X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 19

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N19

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 ოქტომბერი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

მთავარი მოვლენები:                                                                     

  • რუსეთის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძველი პროექტები გაიხსენა.
  • რუსეთმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში დახმარებაზე ამ ეტაპზე უარი უთხრა.
  • უკრაინა შავიზღვისპირა რეგიონის დასაცავად და რუსეთის შეკავების მიზნით ორ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს.
  • უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ ვაშინგტონში, კონგრესში, ლობირებს.
  • რუსეთი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში „დასავლეთის ხელს“ ხედავს და საკუთარი ფავორიტის გამარჯვების უზრუნველყოფას ცდილობს.
  • რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ბელარუსში დასავლეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს.
  • ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სადირ ჟაპაროვმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
  • ყაზახეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ.
  • უზბეკეთი ლათინურ ანბანზე სრულად გადასვლას გეგმავს.
  • აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში კურატორებს შეხვდა.

 

რუსეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძველ პროექტებზე საუბრობს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 29 ოქტომბერს საინვესტიციო ფორუმზე - „რუსეთი გეძახის!“ სტუმრად მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის შესახებაც ისაუბრა.

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 29-30 ოქტომბერს „ვითიბი კაპიტალის“ რიგით მე-12 საინვესტიციო ფორუმის, რომელიც ონლაინრეჟიმში ჩატარდა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინი მთიანი ყარაბაღის თემასაც შეეხო. პუტინმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროექტები გაიხსენა, რაც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხური ძალების მიერ დაკავებული რაიონების აზერბაიჯანისთვის ეტაპობრივ დაბრუნებას ითვალისწინებს. საუბარია აზერბაიჯანისთვის ჯერ ხუთი რაიონის, შემდეგ კი ორი რაიონის გადაცემის შესაძლებლობაზე, ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

ფორმულა „5+2“ ყარაბაღის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტია. ფორმულის მიხედვით, საწყის ეტაპზე, აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს ყარაბაღის სამხრეთ და აღმოსავლეთ მდებარე ხუთი აზერბაიჯანული რაიონი, საიდანაც 1993 წლიდან სამი სრულად არის სომხური ძალების მიერ ოკუპირებული, ორი კი - ნაწილობრივ. მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია იმ ორი რაიონის დაბრუნება, რომელიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მდებარეობს. (ამჟამად სამხედრო დაპირისპირება ძირითადად მთიანი ყარაბაღის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით მიმდინარეობს და აღნიშნული რაიონების ნაწილი უკვე დაიბრუნა აზერბაიჯანმა).

მთიანი ყარაბაღი და ოკუპირებული აზერბაიჯანული რაიონები (რუკა ასახავს 2020 წლის 27 სექტემბრამდე არსებულ ვითარებას). წყარო: Eurasianet

განახლებული კონფლიქტი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. 1994 წელს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა, რომელიც ჯერაც გრძელდება. 2016 წელს, „ოთხდღიანი ომის“ შედეგად, აზერბაიჯანმა მცირე ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. 2020 წლის ივლისში კი რამდენიმედღიანი დაპირისპირება მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მოხდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სომხეთის მოკავშირეა, მოსკოვის მსგავსი განცხადებები და ნეიტრალური პოზიცია მიმდინარე დაპირისპირებაში ერთგვარი მინიშნებაა, რომ კრემლი ფაქტობრივად მხარს უჭერს აზერბაიჯანის მცდელობას მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ოკუპირებული აზერბაიჯანული რაიონები სამხედრო გზით დაიბრუნოს.

 

უარი ფაშინიანს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 31 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში დახმარება სთხოვა.

მოვლენა დეტალურად: მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს დახმარების თხოვნის წერილი მისწერა. წერილში ბოლო დაპირისპირებები მოხსენიებულია, როგორც „მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო აგრესია.“ სამხედრო მოქმედებების სომხეთის საზღვართან მიახლოებისა და სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ჩარევის გარკვეული ფაქტების დაფიქსირების გამო, სომხეთი რუსეთს დაუყოვნებლივ კონსულტაციებს სთხოვს დახმარების ფორმებისა და მასშტაბების განსაზღვრის მიზნით. დახმარების თხოვნა 1997 წელს გაფორმებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

რუსეთის პასუხი

რუსეთის განცხადებით, სომხეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს დახმარებას თუ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე დაიწყება. ამავე დროს, რუსეთის სამხედროები სომხეთ-აზერბაიჯანის დე იურე საზღვრის იმ მონაკვეთზე გამოჩნდნენ, რომლის ახლოსაც სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

