X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რას ნიშნავს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ერაყში?

  • ავტორი: ზურა ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

No 52

 

2022 წლის 27 ოქტომბერს ერაყის პარლამენტმა ერთწლიანი კრიზისის შემდეგ  ერაყის ახალი მთავრობა დაამტკიცა. 

რატომაა ეს მოვლენა მნიშვნელოვანი და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

ერაყის ახალი პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შია ალ-სუდანი

ერაყის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა 52 წლის მოჰამედ შია ალ-სუდანი, რომელსაც ადრე ადამიანის უფლებების, ასევე შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობები ეკავა.

მთავრობაში შესვლაზე უარი თქვეს ალ-სუდანის მოქიშპე ალ-სადრის შიიტური მოძრაობის წარმომადგენლებმა.

სამაგიეროდ, ალ-სუდანის ზურგს უმაგრებს პროირანული შიიტური ფრაქციების გაერთიანება, რომლებიც ე.წ. „საკოორდინაციო სტრუქტურაში“ შედიან. ისინი ერაყის 329-კაციან პარლამენტში 138 მანდატს ფლობენ.  

ახალ კოალიციას ასევე მხარი დაუჭირა სუნიტთა პარტიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ალ-ჰალბუსი ხელმძღვანელობს და ორმა ქურთულმა პარტიამ (ერაყში არსებული ძალაუფლების გადანაწილების წესის მიხედვით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შიიტი, პარლამენტი თავმჯდომარე - სუნიტი, პრეზიდენტი კი ქურთი უნდა იყოს).

ახალ მთავრობას ღიად უჭერს მხარს ირანი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ერაყის ახალი ხელისუფლება თეირანთან ურთიერთობების გაღრმავებას შეეცდება (მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად არჩეული აბდულ ლატიფ რაშიდიც პროირანული ქურთული ორგანიზაციის „ქურთისტანის პატრიოტული კავშირის“ წარმომადგენელია).

აღსანიშნავია, რომ ერაყის წინა მთავრობა რეგიონში არსებული ირანის მოწინააღმდეგე ბლოკისკენ (საუდის არაბეთი-ეგვიპტე-იორდანია) იხრებოდა.

ახლა ირანი, დიდი ალბათობით, შეეცდება დაასრულოს ერაყ-ირანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა და ერაყის გავლით გავიდეს თავის კიდევ ერთ მოკავშირე სირიაზე (და შესაბამისად, ხმელთაშუა ზღვაზე).

ამავე დროს ჩნდება შანსი, რომ ირანმა შესაძლოა ერაყი გამოიყენოს თეირანის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასარიდებლად.

ამასთან, ერაყის ახალი ხელისუფლება უამრავი პრობლემის (შიდაპარტიული და შიდა ეთნოკონფესიური დაპირისპირებები, „დემოგრაფიული აფეთქება“, უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, სასმელი წყლის დეფიციტი და ამ პრობლემების გამო დაუსრულებელი საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში) წინაშე დგას, რომელთა მოგვარება ვერცერთმა წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

ერაყში თითქმის არასოდეს სრულდება საპროტესტო გამოსვლები

ალ-სუდანის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება რადიკალური რეფორმების გატარებას აპირებს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, ალ-სუდანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მომხრეებშივე დაკარგავს პოპულარობას. აქ გასათვალისწინებელია წინამორბედი მთავრობის შემთხვევაც, რომელიც რადიკალური ეკონომიკური ცვლილებების გატარების მცდელობას შეეწირა.   

           

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.