მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ივნისი, 2021
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
ლატვიელი დეპუტატი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 10 ივნისს ლატვიის პარლამენტის 69 წევრმა გენერალურ პროკურატურას იანის ადამსონსის დაპატიმრებისა და სახლის ჩხრეკის უფლება მისცა. მოვლენა დეტალურად: იანის ადამსონსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. თავად ადამსონსმა სესიაზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ მან ჟურნალისტებისგან გაიგო. ადამსონსი 11 ივნისს დააკავეს. დეპუტატის დაკავება. წყარო: LETA, Edijs Pālens ადამსონსმა კიევის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო პოლიტიკური სასწავლებელი დაამთავრა. 1979-1991 წლებში რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა სასაზღვრო დაცვის სამსახურში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ლატვიის სასაზღვრო სამსახურის უფროსი და შს მინისტრიც იყო. ამჟამად ადამსონსი პარლამენტში თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის წევრია. იგი ოპოზიციური სოციალურ-დემოკრატიული „ჰარმონიის“ პარტიის წევრია, რომელიც ლატვიაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს იცავს. რას ედავებიან? ადამსონსს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავებიან. უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის 43 შემთხვევის შესახებ წარადგინა მტკიცებულებები. იგი საკუთარ სამსახურებრივ კომპიუტერს იყენებდა ინფორმაციის გადასაცემად. ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის: კანონში ცვლილებებს, არმიის მომარაგებას და ბიუჯეტს, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე ვიზიტის შედეგებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საკითხზე ბალტიური ასამბლეის პოზიციას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნეა. ბოლო პერიოდში ჯაშუშების გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი კი, რუსეთის უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
ყაზახეთის უარი რუსეთს მთავარი მოვლენა: რუსეთმა თავის მოკავშირეებს დასავლური სანქციების საპასუხოდ ერთობლივი ქმედებების განხორციელება შესთავაზა, რაზეც ყაზახეთისგან უარი მიიღო. მოვლენა დეტალურად: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ორგანიზაციის ზოგიერთი წევრისთვის დაწესებული სანქციების საწინააღმდეგო „კონსოლიდირებულ პასუხზე“ მუშაობს, რასაც მალევე არ დაეთანხმა ყაზახეთი - 5 ივნისს ყაზახეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სავაჭრო გაერთიანების „პოლიტიზირების“ წინააღმდეგია, რადგან ორგანიზაციის ფარგლებში ინტეგრაციული პროცესები მხოლოდ ეკონომიკურ ხასიათს ატარებს, დასავლეთის სანქციებს საფუძვლად კი, პირველ რიგში, პოლიტიკური მოტივები უდევს და ეხება ორგანიზაციის ზოგიერთ წევრს და არა - მთელ ორგანიზაციას. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის და ყაზახეთის გარდა, სომხეთს, ბელარუსსა და ყირგიზეთს აერთიანებს. დასავლური სანქციები კი რუსეთსა და ბელარუსს აქვთ დაწესებული. ბოლოს, ევროკავშირმა ბელარუსის ავიახაზებს ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენა და აეროპორტებში შესვლა აუკრძალა, მას შემდეგ, რაც მინსკმა იძულებით დასვა „რაინეარის“ თვითმფრინავი და ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის შეთავაზებაზე ყაზახეთის უარი აჩვენებს, რომ რუსეთის გავლენა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებზე არც ისე დიდია, როდესაც საქმე ამ ქვეყნების კრემლის ანტიდასავლურ პროექტებში მონაწილეობას ეხება და გავლენას ახდენს ამ ქვეყნების დასავლეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
