X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

საქართველოს მიმართ რუსეთის განცხადებების მიმოხილვა

  • ავტორი: მედეა ივანიაძე
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული პოლიტიკა 2023

2023 წლის მარტიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს მიმართ სხვადასხვა საკითხზე ოკუპანტი რუსეთის განცხადებებს აკვირდება. საქართველოს შესახებ რუსეთის განცხადებების მიმოხილვის გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

*წინამდებარე პუბლიკაცია მეტწილად 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

შესავალი

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, ოკუპანტი რუსეთისგან უსაფრთხოდ თავს არც საქართველო გრძნობს, რადგან მანამ, სანამ მოსკოვი არ არის საბოლოოდ დამარცხებული, თბილისი მის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება. 2022 წლის ბოლოდან რუსეთმა, წინა პერიოდთან შედარებით, საქართველოსთან სხვადასხვა სახის ურთიერთობის გააქტიურებაზე დაიწყო ხშირი საუბარი და თან საქართველოს მიმართ წნეხსა და მუქარასაც აგრძელებს.

რუსეთის განცხადებებს თუ შევხედავთ, ერთი მხრივ, მოსკოვის დადებითი განწყობა განპირობებულია საქართველოს იმგვარი პოლიტიკით, რასაც რუსეთის მოწონება და ქებაც კი დაუმსახურებია, მეორე მხრივ კი, გრძელდება რუსეთის განუწყვეტელი მუქარა საქართველოს მიმართ, რადგან მოსკოვი ხედავს ქართველი საზოგადოების მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ოკუპანტი ქვეყნის მიმართ და ქართველი ხალხის მრავალწლიან მისწრაფებას – გახდეს ევროატლანტიკური სამყაროს ნაწილი.

ორმხრივი ფრენების აღდგენის შესაძლებლობის საკითხი

საქართველოს პოლიტიკის მიმართ რუსეთის დადებითი რიტორიკის ბოლოდროინდელი გააქტიურება ფრენების შესაძლო აღდგენაზე საუბრის დაწყებით გამოიხატა. 2022 წლის 10 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა თქვა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებასა და ვიზალიბერალიზაციაზე მიიღოს გადაწყვეტილება, „თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება“.

მას შემდეგ, რაც 2019 წელს საქართველოს პარლამენტში რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მიწვევას მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რითაც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოში მგზავრების გადაყვანა დროებით აუკრძალა. დოკუმენტის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და „დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის მოქალაქეთა დასაცავად“ მიიღეს. მისი გაუქმების პირობებზე საუბრისას კი რუსული მხარე „რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა“ და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასახელებდა.

დეკემბრის შემდეგ, 2023 წლის 18 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაგრძელებას შეძლებდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარული იყო ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებით.

ლავროვის ნათქვამს იმავე დღეს გამოეხმაურა ზემოხსენებული რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელმაც განაცხადა, რომ „უკრაინის საკითხისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომის მიმართ საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით“, აუცილებელი იყო არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ რუსეთ-საქართველოს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც.

შემდეგ, 1 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და თბილისსა და მოსკოვს შორის არაოფიციალურ დიალოგში რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე თქვა, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ. თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ „ტანგოსთვის ორი იყო საჭირო“, რადგან „თუ დუეტის ერთი მონაწილე ორჭოფობს, მაშინ ძალით ზეწოლა არაა საჭირო“. „ასეთი შესაძლებლობა არსებობს და გადაწყვეტილება როგორი იქნება, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული,“ – თქვა კარასინმა.

ამის შემდეგ დასავლეთი რუსეთთან ფრენების განახლების შემთხვევაში საქართველოს მისამართით შესაძლო სანქცირებაზე ალაპარაკდა. ამ დროიდანვე ჩნდება რუსული მხარის კრიტიკული განცხადებებიც.

5 თებერვალს რუსეთის ზედა პალატის ფედერალური საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა, თბილისისადმი ევროკავშირის მოწოდების გამო, საავიაციო სფეროში შეერთებოდა სანქციებს, საქართველო გააკრიტიკა და თქვა, რომ ასე გამოიყურებოდა „სუვერენიტეტის სრული დაკარგვა“.

