X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 107, 8 - 14 ნოემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 8-14 ნოემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 4 უკრაინელი სამხედრო.

13 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ მისი ქვეყნის საზღვართან 100 000-მდე რუსი სამხედროა კონცენტრირებული. ამასობაში, „აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს მოახსენეს საკუთარი შეშფოთების შესახებ“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პოტენციურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.

11 ნოემბერს, ორი რუსული Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი პატრულირებდა ბელარუსის საჰაერო სივრცეში ბელარუსულ Su-30 ტიპის გამანადგურებლებთან ერთად. 10 ნოემბერს, ანალოგიური ფრენა ბელარუსის საჰაერო სივრცეში განახორციელა ორმა რუსულმა Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიულმა ბომბდამშენმა.

Tu-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების 11 ნოემბრის მარშრუტი

ომი სირიაში – 11 ნოემბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

12 ნოემბერს, ჩრდილოეთის ზღვის თავზე გადაფრენისას ორ რუსულ Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიულ ბომბდამშენს გზა გადაუჭრეს ბრიტანეთისა და ბელგიის გამანადგურებლებმა.

რუსულმა Su-30 ტიპის გამანადგურებელმა 11 ნოემბერს, შავი ზღვის თავზე გზა გადაუჭრა ბრიტანულ სამხედრო თვითმფრინავს.

შავი ზღვის ფლოტის „მომა“ კლასის (პროექტი 861M) სადაზვერვო გემი „კილდინიდაფიქსირდა ბრიტანულ ავიამზიდ „დედოფალ ელიზაბეტის“ სიახლოვეს, ომანის ნაპირთან.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ცენტრალურ სამხედრო ოლქს გადაეცა ბატალიონის სამყოფი S-300PM2 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების პარტია. რუსულ წყაროებში არსებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ დანაყოფი, რომელსაც აღნიშნული სისტემები გადაეცა შესაძლოა იყოს მე-14 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ეკატერინბურგში) 41-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 388-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (აჩინსკი, კრასნოიარსკის მხარე).

 

სწავლებები*

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების (ვდვ) დანაყოფმა, ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, ერთობლივი სწავლება ჩაატარა ბელარუსში, კერძოდ გროდნოს ოლქში, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე.

ერთობლივი, რუსულ-ბელარუსული სწავლების ადგილმდებარეობა  (InformNapalm-ის რუკა)

რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ოდკბ-ს (CSTO) სამხედრო ალიანსის ერთობლივი სწავლება გაიმართა რუსეთში, კერძოდ თათრეთის რესპუბლიკაში. სწავლებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედროები სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყახაზეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან, რუსეთი წარმოდგენილი იყო ცენტრალური სამხედრო ოლქით. ჯამში, წვრთნაში მონაწილეობა 1 800-მდე სამხედრომ მიიღო.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.