X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 57, 5 - 11 ოქტომბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია გეგმის შესახებ, გამართოს პირველი ერთობლივი რუსეთი-ეგვიპტის საზღვაო სწავლება შავ ზღვაში. სწავლების სახელწოდება იქნება „მეგობრობის ხიდი 2020“. ეგვპიტესა და თურქეთს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, რუსეთის მიერ ეგვიპტის სამხედრო გემების შავ ზღვაში მიწვევა ანკარაში სავარაუდოდ არ გაუხარდებათ.

არქტიკა - 5 აგვისტოდან, არქტიკულ ექსპედიციაში მყოფი  ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფი, მათ შორის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“ და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „კონდოპოგა“, ლაპტევების ზღვიდან კარის ზღვაში გადავიდა, რა დროსაც პირველად გამოიყენა უკიდურესად ჩრდილოური მარშრუტი, ჩრდილოეთის მიწის არქიპელაგის ჩრდილოეთით.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 ოქტომბერს, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა გზა გადაუჭრა გერმანიისა და შვედეთის თვითმფრინავებს ბალტიის ზღვის თავზე. 6 ოქტომბერს, კიდევ ერთმა Su-27-მა გადაიჭირა 4 ბრიტანული საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე. 

 

სტრუქტურული ცვლილებები

მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) სხვადასხვა შენაერთებში, დაახლოებით 10-მდე უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საწინააღმდეგო ელექტრონული ბრძოლის ჯგუფი ჩამოყალიბდა.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთმა ბარენცის ზღვაში „ცირკონის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის კიდევ ერთი საცდელი სროლა ჩაატარა. რაკეტის გაშვება განხორციელდა „ადმირალ გორშკოვის“  კლასის (პროექტი 22350) ფრეგატ „ადმირალ გორშკოვიდან“.

35-ე არმიის (შტაბ-ბინა ბელოგორსკში, ამურის ოლქი) 64-ე მექანიზებულმა ბრიგადამ (კნიაზე-ვოლკონსკოე, ხაბაროვსკის მხარე) მიიღო Aleut-ის ტიპის მისაბმელიანი ყველგანმავალი მანქანები.

Aleut-ის ტიპის მანქანა

 

სწავლებები*

ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა), შავი ზღვის ფლოტის მე-15 სანაპირო დაცვის სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადამ (სევასტოპოლი) Bastion-P და Bal ტიპის მობილური სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემებით ხომალდსაწინააღმდეგო ბრძოლის სწავლება ჩაატარა.

ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო) ბაზირებულმა რუსმა სამხედროებმა რამდენიმე სახის წვრთნა ჩაატარეს, რომლებშიც ჩართულები იყვნენ სამხედროები საარტილერიო, სადაზვერვო და ელექტრონული ბრძოლის დანაყოფებიდან.

რუსეთის ელექტრონული ბრძოლის დანაყოფის სამხედრო უშვებს უსა-ს ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო

 

კატასტროფები

ცეცხლსა და აფეთქებების სერიას ჰქონდა ადგილი რიაზანის ოლქში, სკოპინის რაიონში არსებულ საბრძოლო მასალების საწყობში, რაც ბალახზე მოდებულმა ხანძარმა გამოიწვია. ამის შედეგად, ახლო მდებარე სოფლებიდან 2300-ზე მეტი მოსახლის ევაკუირება გახდა საჭირო. გავრცელებული ცნობით, საწყობში ინახებოდა სარაკეტო და საარტილერიო ამუნიციის 75 000 ტონა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.