„სწორედ ასე გამოიყურება გეოპოლიტიკური მონობა, ვინმეს კიდევ ეჭვი თუ ეპარებოდა. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სწორედ ამაში გაება საქართველო თავისი ევროპისკენ სწრაფვით, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად,“ – თქვა მან.

ამას იმავე დღეს მოჰყვა კარასინის განცხადებაც, რომ „როგორც მოსალოდნელი იყო, ახლა დასავლეთი, რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო, საქართველოსთვის ხელების გადაგრეხას იწყებს“.

8 თებერვალს კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად მიმართა რუსეთს ავიამიმოსვლის აღდგენის მოთხოვნით. მისი თქმით, ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდა. როგორც Вестник Кавказа-ს გვერდზე ვკითხულობთ, ასევე განიხილებოდა რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისების აღდგენა.

შემდეგ, მარტის ბოლოს, რუსულმა მხარემ კვლავ გაააქტიურა რიტორიკა საჰაერო მიმოსვლის სავარაუდო აღდგენაზე. 22 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ის საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და „თანამემამულეებთან“ ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების ზღვარზე იყვნენ.

„მე ვესაუბრე… უმაღლესი საფეხურის ბევრ მაღალჩინოსანს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, არის ავიამიმოსვლა და რუსეთში [შემოსვლისთვის] ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თქვენთან ამ გადაწყვეტილების ზღვარზე ვართ“, რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თქვა მან ეკონომიკურ ფორუმზე „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა“. კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მას უჭირს შეაფასოს, თუ როდის მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს და რა თანმიმდევრობით.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის 2019 წლის გადაწყვეტილების პასუხად საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა 2019 წლიდანვე ამბობდა, რომ რუსეთთან ფრენები რაც უფრო სწრაფად აღდგებოდა, მით უკეთესი იქნებოდა.

ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ დენის გონჩარის განცხადებიდან მალევე, 12 დეკემბერს, საქართველოს მმართველი პარტიის წევრმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ თუ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ის „ამაში ცუდს ვერაფერს“ ხედავდა. ამავე დღეს ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც გამოეხმაურა და განაცხად, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ოფიციალური მომართვა არ მიუღიათ.

ლავროვის განცხადებას 19 იანვარს პოზიტიურად გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ფრენები აღდგებოდა, ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა მოქალაქეებისთვის და „მხოლოდ მისასალმებელი“ იყო. მან ასევე თქვა, რომ ფრენების შეწყვეტა რუსეთის მიერ დაწესებული „ერთგვარი სანქცია“ იყო და ამან რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დააზარალა.

მსგავსი არგუმენტი, რომ ფრენები რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმოსვლაში დაეხმარებოდა, კალაძემაც დაასახელა. ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კი ასევე დაამატა: „თუ შესაძლებელია, რომ ლარსის საბაჟოდან მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს?“

აღსანიშნავია, რომ 23 მარტს კალაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ისინი მიესალმებოდნენ რუსეთთან პირდაპირ ფრენებსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას.

ფრენების შესაძლო აღდგენას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა აშშ-დან და ევროკავშირიდან. ამ საკითხზე აშშ-მ შესაძლო სანქციებზე გაფრთხილებაც გამოაქვეყნა.

2 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლების შემთხვევაში, „საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“.

6 თებერვალს კი ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანმა სპიკერმა პიტერ სტანომ ევროკავშირის სახელით საქართველოს მოუწოდა, რომ  ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა სიფხიზლე სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი შესაძლო მცდელობის მიმართ და დაამატა, რომ „ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი განიხილავს, რომ სანქციები დაუწესოს მათაც, ვინც მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას“.

ამ მოწოდებას 13 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაც მოჰყვა, რომ ფრენების აღდგენა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო, თუმცა იქვე დაამატა: „ჩვენი თვალთახედვით, საქართველოს თანხვედრა უნდა ჰქონდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია“.

აღსანიშნავია, რომ ლავროვის 18 იანვრის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 24 იანვარს, ფრენების შესაძლო აღდგენას უარყოფითად გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი. Европейской правда-ს თანახმად, კასიანოვმა განაცხადა: „პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა დახმარების შესაძლებლობა განიხილონ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში“. კასიანოვის განცხადებიდან მეორე დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენ პერებიინისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ელჩმა დარწმუნებით თქვა, რომ საქართველოს რუსეთთან ფრენების განახლების განზრახვა არ ჰქონია.