რუსეთმა ყირიმელი თათრების ლიდერი გაასამართლა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 1 ივნისს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სასამართლომ ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანოს - მეჯლისის დევნილ ლიდერს - რეფათ ჩუბაროვს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოვლენა დეტალურად: ჩუბაროვს ბრალს სდებენ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და რუსეთის მთლიანობის დარღვევის მოწოდებებში. ჩუბაროვმა ყირიმი 2014 წლის მარტში დატოვა და ამჟამად კიევში ცხოვრობს. მეჯლისი რუსეთს ექსტრემისტულ ორგანიზაციად ჰყავს შერაცხული და აკრძალული აქვს მისი საქმიანობა. რუსეთი დევნის ყირიმელი თათრების სხვა ლიდერებსაც, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას არ ეგუებიან. ცოტა უფრო ადრე ყირიმელი თათრების კიდევ ერთ ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს, ყირიმში შესვლის აკრძალვა 2034 წლამდე გაუხანგრძლივეს. ჯემილევი, რომელიც ყირიმელი თათრების ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, 2014 წლის მარტიდან ვერ ახერხებს ყირიმში ჩასვლას. თავდაპირველად ჯემილევს ხუთი წლით აეკრძალა შესვლა, 2019 წელს კი აკრძალვა 2034 წლამდე გაუხანგრძლივდა. ჯემილევი, რომელიც უკრაინის პარლამენტის წევრია, ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანოს - მეჯლისის თავმჯდომარე იყო. მეჯლისის საქმიანობა ანექსიის შემდეგ აიკრძალა. ჯემილევი გამორჩეული ანტისაბჭოთა დისიდენტი და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მწვავე კრიტიკოსია. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ყირიმელ თათრებში, ვისაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ მოსწონთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია ყირიმში მცხოვრები ეთნიკური თუ სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერა. ყირიმის ანექსიის კრიტიკას, განსაკუთრებით, ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ყირიმელი თათრების მხრიდან რუსეთი მტრულ ნაბიჯად აღიქვამს და ამიტომ მოსკოვი მათ საწინააღმდეგოდ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას ცდილობს.
დიმიტრი კოზაკმა უკრაინასთან ურთიერთობები შეაფასა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 5 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორია, უკრაინის შესახებ „Россия 24“-ის ეთერში ისაუბრა. მოვლენა დეტალურად: დიმიტრი კოზაკი 2020 წლის იანვრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. იგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების კურატორია. კოზაკმა განაცხადა, რომ:
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დიმიტრი კოზაკი უკრაინის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანია, ამიტომაც მის შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კოზაკის ხედვა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის შესახებ კრემლის ხედვადაც შეიძლება ჩაითვალოს.
უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ფორმის დიზაინი - რა არ მოსწონთ რუსეთში? მთავარი მოვლენა: 2021 წლის 10 ივნისს, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან ერთი დღით ადრე, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მაისურებზე დატანილი ლოზუნგიდან სიტყვების - „დიდება გმირებს“ ამოღება მოითხოვა. მოვლენა დეტალურად: უეფას განცხადებით, ლოზუნგი „დიდება გმირებს“ უეფას ეგიდით გამართულ თამაშებში არ უნდა იყოს მითითებული სანაკრებო მაისურზე. ფორმის ახალი დიზაინის პრეზენტაცია 7 ივნისს გაიმართა. ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების ფორმის მაისურებზე გამოხატულია უკრაინის საზღვრები ყირიმის ჩათვლით და წარწერა - „დიდება უკრაინას - გმირებს დიდება“. უეფას ცნობით, უკრაინის რუკის მაისურზე გამოსახვა ორგანიზაციის წესებს არ არღვევს, რადგან ეს საზღვრები აღიარებულია გაეროს მიერ. თუმცა, ორი ფრაზის „დიდება უკრაინას“ და „გმირებს დიდება“ ერთად გამოყენება პოლიტიკურ ელფერს ატარებს და ისტორიული და სამხედრო მნიშვნელობა აქვს. უეფამ ეს გადაწყვეტილება რუსეთიდან წამოსული პროტესტის შემდეგ მიიღო. თუმცა, ამ ეტაპზე უკრაინა მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. წარწერა უკრაინის ნაკრების საფეხბურთო მაისურზე, რომლის ამოღებაც მოითხოვა უეფამ. წყარო: BBC რას ფიქრობენ რუსეთში? უკრაინის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ რუსეთში, სადაც სახელმწიფო დუმის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი უკრაინის ამ ნაბიჯს „სასოწარკვეთილი მხატვრული აქცია“ უწოდა. რუსეთის ფეხბურთის კავშირმა უეფას ამ საკითხზე წერილი მისწერა და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ევრო-2020-ის დატოვებით დაიმუქრა. რუსეთის აზრით, სპორტული აღჭურვილობა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს. რუსეთის შეფასებით, უკრაინის რუკის მითითებით უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ, ფაქტობრივად, მიიერთა „რუსული ნახევარკუნძული“ (რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა). რუსეთში ასევე არ მოსწონთ ლოზუნგი „დიდება უკრაინას - გმირებს დიდება“, რადგან ფიქრობენ, რომ ეს უკრაინის სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილია, რომელიც საზოგადოებაში ცდილობს დაამკვიდროს ლოზუნგი, რომელიც ასოცირდებოდა უკრაინის მეამბოხეთა არმიასთან (აკრძალულია რუსეთში), სტეპან ბანდერასთან და მეორე მსოფლიო ომში მის ჩადენილ დანაშაულებთან. ამ საკითხზე უკრაინაში აცხადებენ, რომ მეამბოხეთა არმია და სტეპან ბანდერა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამიტომაც არის მათი ღვაწლი დასაფასებელი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სპორტული ღონისძიებისთვის ქვეყნის რუკისა და ისტორიული მნიშვნელობის ფრაზების გამოყენება უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყნის შიგნით პატრიოტული განწყობების გაძლიერებას და ქვეყნის გარეთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხილებას ისახავს მიზნად.
უკრაინის მკვიდრი მოსახლეობის შესახებ კანონპროექტმა რუსეთის პროტესტი გამოიწვია მთავარი მოვლენა: 2021 წლის 9 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მკვიდრი მოსახლეობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაიწუნა და უკრაინის ხელისუფლებას ანტირუსულ ქმედებებში დასდო ბრალი. მოვლენა დეტალურად: კანონპროექტში, რომელიც ზაფხულის ბოლოს უნდა შევიდეს ძალაში, ყირიმის მკვიდრ მოსახლეობად მითითებულია მხოლოდ სამი: ყირიმელი თათრები, კრიმჩაკები და ყარაიმები. მათ შორის არ არიან რუსები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონპროექტი 18 მაისს წარადგინა, როდესაც უკრაინაში ყირიმელი თათრების დეპორტაციის დღეს აღნიშნავდნენ. ზელენსკის შეფასებით, კანონპროექტი „ყირიმის მიმართულებით“ ოფიციალური კიევის მორიგი ნაბიჯია. მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა ყირიმელი თათრების რაოდენობა დაახლოებით 300 ათასამდეა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი ყირიმში ცხოვრობს. ყარაიმების რაოდენობა 1200-მდეა და მათ შორის 500-მდე ყირიმში ცხოვრობს. კრიმჩაკების რაოდენობა კი ას კაცს არ ცდება. რუსეთის რეაქცია სახელმწიფო დუმამ კანონპროექტს უწოდა „ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა, რომლის მიზანია უკრაინელ, რუს და უკრაინის სხვა მკვიდრ ხალხებს შორის დაპირისპირების გაღვივება“. ვლადიმერ პუტინს კი, კანონპროექტმა „ნაცისტური გერმანიის თეორია და პრაქტიკა“ გაახსენა. პუტინის აზრით, მსგავსი კანონი ასეულ ათასობით ადამიანს აიძულებს ან დატოვონ საცხოვრებელი სახლები, რადგან მათ არ ექნებათ სურვილი მეორეხარისხოვანი ადამიანები იყვნენ, ან სხვა ეთნიკურ ჯგუფად ჩაეწერონ. რუსეთში კანონპროექტს უკრაინის ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკის მორიგ ნაბიჯად აფასებენ. რუსეთში დისკრიმინაციულად მიიჩნევენ განათლების შესახებ 2017 წელს მიღებულ კანონსაც. კანონის მიხედვით, ენები მინიჭებული სტატუსის შესაბამისად შეუძლიათ გამოიყენო სკოლებში. რუსები ეროვნული უმცირესობების კატეგორიაში გადიან, რაც ნიშნავს, რომ რუსული ისწავლება მხოლოდ მეოთხე კლასამდე, შემდეგ კი - მხოლოდ, როგორც უცხო ენა. ამ კანონის ამოქმედების შედეგად, რუსულენოვანი სკოლების რაოდენობა შემცირდა. რა არ მოსწონს რუსეთს: უკრაინაში ახალი კანონპროექტის მომზადებას რუსეთი ოფიციალური კიევის ანტირუსული პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსული გავლენის შემცირება და ანტირუსული განწყობების გაღვივებაა.
