X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 76, 22 - 28 თებერვალი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 22-28 თებერვლის კვირაში, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 18 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - გავრცელებული ინფორმაციით, 23 და 26 თებერვალს, რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიშები მიიტანა მეამბოხეთა კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.  სხვა ცნობების მიხედვით, რუსმა სამხედროებმა დაიწყეს ახალი პოსტის განთავსება ალ-ტებნიში, აღმოსავლეთ სირიის ასადის მიერ კონტროლირებად ნაწილში, დეირ ეზ-ზორის ჩრდილო-დასავლეთით.

28 თებერვალს, შავი ზღვის ფლოტის „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატი, „ადმირალ გრიგოროვიჩი“, გახდა რუსეთის ფედერაციის პირველი სამხედრო გემი, რომელიც პორტ-სუდანში შევიდა. ვიზიტს წინ უსწრებდა რუსეთსა და სუდანს შორის შეთანხმება, რომელიც ხსენებულ საპორტო ქალაქში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას ითვალისწინებს.

ბალტიის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტი „სტოიკი“, რომელიც 2020 წლის 16 დეკემბრიდან შორეულ ექსპედიციაში იმყოფება, 26 თებერვალს ადენის ყურეში მოქმედებდა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

ბალტიის ფლოტის 336-საზღვაო ქვეითთა ბრიგადის (ბალტიისკი, კალინინგრადის ოლქი) დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდა უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) ასეული. ასეული აღჭურვილია Eleron-3 და Orlan-10 ტიპის უსა-ებით.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) 34-მექანიზებულ (სამთო) ბრიგადას (სტოროჟევაია, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა) 100 ერთეული Fagot ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა გადაეცა.

Fagot-

 

სწავლებები*

68-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა იუჟნო-სახალინსკში, სახალინის ოლქი) მე-18 მეტყვიამფრქვევე-საარტილერიო დივიზიის (შტაბ-ბინა - გორაჩიე კლუჩიში, იტურუპის კუნძული, სახალინის ოლქი) 1000-ზე მეტმა სამხედრომ კურილის კუნძულებზე სწავლება გამართა. სწავლებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს წყნარი ოკეანის ფლოტისა და მე-11 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ხაბაროვსკში) ძალებმა.

რუსეთისა და სირიის სამხედროებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს სირიაში, ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების სატანკო დანაყოფების 400-მა სამხედრომ სწავლება გამართა ყირიმში (უკრაინა). რუსულმა არტილერიამ კი წვრთნა ჩაატარა აფხაზეთში (საქართველო).

რუსული ტანკები სწავლებაზე, ყირიმში

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები და უსა-ები მიაწოდა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.