აქვე, ფრენების შესაძლო აღდგენაზე რუსეთის რიტორიკასთან დაკავშირებით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სოჭის პორტის დირექტორის, იური ვლადიმირის განცხადებით, რუსეთის სოჭის პორტი საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან მოლაპარაკებებს მართავდა, რომ მათ პორტებში მიმოსვლა დაეწყოთ. ინფორმაცია 24 იანვარს რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. ვლადიმირის თქმით, გადაყვანის დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულისთვის ჰქონდათ განზრახული. ამავე დღეს ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით რუსულ მხარეს ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და მათთვის უცნობი იყო, თუ რა მოლაპარაკებაზე ამბობდა სოჭის პორტის ადმინისტრაცია. ჯერჯერობით ამ ამბავს გაგრძელება აღარ ჰქონია.

ცხადია, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარიც კი დამაზიანებელია საქართველოსთვის, რადგან, როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყანა იწონებს ქართული მხარის გარკვეულ პოზიციებს. საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა იქნება ურთიერთობის ე.წ. ნორმალიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ განგრძობადი რუსული აგრესიის ფონზე საქართველოსთვის ამის არანაირი წინაპირობა არსებობს. ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსგავსი ნაბიჯი ნამდვილად შესაძლებელია, რომ დასავლური სანქციების დარღვევად შეფასდეს. ყველაფერთან ერთად, ფრენების შესაძლო აღდგენით რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად მეტი გზა გაეხსნებათ – საქართველოს 2019 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების 29% საავიაციო ტრანსპორტით შემოდიოდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან საქართველოში რუსეთის მრავალი მოქალაქე შემოდის, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გარკვეულ რისკებს წარმოადგენს.

მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე

საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გაკეთებული პოზიტიური განცხადებების ნაწილია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ მოსკოვის განცხადებები.

მაშინ, როდესაც 26 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, რუსულ-ქართული თანამშრომლობა ვითარდებოდა, მან აღნიშნა: „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა იქნება, პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას არ გამოვრიცხავთ“.

მას შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა, რუსეთის დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა ამ საკითხზე კომენტარი 22 მარტს გააკეთა და თქვა, რომ რუსეთი და საქართველო უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე იყვნენ.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს კახა კალაძემაც აღნიშნა, რომ მიესალმებოდნენ რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას.

რუსეთი 2019 წელსაც განიხილავდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, თუმცა მაშინ ეს გადაიდო. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა გავრილოვის ღამის და იმჟამად საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შესაძლო გაუქმებაზე რუსეთის ლაპარაკი ამ შემთხვევაშიც შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მოსკოვის დადებითი განწყობის გამოხატულება საქართველოს მიმართ და ოკუპანტი ქვეყნის მიერ ურთიერთობის გაღრმავების მცდელობა, რისი წინაპირობაც, როგორც აღინიშნა, საქართველოსთვის არ არსებობს.

რუსეთის პოზიტიური განცხადებები საქართველოს მიმართ და ანტიდასავლური დეზინფორმაცია

საყურადღებოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოსკოვი საქართველოს მთავრობის მიმართ სხვადასხვა სახის პოზიტიურ განცხადებებს ავრცელებს. რუსეთი განსაკუთრებით იწონებს მიმდინარე ომთან მიმართებით საქართველოს მთავრობის პოზიციას.

18 იანვარს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე „ხედავდა“, როგორ იყო საქართველო „დასავლეთის ზეწოლის ქვეშ“, რომ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მისივე თქმით, ის, რომ „პატარა ქვეყანასა და მის ხელმძღვანელობას“ ჰქონდათ „გამბედაობა“ ეთქვათ, რომ „ისინი საკუთარ ინტერესებსა და ეკონომიკურ ინტერესებს თავად უხელმძღვანელებდნენ“, პატივისცემას იწვევდა.