თავის მხრივ, განცხადება გააკეთეს რუსეთის მოკავშირე ქვეყნებისგან შემდგარ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაშიც (კუხო), სადაც განაცხადეს, რომ სომხეთს დახმარებისთვის ჯერ არ მიუმართავს. ცოტა ადრე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ კუხოს ფარგლებში რუსეთის ვალდებულებები სომხეთთან მიმართებით არ მოიცავს მთიან ყარაბაღს, რადგან რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული. კუხოს შეთანხმება აცხადებს, რომ რომელიმე ერთი წევრი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტის  შემთხვევაში, სხვა წევრებს შეუძლიათ აუცილებელი დახმარების, მათ შორის, სამხედრო დახმარების გაწევა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სომხეთისთვის: მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში სომხური მხარე მარცხს განიცდის, აზერბაიჯანმა შეძლო ოკუპირებული რაიონებისა და მთიანი ყარაბაღის გარკვეულ ნაწილზე კონტროლის დამყარება. აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობის დასაბალანსებლად და შემდგომი წარუმატებლობის პრევენციისთვის, სომხეთისთვის რუსეთის სამხედრო დახმარება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

რატომ ამბობს რუსეთი უარს: სომხეთისთვის პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე უარისთვის რუსეთს სამართლებრივი საფუძველი აქვს. თუმცა, უდავოა, რომ მოსკოვი მიმდინარე კონფლიქტში თავისი ნეიტრალური პოზიციით, აზერბაიჯანს სამხედრო წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. კრემლის პოზიცია ბოლო წლებში აზერბაიჯანთან გაუმჯობესებული ურთიერთობებით და სომხეთის ახალ ლიდერებთან გაუარესებული ურთიერთობითაც არის განპირობებული.  

 

უკრაინა ორ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „ვერხოვნაია რადაში“ გამოსვლის დროს უკრაინის შავიზღვისპირა რეგიონის დასაცავად ორი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ განაცხადა.

მოვლენა დეტალურად: ზელენსკიმ ამის შესახებ „ვერხოვნაია რადაში“ დეპუტატების წინაშე ყოველწლიური გამოსვლის დროს ისაუბრა. ზელენსკის განცხადებით, 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო და ეს ტენდენცია უცვლელი უნდა დარჩეს 2021 წლისთვისაც.

ვლადიმირ ზელენსკი „ვერხოვნაია რადაში“ გამოსვლის დროს. წყარო: პრეზიდენტის ვებგვერდი

უკრაინას სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში დიდი ბრიტანეთიც დაეხმარება. 2020 წლის 8 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც რუსეთის გავლენის შეკავებას ისახავს მიზნად. შეთანხმების ფარგლებში ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა მემორანდუმს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება 1.61 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვა სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღჭურვაზე, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში მნიშვნელოვნად შესუსტდა. ახალი უკრაინული სამხედრო ბაზები ხელს შეუწყობს უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაზრდას და შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში რუსეთის შეკავების შესაძლებლობას შექმნის.

 

უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ ვაშინგტონში ლობირებს

მთავარი მოვლენა:  2020 წლის 29 ოქტომბერს უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის „ნაფტოგაზის“ დირექტორმა ანდრეი კობოლევმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტის დასრულების წინააღმდეგ ისაუბრა. კობოლევის ვიზიტი კონგრესში პროექტის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის განხილვის პერიოდს დაემთხვა.

მოვლენა დეტალურად: კობოლევი ვაშინგტონში მარტშიც იმყოფებოდა. იგი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ ლობირებს. მისი განმეორებითი ვიზიტი განპირობებულია ეჭვებით, რომ კონგრესმა შესაძლოა თავი შეიკავოს კანონპროექტის, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოების   დაცვას ეხება, 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანისგან, რადგან ამან შეიძლება აშშ-გერმანიის ურთიერთობები გაართულოს. კობოლევის აზრით, დამატებითი სანქციების შემთხვევაში, მილსადენის მშენებლობის დასრულება შეუძლებელი გახდება.

მილსადენის შეჩერების შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისათვის უკრაინის მილსადენების სისტემა გამოიყენოს. რუსეთმა 2021 წლისთვის უკვე მოითხოვა გაზრდილი ტრანზიტი. „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ პირველი სანქციების შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში, რუსეთმა და უკრაინამ ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, წელს რუსეთი უკრაინის გავლით 65 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას განახორციელებს და შემდეგ ოთხ წელში  მინიმუმ 40 მლრდ კუბური მეტრის.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის მარშრუტი. წყარო: „გაზპრომის“ ვებგვერდი

პროექტის შესახებ: „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი.

რატომ არის პროექტის შეფერხება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის განხორციელების შედეგად, უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება.

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის:  „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს.

