X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 46, 20-26 ივლისი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 20-26 ივლისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 2 და დაიჭრა 7 უკრაინელი სამხედრო. კვირის განმავლობაში, სროლას ფრონტზე ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

ომი ლიბიაში - აშშ-ს აფრიკის სარდლობის ინფორმაციით, რუსული დაჯგუფება „ვაგნერი“ „გაფართოვდალიბიაში, რაც გამოიხატა ქვეყანაში დამატებითი რუსული სამხედრო თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრით. სარდლობის განცხადებით, აღნიშნული პროცესი „გამოხატავს შეტევითი საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესების განზრახვას.“

აშშ-ს აფრიკის სარდლობის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია რუსული ტექნიკა ლიბიაში

23 და 24 ივლისს, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებლებმა, შავი ზღვის თავზე აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავების გადაჭერა განახორციელეს. ასევე 23 ივლისს და შავი ზღვის თავზე, რუმინეთის გამანადგურებლები აიჭრნენ ცაში განგაშის საფუძველზე, რათა ორი რუსული Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენი გაეცილებინათ.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის საზღვაო ავიაციამ  დაიწყო საკუთარი Su-24M ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მოდერნიზაცია, მათზე SVP-24 ტიპის საავიაციო ხედვისა და ნავიგაციის სისტემების დაყენებით.

 

კოსმოსი

15 ივლისს, აშშ-მ რუსეთი დაადანაშაულა ორბიტაზე თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღის გამოცდაში, ამასთან,  „აღნიშნული გამოხატავს მოსკოვის განზრახვას, განათავსოს იარაღი [კოსმოსში], რაც საფრთხეს შეუქმნის აშშ-სა და მოკავშირეების თანამგზავრებს.“ ცდა ჩატარდა „კოსმოს 2543“ თანამგზავრის მეშვეობით. დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითა აღნიშნულ ინციდენტზე - მისი განცხადებით რუსებმა გაუშვეს „იარაღის მახასიათებლების მქონე“ ობიექტი/ნაკეთობა/ჭურვი.

 

სწავლებები*

10 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქიდან, ჩაერთო სწავლებაში, რომელიც სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის 8 ადმინისტრაციულ რეგიონში წარიმართა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთში, ცხინვალსა (საქართველოში) და ყირიმში (უკრაინაში). რუსეთის არმიის ინფორმაციით, აღნიშნული წვრთნები მოსამზადებელი ეტაპია წლის მთავარი სწავლებისთვის „კავკაზ-2020“, რომლის ჩატარებაც სექტემბერშია დაგეგმილი.

რუსული არტილერია სწავლებაზე აფხაზეთში, საქართველო

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებმა ჩაატარა წვრთნა რიაზანის ოლქში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 000-მდე სამხედრომ და 40-მა Il-76MD ტიპის სტრატეგიულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა. აღნიშნული ძალები წარმოადგენენ 98-ე (შტაბ-ბინა ივანოვოში) და 106-ე (შტაბ-ბინა ტულაში) საჰაერო-სადესანტო დივიზიებს და 31-ე საჰაერო-მოიერიშე ბრიგადას (ულიანოვსკი).

დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის ძალები ჩაერთვნენ სწავლებაში მოსკოვის, ნიჟნი-ნოვგოროდის, სმოლენსკის, ივანოვოსა და იაროსლავლის ოლქებში.  წვრთნაში მონაწილეობას იღებს მე-2 მექანიზებული დივიზია (შტაბ-ბინა კალინინეცში, მოსკოვის ოლქი), მე-4 სატანკო დივიზია (შტაბ-ბინა ნარო-ფომინსკში, მოსკოვის ოლქი), 27-ე მექანიზებული ბრიგადა (მოსრენტგენი, ქალაქი მოსკოვი) და მე-6 სატანკო ბრიგადა (ძერჟინსკი, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი), ჯამში 3 000 სამხედრო.

სომხეთისა და რუსეთის სამხედროებმა ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფების ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს სომხეთში. სწავლება ფოკუსირებული იყო მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებაზე.

 

შეიარაღების ექსპორტი

სერბეთმა წარმოადგინა UAZ Patriot ტიპის 56 ყველგანმავალი მანქანა, რომელიც საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთში შეიძინა. ამავე ტიპის კიდევ 8 მანქანა სერბეთს 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს მიეწოდება.

სერბეთის სამხედრო ძალების მიერ შესყიდული UAZ Patriot  ტიპის ავტომანქანები

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.