2 თებერვალს ლავროვმა კვლავ გააგრძელა საქართველოს ხელისუფლების ქება: „ახლა საქართველოში… არსებობს მთავრობა, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ მთავრობის კომპრომეტირება მსურს პოზიტიური სიტყვებით იმის შესახებ, რასაც ის აკეთებს, მაგრამ უბრალოდ მოვახდენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სხვა მინისტრების ციტირებას, რომლებიც სანქციებთან მიერთებისა და მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნით უპრეცედენტო ზეწოლაზე, უკვე ასეთი ტერმინოლოგია არსებობს, [ამბობენ] - მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ვაჭრობა, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს“. ლავროვის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ დასავლეთს „სურს საქართველო კიდევ ერთხელ აქციოს ,გამღიზიანებლად’ და დააბრუნოს სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“.

9 იანვარს რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ ლეონიდ სლუცკისაც უთქვამს, თითქოს დასავლეთი საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობდეს.

საქართველოს პოლიტიკის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შემცველი მასალა რუსულ სამთავრობო მედიაშიც ქვეყნდება. რუსეთის სამთავრობო მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომლის სახელწოდებაშიც ვკითხულობთ: „...საქართველო მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს“. სტატიის ავტორი საქართველოს წარმომადგენლების განცხადების ფონზე ასკვნის, რომ „თუ ევროპელები გააგრძელებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, თბილისი უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“.

მსგავსი მასალა რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ ანალიტიკური ცენტრების გვერდებზეც გვხვდება. მაგალითად, Вестник Кавказа-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრეი პეტროვი РСМД-ში წერს, რომ „25 თებერვალს საქართველომ ყველა გააოცა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ თბილისი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდებოდა“. რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს (РСМД) თანადამფუძნებელთა შორის არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისი სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი კი სერგეი ლავროვია.

რუსეთი სხვადასხვა პროპაგანდასა და დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს წინააღმდეგ, კერძოდ, თითქოს საქართველო დასავლეთის წნეხის ქვეშ იყოს და დასავლეთს ქვეყანაში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა უნდოდეს. საქართველო არა პარტნიორი დასავლელი ქვეყნების, არამედ მტრული სახელმწიფოს – აგრესორი რუსეთის წნეხის ქვეშ არის. „მეორე ფრონტის“ გახსნაზე განცხადებებიც რუსული ტყუილია საქართველოსა და დასავლეთის წინააღმდეგ. ასევე, რუსეთი იწონებს საქართველოს წარმომადგენლობის ე.წ. სუვერენულ პოლიტიკას, რაც ნიშნავს საქართველოს თავისი დასავლელი პარტნიორებისგან განზე დგომას. როდესაც ლავროვი საქართველოს ე.წ. ეროვნული ინტერესებით მოძრაობას დადებითად აფასებს, რეალურად გულისხმობს აგრესორი რუსეთის პირისპირ საქართველოს მარტო, დასავლელი პარტნიორების გარეშე, დარჩენას, რაც მოსკოვისთვის თბილისს მარტივ სამიზნედ აქცევს. მაშინ, როდესაც რუსეთის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და კვლავ განაგრძობს მათ მიმართ აგრესიას, საქართველოს ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი, მისი სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი დასავლელი პარტნიორების დახმარებაა, დასავლური კურსით სვლა და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ თითქოს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ, საქართველოს მთავრობაც აქტიურად იმეორებს.

რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, განმარტებაც მოუწია: „საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო“. ის, რომ თითქოს აშშ-ის საქართველოს ომში ჩათრევა ან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურდა, დეგნანს ადრეც შეუფასებია, როგორც „100%-ით რუსული დეზინფორმაცია“. ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „აბსურდული“ და „სუფთა სისულელე“ უწოდა.

რუსეთის განგრძობადი მუქარა საქართველოს მიმართ

ყველაფერთან ერთად, რუსული მხარე კვლავაც აგრესიით ემუქრება საქართველოს. 3 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და „თანამემამულეებთან“ ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა, განაცხადა, რომ საქართველო თავის დაფასებას, „რუსეთისგან კიდევ ერთხელ რაღაცის მოთხოვნას“ ცდილობდა და საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება „ოცნებებისა და ფანტაზიების სამყაროში“ რჩებოდა.