 

რუსეთი მოლდოვის არჩევნებში „დასავლეთის ხელს“ ხედავს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 1 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. რუსეთის შეფასებით, დასავლეთი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

მოვლენა დეტალურად: რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა მოლდოვაში წინასაარჩევნოდ „ფერადი რევოლუციების“ ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფის მივლინების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიშინიოვში თავის საელჩოს მითითება მისცა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი გაიმარჯვებს, ოპოზიციამ, კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა მოაწყოს. ნარიშკინის ცნობით, ამერიკელებთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში ყალბ ამბებს ავრცელებენ ხელისუფლების მიერ ფალსიფიკაციის გეგმების შესახებ.

ნარიშკინის განცხადებამდე მსგავსი შეფასება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც. სამი რუსული რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აშშ-ს პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის მოლდოვის, საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი. ლავროვის შეფასებით, ამერიკელები ცდილობენ ყველაფერი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ და პროდასავლურმა ძალებმა ცალსახა გამარჯვება მოიპოვონ.

პრეზიდენტობის კანდიდატები და პროგნოზები

საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული კანდიდატებიდან მთავარი კონკურენტები არიან მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი (ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა პრორუსული სოციალისტური პარტიის არაფორმალური ლიდერი) და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ (პროდასავლური პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“). 2016 წლის არჩევნებში დოდონმა სანდუ მეორე ტურში დაამარცხა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მოლდოვის შემდგომი პრეზიდენტის ვინაობის გასარკვევად ამჯერადაც მეორე ტური გახდება საჭირო.

შენიშვნა: წინასწარი მონაცემებით, პირველ ტურში დოდონმა 32.61% მიიღო, სანდუმ - 36.16%.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი მოლდოვას საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება კრემლის ინტერესებისათვის საფრთხედ მიიჩნევა. ამიტომაც მოსკოვი არჩევნებს რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების პრიზმაში განიხილავს და პრორუსული კანდიდატის გამარჯვების უზრუნველყოფას  ცდილობს.

 

რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსი მინსკს ესტუმრა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 22 ოქტომბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი ბელარუსს ესტუმრა.

მოვლენა დეტალურად: მინსკში ვიზიტის ფარგლებში ნარიშკინმა მონაწილეობა მიიღო ორი ქვეყნის სპეცსამსახურების კოლეგიის ერთობლივ სხდომაში და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ნარიშკინმა განაცხადა, რომ ისინი ბელარუსში მოქმედი პოლიტიკური ხელისუფლების „არაკონსტიტუციური მეთოდებით“ შეცვლის მცდელობებს ხედავენ, რის უკანაც „საგარეო გავლენა დგას“. 2020 წლის 16 სექტემბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ორგანიზებაში დასავლეთი დაადანაშაულა.

სერგეი ნარიშკინის შეხვედრა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. წყარო: ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდი

ნარიშკინის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმები, რომელთა განხორციელების შესახებაც ლუკაშენკო საუბრობს, პასუხია მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე. საკონსტიტუციო რეფორმების იდეას პოზიტიურად აფასებს რუსეთის პრეზიდენტიც.

საკონსტიტუციო რეფორმები: ლუკაშენკო კრიზისის დაძლევის მიზნით კონსტიტუციის ცვლილებას გეგმავს, რაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ხელისუფლების სხვა შტოებზე გადანაწილებასაც გულისხმობს. ოქტომბერში ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატამ კონსტიტუციაში ცვლილებების განსახორციელებლად მოქალაქეთა წინადადებების მიღება დაიწყო. ზამთარში საკონსტიტუციო რეფორმების განსახილველად საყოველთაო სახალხო კრების მოწვევა იგეგმება. ოპოზიცია უარს ამბობს განხილვაში მონაწილეობაზე და ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს.

პოლიტიკური კონტექსტი: ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შემდეგადაც მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. დასავლეთმა ლუკაშენკო ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარა და ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ბელარუსის ლიდერს დახმარების ხელი მხოლოდ რუსეთმა გაუწოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი ბელარუსში ლუკაშენკოს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და მთავარ საფრთხედ დასავლეთის ჩარევას მიიჩნევს. რისკების პრევენციის  მიზნით, რუსეთი ლუკაშენკოს ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმებს მხარს უჭერს, რაც მოსკოვს ბელარუსში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და მოკლევადიან პერსპექტივაში ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

 

ყირგიზეთისთვის სტრატეგიული პარტნიორი უცვლელია

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 21 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სადირ ჟაპაროვმა ყირგიზეთში რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მოვლენა დეტალურად: ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სადირ ჟაპაროვი ყირგიზეთში რუსეთის ელჩს ნიკოლაი უდოვიჩენკოს შეხვდა. შეხვედრაზე ჟაპაროვმა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციაში რუსეთის განსაკუთრებული როლი აღნიშნა და განაცხადა, რომ ყირგიზეთი რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობის შემდგომ განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

