X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 17

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N17

მიმოხილვის პერიოდი: 16-30 სექტემბერი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
 

მთავარი მოვლენები:                                                                

  • კრემლი  სომხეთ-აზერბაიჯანს კონფლიქტის მოგვარების მიზნით რუსეთში შეხვედრის ორგანიზებას სთავაზობს.
  • რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ორგანიზებაში დასავლეთს ადანაშაულებს.
  • დასავლეთის მხრიდან არაღიარების პასუხად, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ტვირთების ექსპორტის ლიეტუვიდან რუსეთში გადამისამართებას გეგმავს.
  • ბელარუსი 1.5 მლრდ აშშ დოლარის რუსულ კრედიტს „გაზპრომის ვალის“ დასაფარადაც გამოიყენებს.
  • „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯები გადაიდგა.
  • „კავკაზ-2020-ის“ მასშტაბური სამხედრო წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც ჩატარდა.
  • მოლდოვის მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი რუსეთის მაგივრად რუმინეთმა დაიკავა.
  • ყაზახეთში პრორუსი ბლოგერი ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით დააკავეს.

 

რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანს შუამავლობას სთავაზობს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მთიან ყარაბაღსა და მის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად დაპირისპირებულ მხარეებს კონტაქტების დასამყარებლად რუსეთში შეხვედრა შესთავაზა.

მოვლენა დეტალურად: ლავროვმა მოსკოვის შეთავაზება დაადასტურა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოგრაბ მნაცაკანიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიხუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრის დროსაც. ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა მინისტრების მორიგ შეხვედრასაც გაუწიოს ორგანიზება. ლავროვის თქმით, რუსეთი ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს, შექმნას ისეთ პირობები, რაც კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით მოგვარებას შეუწყობს ხელს, როგორც პირისპირ მოლაპარაკებების გზით, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებდა და მოსკოვი კონფლიქტის მოგვარებისთვის ორივე მხარესთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გამოიყენებს. ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გაისმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების დროსაც.

განახლებული კონფლიქტი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. 1994 წელს, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა, რომელიც ჯერაც გრძელდება. 2016 წელს, „ოთხდღიანი ომის“ შედეგად, აზერბაიჯანმა მცირე ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. 2020 წლის ივლისში კი რამდენიმედღიანი დაპირისპირება მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მოხდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განახლებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე მოსკოვი ცდილობს ნეიტრალური შუამავლის როლი შეასრულოს. ეს კი შესაძლოა განპირობებული იყოს აზერბაიჯანთან ბოლო წლებში მკვეთრად გაუმჯობესებული ურთიერთობებით და სომხეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით.

 

რუსეთის დაზვერვა ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერაში დასავლეთს ადანაშაულებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 სექტემბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ორგანიზებაში დასავლეთი დაადანაშაულა.

მოვლენა დეტალურად: რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში დასავლეთის კვალი იკვეთება. მისი შეფასებით, საპროტესტო აქციები თავიდანვე კარგად ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და მისი კოორდინაცია დასავლეთიდან ხდება.

სერგეი ნარიშკინი. წყარო: რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ვებგვერდი

ნარიშკინის შეფასებით:

  • დასავლეთმა საპროტესტო გამოსვლების მომზადება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
  • 2019 წლიდან აშშ-მ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზებისთვის 20 მლნ აშშ დოლარი გამოუყო.
  • აქტივისტები პოლონეთში, ლიეტუვასა და უკრაინაში მოამზადეს, სადაც „არაძალადობრივი პროტესტის“ ტრენინგები ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს.
  • აშშ მფარველობს პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ოპოზიციის სხვა აქტივისტებს.
  • აშშ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელოს და  „ხელისუფლების გადაცემის“ საკითხში ოპოზიციურ საკოორდინაციო საბჭოსთან დაიწყოს მოლაპარაკება. მსგავსი მოწოდება მორიგი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობისა და ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მცდელობად არის შეფასებული.

საპროტესტო აქციების მსგავსი შეფასება რუსეთს ადრეც გამოუთქვამს, როდესაც საქართველოსა და უკრაინაში საპროტესტო გამოსვლების შედეგად „ფერადი რევოლუციები“ მოხდა.