ზატულინი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 1 თებერვალს გაჟღერებულ იდეას, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ძალების გაყვანასაც უნდა მოიცავდეს.

კონსტანტინ ზატულინმა ისიც თქვა, რომ საქართველოს საზღვართან სიტუაციის გამწვავება შესაძლებელია. „ესკალაცია შესაძლებელია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა იმ ზეწოლას დანებდება, რომელიც მათზე არსებობს,“ – დაიმუქრა ზატულინი.

პარალელურად, დრო და დრო, არ წყდება მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან ფორმალურ შეერთებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე

საქართველოს მიმართ რუსულ მუქარასთან ერთად, 13 თებერვალს რუსეთმა ხელახლა წამოჭრა მოთხოვნა, რომ საქართველოს რუსეთის ოკუპირებულ ქართულ რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება დაედო.

„მათ [ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის] ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები, რუსეთი იცავს სახელმწიფო საზღვრებს გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში,“ – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

რუსეთს ადრეც წამოუყენებია საქართველოსათვის მსგავსი მოთხოვნა და ერთ-ერთ ასეთ დროს, მიზეზად საქართველოსა და რეგიონში „აშშ-ისა და NATO-ს სამხედრო აქტივობის ზრდაც“ დაუსახელებია.

აქ აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოსა და დასავლეთის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა კვლავ უარყოფითად შეაფასა მოსკოვმა. 2022 წლის სექტემბერში დენის გონჩარი მუქარით გამოეხმაურა საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას – „ღირსეული პარტნიორი 2022-ს“ (Noble Partner 2022). რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა თქვა, რომ რუსეთი თბილისსა და NATO-ს შორის „თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გაითვალისწინებდა“.

ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 22 მარტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსული მხარის განცხადებით, „ამიერკავკასიის რეგიონში“ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოსკოვი „საქართველოსგან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მიცემით“ და, ასევე, „საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და შემდეგი დემარკაციით“ ხედავენ.

რუსეთი თავად არ ეთანხმება საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობას და ამგვარ ვალდებულებას, პირველ რიგში, თავად არ იღებს. ასეთი მოთხოვნით რუსეთი ცდილობს საქართველოსთვის მეტწილად ისედაც უსარგებლო აბაშიძე-კარასინის ფორმატი ქართული მხარის პოზიციისთვის კიდევ უფრო საზიანო რეალობით ჩაანაცვლოს.

რუსეთის მოწოდება საქართველოსადმი შეუერთდეს ე.წ. 3+3 ფორმატს

საქართველოზე გავლენის გასაზრდელად და მისი სუვერენიტეტის უფრო მეტად ხელყოფისათვის რუსეთი კვლავაც მოუწოდებს საქართველოს, რომ ე.წ. „3+3 ფორმატს“ შეუერთდეს.

მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წარმოადგინა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე „3+3 ფორმატის“ შექმნის ინიციატივა – თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და ირანის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა

ქართული მხარე ამბობს, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. ე.წ. „3+3 ფორმატის“ პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მასში ქართული მხარე არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო აღმართული, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუღებლად შეაფასა.

საყურადღებოა, რაც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ დავით ზალკალიანს უთქვამს, რომ საქართველოსთვის „ძალიან გაჭირდებოდა“ ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად ამ ფორმატში მონაწილეობა, მაგრამ იქვე დაუმატებია: „თუმცა, მინდა საზოგადოებას ფიქრისთვის ასეთი პოზიცია მივაწოდო, რომ ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში რაღაც ფორმით [უნდა ვიყოთ], რა თქმა უნდა – არა სახელმწიფო ინტერესებისა და არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე... აუცილებელია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ყველა იმ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტში ვიყოთ, რომელიც შეიძლება ასცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს“.

ზალკანიანის სიტყვებს კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ქვეყანა ამ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავდა.

