არაეფექტურად“ მიმდინარეობს. მან 28 თებერვლის საღამოს საკუთარ „ტელეგრამ-არხზე“ კრემლთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პუტინს „ყველაზე საუკეთესო, ძლიერი, ბრძენი, შორსმჭვრეტელი, მეომარი, პატრიოტი“ პრეზიდენტი უწოდა.

ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისა და კრემლის პოზიციებს იზიარებენ ოფიციალური რელიგიური პირებიც. ჩეჩნეთის მუფტმა სალაჰ მეჟიევმა უკრაინაში შეჭრას „მოციქულისა და ისლამისთვის“ ბრძოლა უწოდა. მუფტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძირითადად მუსლიმი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლებისთვის, რომელთაც დამატებითი მოტივაცია სჭირდებათ უკრაინაში ბუნდოვანი მიზნისთვის საბრძოლველად.

დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან უკრაინაში საბრძოლველად ასევე არიან სხვა ჩრდილოკავკასიელებიც, მათ შორის - დაღესტნელები. ერთ-ერთი იშვიათი ოფიციალური ცნობა რუსი სამხედროს გარდაცვალების შესახებ სწორედ დაღესტნის მეთაურმა სერგეი მელიქოვმა გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინაში ოპერაციას შეეწირა რუსეთის არმიის დაღესტნელი ოფიცერი ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვი. სხვა წყაროების ცნობით, უკრაინაში ტყვედ არიან ჩავარდნილი სხვა დაღესტნელი მებრძოლებიც. სხვა რესპუბლიკების ოფიციალური წყაროები მსხვერპლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ, რაც ზოგადად იმეორებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომთან მიმართებით აქვს - მსხვერპლთა მასშტაბების გაცხადება რუსული პროპაგანდის ფუნქციონირებას უშლის ხელს.

მიუხედავად ამისა, სხვა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებიდან უკრაინის ომში ჩართულობაზე მედია იუწყება. თუმცა, უცნობი რჩება ზუსტი ციფრები, უცნობი რჩება მათი ზუსტი დანაკარგები, ჩრდილოკავკასიური მედია და ოფიციალური წყაროები კი ამაზე ლაპარაკს თავს არიდებს. 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.