ბელარუსის კრიზისი: ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ ხმების 80.1% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი - 10.1%. არჩევნების დღიდან მინსკსა და ბელარუსის ქალაქებში, ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით, მრავალათასიანი გამოსვლები არ წყდება. 14 სექტემბერს ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა და მისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო. ნარიშკინის განცხადებამდე ბელარუსში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ლუკაშენკომ დასავლეთის სახელმწიფოები დაადანაშაულა, განსაკუთრებით მისი უშუალო მეზობლები, ლიეტუვა და პოლონეთი. მტრის ხატის შექმნის მიზნით, ლუკაშენკო პოლონეთს დასავლეთ ბელარუსის მიწების მიტაცების, ნატოს კი სამხედრო აგრესიის მცდელობაში ადანაშაულებს. დასავლეთი არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ლუკაშენკოსა და რუსეთის მიერ დასავლეთის სახით „მტრის ხატის“ შექმნა და დასავლეთიდან მომავალ საფრთხეზე აპელირება ლუკაშენკოს მოკლევადიან პერსპექტივაში ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.

 

ბელარუსი ტვირთების ექსპორტის ლიეტუვის მაგივრად რუსეთიდან განხორციელებას გეგმავს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 25 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოსთან შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს ბელარუსული ტვირთების გატარებისთვის ლენინგრადის ოლქში ტერმინალის მშენებლობა შესთავაზა.

მოვლენა დეტალურად: ლუკაშენკოს აზრით, პორტის მშენებლობის დაფინანსება იმ აუთვისებელი კრედიტიდან შეიძლება, რომელიც ბელარუსში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობიდან მორჩა. ლუკაშენკომ მთავრობას სავაჭრო ნაკადების ბალტიისპირეთის პორტებიდან რუსეთში გადატანის საკითხის მომზადება მას შემდეგ დაავალა, რაც დასავლეთმა და, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გამო ლუკაშენკო მწვავედ გააკრიტიკეს.  

პირველ რიგში, ლუკაშენკო ტვირთების ექსპორტზე უარის თქმას კლაიპედის პორტიდან აპირებს. პოტენციურ პორტებად კი სანქტ-პეტერბურგისა და უსტ-ლუგას პორტები განიხილება. ბელარუსი წლიურად 10-11 მლნ ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებს, მათ შორის, 6 მლნ ტონის ექსპორტი ბალტიისპირეთის პორტებიდან გადის.

ახალი ინიციატივის მთავარი პრობლემა ფინანსებს უკავშირდება. დღეისთვის კლაიპედის პორტიდან ექსპორტი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე უსტ-ლუგადან. ამიტომაც, პირველ რიგში, რუსულ პორტებზე გადამისამართებისთვის საჭიროა ექსპორტთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხების დაზუსტება, რამაც ბელარუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი მომგებიანი უნდა გახადოს.

ბალტიისპირეთის პორტები. წყარო: tut.by

პოლიტიკური კონტექსტი: ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შემდეგაც მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. დასავლეთმა ლუკაშენკო ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარა და ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ბელარუსის ლიდერს დახმარების ხელი მხოლოდ რუსეთმა გაუწოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსში არჩევნების შემდეგ ლიეტუვა ლუკაშენკოს მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი გახდა. წლების განმავლობაში ენერგოსფეროში წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ლიეტუვიდან რუსეთში გადამისამართება უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს, რაც ლიეტუვის მხრიდან ლუკაშენკოს ოპოზიციის აქტიური მხარდაჭერით არის განპირობებული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: ბელარუსული ტვირთების ნაკადზე კონტროლის დამყარებით რუსეთი ლუკაშენკოს ბელარუსზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას გაზრდის და ამავე დროს შემოსავლების ახალ წყაროსაც უზრუნველყოფს.

 

ბელარუსი რუსულ კრედიტს „გაზპრომის ვალის“ დასაფარადაც გამოიყენებს

მთავარი მოვლენა: 1.5  მლრდ აშშ დოლარის რუსული კრედიტის ნაწილი „გაზპრომის“ მიმართ ბელარუსის დაგროვილი ვალების გადახდას მოხმარდება.

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 14 სექტემბერს სოჭში შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 1.5 მლრდ აშშ დოლარის კრედიტს დაჰპირდა. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელმაც ლუკაშენკოს ხელისუფლება ეკონომიკური გამოწვევების წინაშეც დააყენა, რუსული კრედიტი ლუკაშენკოსთვის „მაშველი რგოლი“ იქნება, თუმცა, როგორც ჩანს, კრედიტის ხარჯვა კრემლის პირობებით მოხდება.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ 1.5 მლრდ აშშ დოლარის რუსული კრედიტიდან 330 მლნ აშშ დოლარი „გაზპრომის“ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას მოხმარდება. დაპირებული კრედიტიდან 1 მლრდ აშშ დოლარს ბელარუსი წლის ბოლოსთვის მიიღებს, დანარჩენს კი - 2021 წელს. სილუანოვის შეფასებით, კრედიტი ბელარუსსა და მის სახელმწიფო კომპანიებს ვალების გასტუმრებასა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში დაეხმარება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე რუსული კრედიტი მოკლევადიან პერსპექტივაში ლუკაშენკოს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. თუმცა, ამავე დროს, კრედიტის ხარჯვისთვის წამოყენებული პირობები ლუკაშენკოს კრემლის პოლიტიკური მოთხოვნების მძევლად აქცევს.