რუსული მხარე დღემდე არ წყვეტს მოწოდებებს, რომ საქართველო აღნიშნულ ფორმატში ჩაერთოს. მაგალითად, 28 იანვარს ლავროვმა თქვა, რომ „ქართველმა მეზობლებმა“ ამ ფორმატში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს, თუმცა თბილისის კარი ყოველთვის ღია იქნებოდა. 20 მარტს მან აღნიშნა: „ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს შეუერთდეს თუ არა ამ [3+3] ფორმატს“ და გაიმეორა, რომ თბილისისთვის კარი ღია იყო. 2021 წელს ლავროვს ე.წ. „3+3 ფორმატი“ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც განუხილავს. ეს პოტენციურად შესაძლოა მიანიშნებდეს ამ ფორმატში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ჩართვის სურვილზე, რაც, ყველაფერთან ერთად, საქართველოს სუვერენიტეტის მეტად შელახვას გამოიწვევს.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, განუწყვეტლივ განაგრძობს საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაწევას, იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს და ა.შ. საქართველომ მტრულ ქვეყანასთან მსგავსი თანამშრომლობის არანაირი გზა უნდა განიხილოს, რადგან ამ პლატფორმის გამოყენებით, რუსეთის ინტერესია რეგიონში დასავლეთის ჩართულობის ჩამოცილება, თავისი გავლენის გაზრდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უფრო მეტად შელახვა.

მოსკოვი „სამმხრივ დიალოგზე

საერთაშორისო საზოგადოებისგან რეგიონის იზოლაციის სურვილი რუსეთის სხვა განცხადებაშიც ჩანს. 10 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოსკოვი მიესალმებოდა სამმხრივ დიალოგს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მანვე დაამატა, რომ „თუ ვაშინგტონისა და ბრიუსელის ჩრდილი რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეთანხმების განხორციელებას ძირის გამოთხრას ესწრაფვის, მაშინ ეს სულ სხვა ამბავია“.

ამ განცხადებით რუსეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს სურვილს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის ჩართულობას ხელი შეუშალოს და რეგიონის ქვეყნებმა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკა არ გაატარონ.

რუსეთის რეაქცია საქართველოში რუსული კანონის მიღების, გაწვევისა და აქციების შესახებ

საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას, მასშტაბურ საპროტესტო აქციებსა და კანონის უკან გაწვევას მოსკოვის დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და მუქარის გარეშე არ ჩაუვლია.

9 მარტს კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეუძლებელია რუსეთის შეშფოთებას არ იწვევდეს. იმავე დღეს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა.

10 მარტს საქართველოს მოსახლეობას ანექსირებული ყირიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაემუქრა და ურჩია, რომ გაეხსენებინა 2014 წელს „მსგავსი სიტუაცია უკრაინაში“ და თუ „ბოლოს სადამდე მიიყვანა ამან“.

სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ თბილისის მოვლენები ძალიან ჰგავდა უკრაინის მაიდანს. მისი მტკიცებით, კანონი იყო საბაბი იმისთვის, რომ დაწყებულიყო ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა. სხვა დეზინფორმაციასთან ერთად, ის ირწმუნებოდა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები გარედან იყო მართული: „ეს არის რუსეთის საზღვრებთან გამღიზიანებლის შექმნის სურვილი“.

რესეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომაც ასევე განაცხადა, რომ თითქოს, აშშ ქმნიდა კერებს, რათა მოლდოვა და საქართველო რუსეთს დაპირისპირებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც გამოეხმაურა და დაიმუქრა, რომ „2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში“, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ. მან ასევე გაიმეორა მრავალჯერ თქმული დეზინფორმაციული ნარატივი: „სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს აჟიოტაჟი ჩვენთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო“.

კანონის გაწვევას 9 მარტს კონსტანტინ კოსაჩევი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მთავარი იყო ის, რომ კანონის გაწვევა გზას უკეტავდა მათ, ვისაც მისი გამოყენება სურდა „საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციის საბაბად, რათა ხელისუფლებაში მოეყვანათ უპირობოდ ლოიალური, დასავლეთისადმი მორჩილი და დაქვემდებარებული პოლიტიკოსები“.

საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის სამთავრობო მედიასა და ანალიტიკურ ცენტრებშიც გაჩნდა მსგავსი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივი, მაგალითად, სამთავრობო РИА-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ მასალას პროპაგანდისტული სახელწოდებით – „ცნობილი გახდა, თუ რას გააკეთებს აშშ საქართველოსთან რუსეთის დაზარალებისთვის“.