აშშ-ის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ შესუსტდა მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 ივნისს სენატში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიასთან ერთად იმუშავებს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის მშენებლობის დასრულების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ნეგატიური გავლენა შეამსუბუქოს. მოვლენა დეტალურად: ვაშინგტონმა გერმანიასთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მაისის ბოლოს აღარ გაავრცელა სანქციები მილსადენის მშენებელი კომპანიისა (Nord Stream 2) და მისი გენერალური დირექტორის, მატიას ვარნიგის წინააღმდეგ. თეთრი სახლის პოზიცია ვაშინგტონის „ეროვნული ინტერესებით“ აიხსნა. თუმცა, ამავე დროს, ვაშინგტონმა დასტური მისცა სანქციების შემოღებას ოთხი ხომალდის („ბალტიკური მკვლევარი“, „ვლადისლავ სტრიჟოვ“, „იური ტოპჩევ“ და „აკადემიკ ჩერსკი“) წინააღმდეგ, რომლებიც მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ. ბლინკენის განცხადებით, შერბილებული სანქციების პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მთავარი ამოცანაა უკრაინისა და სხვა ქვეყნების ინტერესების მხარდაჭერისთვის ყველაზე ეფექტური გზების პოვნა. ვაშინგტონის შეფასებით, მაშინ, როდესაც გერმანია პროექტის განხორციელებაზე უარს არ ამბობს, უმჯობესია გერმანიასთან ურთიერთობა არ გაფუჭდეს და ბერლინთან ერთად გამოინახოს გზები, თუ როგორ შეიძლება უკრაინისთვის დაკარგული სატრანზიტო გადასახადების კომპენსირება და ისეთი გარემოს შექმნა, როდესაც რუსეთი ვერ შეძლებს გაზის გამოყენებას უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად. ბლინკენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მილსადენი „ცუდ იდეად“ მიაჩნია, მაგრამ რეალობასაც უნდა შეხედონ, რომ მილსადენის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. პროექტის შესახებ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს, ბალტიის ზღვის გავლით, პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე. თუმცა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, გერმანიასთან ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, ვიდრე პროექტის დასრულების ყველა შესაძლო საშუალებით შეჩერება. ამიტომაც, ამ ეტაპზე, ვაშინგტონისთვის მთავარი ამოცანა მოკავშირეებზე რუსეთის ნეგატიური გავლენის შემცირების გზების განსაზღვრაა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტის განხორციელების შედეგად, უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება. ამიტომაც, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც პროექტის მიმართ ამერიკული წინააღმდეგობა შესუსტებულია, უკრაინის მთავარი ამოცანა სატრანზიტო შემოსავლების კომპენსირების ფორმების განსაზღვრა და რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ მოკავშირეებისგან მყარი გარანტიების მიღება იქნება. რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს. |