 

ევროპა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 15 სექტემბერს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის შეჩერებას უკავშირდება.

მოვლენა დეტალურად: რეზოლუცია ალექსეი ნავალნის ეხება, რომელიც, გავრცელებული მოსაზრებით, მოწამლეს და ახლა მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის. ნავალნის მოწამვლის კონტექსტში ევროპარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

მიღებულ რეზოლუციას არ აქვს საკანონმდებლო ხასიათი, სარეკომენდაციოა და მისი შესრულება არ არის სავალდებულო ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მთავრობებისთვის.

კრემლის პოზიციით ნავალნის შემთხვევამ მილსადენის პროექტის ბედზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იგი კომერციული პროექტია და რუსეთისა და ევროკავშირის, განსაკუთრებით, გერმანიის ინტერესებში შედის. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის პოლიტიკური ელიტა მილსადენის პროექტის დასრულებას მხარს უჭერს, ნავალნის მოწამვლის შემდეგ ანგელა მერკელის კოალიციურ მთავრობაზე ზეწოლა გაიზარდა. მოწინააღმდეგეები მილსადენის პროექტის შეჩერებას მოითხოვენ, თუ მოსკოვი მოწამვლის შემთხვევას არ გამოიძიებს.

კოალიცია „ჩრდილოეთ ნაკადის 2-ის“ წინააღმდეგ

21 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პროექტის წინააღმდეგ მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი შექმნის კოალიციას, რომლის მიზანიც მილსადენის მშენებლობის დასრულებისთვის ხელის შეშლა იქნება. მანამდე სადაზღვევო კომპანიებმა იმ გემების დაზღვევაზე თქვეს უარი, რომლებიც მილსადენის მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას. უცხოურ კომპანიებს სანქციები პირველად 2019 დეკემბერში დაუწესეს, რის შედეგადაც შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas) პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა.

პროექტის შესახებ

არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. პროექტის დასრულების შემთხვევაში, რომელსაც რუსული მხარე 2021 წელს ვარაუდობს, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ).

რატომ არის პროექტის შეჩერება მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე.

 

 „კავკაზ-2020“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 21-26 სექტემბერს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში „კავკაზ-2020“-ის მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდა.

მოვლენა დეტალურად: „კავკაზ-2020“ სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო მოსამსახურეები არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სომხეთიდან, ბელარუსიდან, ჩინეთიდან, მიანმარიდან და პაკისტანიდან. საერთო ჯამში, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა 80 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა აზერბაიჯანმა და ინდოეთმა.

წვრთნები რუსეთის სამხრეთში, კაპუსტინ იარისა და აშულუკის სამხედრო პოლიგონებზე, და შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებში ჩატარდა. რუსულმა მხარემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი წვრთნები ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე სამხედრო პოლიგონებზე ჩაატარა.

ვლადიმერ პუტინი წვრთნების დახურვას დაესწრო. წყარო: tass.com

სამხრეთის სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის სფეროში შედის სამხრეთ კავკასია, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო ბაზები სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: „კავკაზ-2020-ის“ მასშტაბური სამხედრო წვრთნები რუსეთის სამხრეთ მიმართულებით, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებასა და ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად.

 

მოლდოვის ეკონომიკაში რუსეთის მაგივრად წამყვან პოზიციებს რუმინეთი იკავებს

მთავარი მოვლენა: მოლდოვის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთის მაგივრად რუმინეთი გახდა.