რუსეთის მთავრობას დაქვემდებარებული ფინანსური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დმიტრი ჟურავლევმა რუსეთის პროპაგანდისტულ რადიო სპუტნიკთან საუბრისას ასევე თქვა, რომ „უდავო იყო“, რომ საქართველოში ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციები „გარედან“ კოორდინირებული იყო.

რუსეთის პრეზიდენტის დაფუძნებული რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (РИСИ) ექსპერტის, კონსტანტინე ტასიცის მტკიცებით, აღნიშნული კანონი საქართველოსთვის უსაფრთხო იყო.

რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული ანალიტიკური ცენტრის РСМД-ის ექსპერტმა ვლადიმირ პრიახინმა კი დაწერა, რომ თითქოს „თეთრ სახლში საქართველოს უსიტყვო ვასალ მარიონეტად დანახვა“ სურდათ. РСМД-ის ექსპერტმა თბილისის პოლიტიკა შეაფასა, როგორც ბრძოლა „დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებისთვის“, რაც მისი ნარატივის მიხედვით, „სერიოზული გამოწვევაა აშშ-ის ჰეგემონური პოლიტიკისთვის სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ,ანტირუსეთის’ მშენებლობის უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ასპექტში“.

მოსკოვის მსგავს განცხადებებთან ერთად საყურადღებოა, რომ აქციებთან დაკავშირებით კრემლის მსგავს ნარატივს, როგორც DFRLab-ის კვლევა ცხადყოფს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც ავრცელებდნენ.

—----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ნათელია, რომ, ერთი მხრივ, როდესაც მოსკოვი თბილისის პოლიტიკას იწონებს, მასთან მეტ დაახლოებას ესწრაფვის (იქნება ეს ფრენების განახლებაზე თუ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრის დაწყება თუ სხვა) იმ დროს, როდესაც განგრძობადი რუსული აგრესიის ფონზე საქართველოსთვის ამის არანაირი წინაპირობა არსებობს. თავის მხრივ, ეს მხოლოდ საზიანო და სახიფათო რუსული გავლენის უფრო მეტად ზრდას თუ გამოიწვევს, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. რუსეთს მოსწონს საქართველოს მთავრობის ე.წ. დამოუკიდებელი პოლიტიკის ნიშნები, რაც რეალურად, პოტენციურად, რუსეთის პირისპირ საქართველოს მარტო, დასავლელი პარტნიორების გარეშე, ყოფნას გულისხმობს, რაც მტრული სახელმწიფოს პირისპირ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაზე წასვლას ნიშნავს. ამის ნაწილია ისიც, რომ რუსეთი „პატივს სცემს“ საქართველოს „გამბედაობას“ დასავლელი პარტნიორების მიმართ – თითქოს დასავლეთი იყოს საქართველოსთვის მტერი და არა – რუსეთი. ასევე რუსული ტყუილია, რომ თითქოს დასავლეთს უნდოდეს საქართველოში ომი და „მეორე ფრონტი“ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს მიტაცებული და არ წყვეტს საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა სახით აგრესიას.

ყველაფერთან ერთად მოსკოვი არ წყვეტს მუქარას საქართველოს მიმართ და კვლავაც მოითხოვს, რომ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ საზიანო შეთანხმებას  დათანხმდეს. რუსეთი აგრეთვე ცდილობს საქართველო იმგვარი საზიანო ფორმატებში ჩართოს, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. „3+3“, რასაც შეუძლია საქართველოზე რუსეთის მეტი გავლენის მოპოვება გამოიწვიოს.

პარალელურად, მოსკოვი ბრაზობს, როდესაც ხედავს ქართველი საზოგადოების მტკიცე პოზიციას – მაქსიმალურად დისტანცირდეს დამპყრობელი რუსეთისგან და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. კრემლის უკმაყოფილება ამ დროისთვის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ნარატივითა და საქართველოსადმი ხელახალი აგრესიის მუქარით გამოიხატება.

ამრიგად, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად და მანამ, სანამ რუსეთი ჯერ არ დამარცხებულა, ყურადსაღებია საქართველოს, როგორც ერთ-ერთი სამიზნის მიმართ, მოსკოვის განცხადებები. 


 

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.