პოლიტიკური გარემო: 2020 წლის 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ყირგიზეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მოსახლეობასთან ერთად არჩევნების შედეგებით უკმაყოფილება გამოხატეს პოლიტიკურმა ჯგუფებმაც, რასაც მეორე დღესვე არჩევნების შედეგების გაუქმება მოჰყვა. 13 ოქტომბერს, კრიზისის დარეგულირების მიზნით, ყირგიზეთს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ესტუმრა. შიდაპოლიტიკური კრიზისის შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტი სოორონბეი ჟეენბეკოვი 15 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კი ჟაპაროვს დაეკისრა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყირგიზეთში პოლიტიკოსები ანტირუსული განწყობებით არ გამოირჩევიან. მათი უმრავლესობის ხედვით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის გაღრმავება და რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამ ეტაპზე, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისთვის რუსეთის მხარდაჭერის მოპოვება მნიშვნელოვანია ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, შიდა პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის მხარდაჭერის მისაღებად.

 

ყაზახეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ყაზახეთს ესტუმრა.

მოვლენა დეტალურად: შოიგუ ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

შოიგუმ ყაზახ კოლეგა ნურლან ერმეკბაევთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, რითაც 1994 წლის შეთანხმება განახლდა. შოიგუმ დოკუმენტს „უპრეცედენტო დოკუმენტი“ უწოდა. დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამხედრო განათლება და ტრენინგები, შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდება, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა. მხარეებმა 2021 წლისთვის თანამშრომლობის გეგმასაც მოაწერეს ხელი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყაზახეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორია. სამხედრო შეთანხმების განახლება კი, ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გამყარებაზე მიუთითებს.


უზბეკეთი ლათინურ ანბანზე სრულად გადასვლას გეგმავს

მთავარი მოვლენა: უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის 2020 წლის 21 ოქტომბრის განკარგულებით, მთავრობამ სამი თვის განმავლობაში უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, შეიმუშაოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარუდგინოს ლათინურზე დაფუძნებულ უზბეკურ ანბანზე სრულად გადასვლის საგზაო რუკა.

მოვლენა დეტალურად: ამავე განკარგულებით დამტკიცდა უზბეკური ენის განვითარების კონცეფცია 2020-2030 წლებში. დოკუმენტის მიხედვით, 2030 წელს საბავშვო ბაღებში ჯგუფების 80% უზბეკურ ენაზე უნდა სწავლობდეს, უნდა გაიზარდოს უზბეკურ ენაზე სწავლების საათებიც - 84-დან 110 საათამდე. 2021 წლიდან ხელმძღვანელი პირების მიერ უზბეკური ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონეც შემოწმდება, რის საფუძველზეც სერტიფიკატები გაიცემა.

ლათინურზე დაფუძნებული განახლებული უზბეკური ალფაბეტის პროექტი 2019 წლის მაისში მომზადდა.  

უზბეკეთში ლათინურ დამწერლობას 1926 წლიდან იყენებდნენ, რომელიც 1940 წელს კირილიცათი შეიცვალა. 1992 წლიდან ლათინური კვლავ ოფიციალური დამწერლობა გახდა და ის სკოლებში 2005 წლიდან ისწავლება. უზბეკური ენის პოპულარიზაციის მიუხედავად, ეთნიკურ ჯგუფებს შორის სასაუბროდ, ყოველდღიურ ყოფასა და ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის მაინც აქტუალურია რუსული ენა. 

ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთის გარდა, კირილიცადან ლათინურ ანბანზე გადასვლის გადაწყვეტილება მიღებული აქვთ თურქმენეთსა და ყაზახეთში. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კვლავ კირილიცას იყენებენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყოფილი კოლონიების მხრიდან კირილიცაზე უარის თქმა რუსეთისთვის ერთგვარი ნიშანია, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები მისი კულტურული გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობენ, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის პოლიტიკური გავლენის შეზღუდვასაც ისახავს მიზნად.

 

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მეხუთე ვიზიტი მოსკოვში

მთავარი მოვლენა: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 26-30 ოქტომბერს მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

მოვლენა დეტალურად: დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში, ბოლო ექვს თვეში, ეს უკვე ბჟანიას რიგით მე-5 ვიზიტი იყო მოსკოვში. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორ დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორები: ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი.  შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისა და აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხები განიხილეს.

ასლან ბჟანიას შეხვედრა დიმიტრი კოზაკთან. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: კოზაკთან განხილული ორივე საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. პირველი, ახალი კორონავირუსის შედეგად, აფხაზეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია და დროული რუსული ფინანსური დახმარება კრიზისით გამოწვეულ მძიმე შედეგებს შეარბილებს. მეორე, 2021 წლიდან ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვით გაჩერდება, რის გამოც აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნება. დეფიციტის აღმოფხვრაში კი, რუსეთის დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.