მოვლენა დეტალურად: 2010 წლისთვის მოლდოვური საქონელის გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთი იყო, სადაც მოლდოვაში წარმოებული პროდუქციის 90% იყიდებოდა. თუმცა, ახალი მონაცემებით, რუმინეთი გაცილებით მეტ მოლდოვურ საქონელს ყიდულობს, ვიდრე რუსეთი. დნესტრისპირეთის პრორუსული სეპარატისტული რესპუბლიკის ექსპორტშიც კი, რუსეთზე 13% მოდის, დანარჩენი პროდუქცია კი მოლდოვასა და ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

ევროპასთან ვაჭრობა: 2020 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, ევროკავშირზე მოდის ექსპორტის 64.7%. რუმინეთში ექსპორტი 356.05 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, იმპორტი კი - 348.73 მლნ აშშ დოლარს. ამ მონაცემებით, რუმინეთი მოლდოვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

დსთ-თან ვაჭრობა: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში ექსპორტი 220.8 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც საერთო ექსპორტის 16%-ია, იმპორტი კი - 733.6 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება რუსეთს, ექსპორტი 137.49 მლნ აშშ დოლარია, იმპორტი კი - 337.61 მლნ აშშ დოლარი. რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაში დიდი წილი გაზსა და ელექტროენერგიას უკავია.

დნესტრისპირეთის ექსპორტი: ამავე დროს საინტერესოა, რომ დნესტრისპირეთის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 179 მლნ აშშ დოლარია, პრორუსულ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში კი - მხოლოდ 91 მლნ აშშ დოლარი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: იმის მიუხედავად, რომ მოლდოვის პოლიტიკური ელიტის ნაწილი პრორუსულად არის განწყობილი, მათ შორის, პრეზიდენტი იგორ დოდონი, დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება უფრო სარფიანად მიიჩნევა, ვიდრე რუსეთთან. ეს ტენდენციები კი რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შესუსტებას გამოიწვევს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოლდოვაში რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს.

 

ყაზახეთში პრორუსი აქტივისტი ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის დააკავეს

მთავარი მოვლენა: ყახაზეთის სასამართლომ ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით პრორუს ბლოგერს ერმეკ ტაიჩიბეკოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

მოვლენა დეტალურად: ეთნიკურად ყაზახი ერმეკ ტაიჩიბეკოვი ყაზახეთში ცნობილი პრორუსი ბლოგერია, რომელიც პირველად 2015 წელს დააკავეს „ფეისბუქში“ ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის და ყაზახეთის რუსეთთან გაერთიანების იდეის მხარდაჭერისთვის. მან 4 წლიდან მხოლოდ 2 წელი მოიხადა და 2017 წელს საპატიმრო დატოვა.

ტაიჩიბეკოვი 23 სექტემბერს დააკავეს, სავარაუდოდ, რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც იგი რუსეთის იმპერიის დროშის ფონზე აცხადებს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება რუსოფობიურ პოლიტიკას აწარმოებს.

2014 წელს რუსეთს მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ყაზახეთში რამდენიმე ადამიანი დააკავეს სეპარატიზმის წახალისებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით. ყაზახეთი რუსეთთან დაკავშირებულ სეპარატიზმს განსაკუთრებული ეჭვის თვალით უყურებს და 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეთნიკური სეპარატიზმის პრევენციისთვის სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა:

  • 1995 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიაზე ავტონომიური ოლქების შექმნა აიკრძალა. ცვლილების მიზანი იყო რუსებით დასახლებულ რეგიონებში ავტონომიების შექმნის პრევენცია.
  • 1997 წელს დედაქალაქი ალმა-ატიდან ასტანაში (ამჟამინდელი ნურ-სულთანი) გადაიტანეს, სადაც რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობდა. გადაწყვეტილების შედეგად, ასტანაში გაიზარდა ეთნიკური ყაზახების რაოდენობა.  
  • ყაზახეთში გაქრა ისეთი რეგიონები, რომლებშიც ეთნიკურ უმრავლესობას რუსები წარმოადგენდნენ. ის რეგიონები, სადაც რუსები  იყვნენ უმრავლესობა, შეუერთეს რეგიონებს, სადაც ყაზახები იყვნენ უმრავლესობა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური რუსები მნიშვნელოვანი რაოდენობით არიან წარმოდგენილი, გაჩნდა შიში, რომ რუსეთმა შესაბამისი პოლიტიკური გარემოს შექმნის შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯი შესაძლოა მათ ტერიტორიაზეც გადადგას. ყაზახეთში კარგად იციან რუსეთში ყაზახეთის ჩრდილოეთი რეგიონების მიმართ გავრცელებული დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ქვეყნის ამ ნაწილს რუსულენოვან სამყაროს მიაკუთვნებს. შესაბამისად, ასეთი დაკავებებით, ყაზახეთის ხელისუფლება პრორუსული სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლინების აღკვეთას და უფრო დიდი სეპარატისტული მოძრაობის გაღვივების პრევენციას ცდილობს. 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.