მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2022
2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. 56-ე გამოცემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოიხილავს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.
ყაზახეთში ,,რუსული სეპარატიზმის'' ბრალდებით ორი ადამიანი გაასამართლეს მთავარი მოვლენა: 2022 წლის 3 აგვისტოს ყაზახეთის ქ. პეტროპავლის (მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვართან) სასამართლომ მამაკაცსა და ქალს ჩრდილოეთ ყაზახეთის რუსეთთან შეერთების მოთხოვნისთვის ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოვლენა დეტალურად: სასამართლოს ცნობით, 2021 წლის დეკემბერში წყვილმა ონლაინურთიერთობის ვებგვერდის (Chatroulette) გამოყენებით ჩრდილოეთ ყაზახეთის რუსეთთან შეერთების მოწოდება გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში „ВКонтакте“ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომელშიც ეწერა, რომ ყაზახეთი ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, საქართველო კი, როგორც სახელმწიფო, არასდროს არსებობდა. მედვედევის პოსტის ნამდვილობა მალევე უარყვეს, მაგრამ ყაზახეთში პოსტმა მწვავე რეაქცია გამოიწვია. ყაზახეთში განსაკუთრებით უფრთხიან რუსულ სეპარატიზმს და ნებისმიერ გამოვლინებაზე მწვავედ რეაგირებენ. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ყაზახეთში რამდენიმე ადამიანი დააკავეს სეპარატიზმის წახალისებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით. ყაზახეთი რუსეთთან დაკავშირებულ სეპარატიზმს განსაკუთრებული ეჭვის თვალით უყურებს და 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური სეპარატიზმის პრევენციისთვის სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა, კერძოდ:
ბოლო პერიოდში რუსეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან განსაკუთრებით გახშირდა განცხადებები, სადაც სხვადასხვა ფორმით ყაზახეთისადმი ტერიტორიულ პრეტენზიებს გამოხატავენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და ახლა უკვე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური რუსები მნიშვნელოვანი რაოდენობით არიან წარმოდგენილი, გაიზარდა რისკი, რომ რუსეთმა შესაბამისი პოლიტიკური გარემოს შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ნაბიჯი მათ წინააღმდეგაც გადადგას. ყაზახეთში ყურადღებით აკვირდებიან რუსეთში ყაზახეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ამბობენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონები რუსულენოვან სამყაროს ეკუთვნის. შესაბამისად, ასეთი დაკავებებით ყაზახეთის ხელისუფლება პრორუსული სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლინების აღკვეთას და უფრო დიდი სეპარატისტული მოძრაობის გაღვივების პრევენციას ცდილობს.
ყაზახეთის პრეზიდენტი სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდა მთავარი მოვლენა: 2022 წლის 19 აგვისტოს ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი სოჭში, რუსეთი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: akorda.kz მოვლენა დეტალურად: შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. პუტინის თქმით, სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 34.4%-ით გაიზარდა, იზრდება ინვესტიციები ორივე მხრიდან, რუსულმა ინვესტიციებმა 17 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ყაზახურმა - 4,5 მლრდს. რუსეთი ყაზახეთის ნომერი პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირობებში რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ყაზახეთის მასშტაბის მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება. ასეთი შეხვედრაც პუტინისთვის შესაძლებლობაა ყაზახეთი უფრო მეტ თანამშრომლობაზე დაითანხმოს, რომელიც უკრაინის საკითხში კრემლის ღია პოლიტიკურ მხარდაჭერას არ გამოხატავს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ყაზახეთისთვის: ყაზახეთი თავს არიდებს რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას, მაგრამ ამავე დროს ცდილობს რუსეთთან ისეთი ეკონომიკური ურთიერთობები შეინარჩუნოს, რომელიც მას დამატებით ეკონომიკურ გამოწვევებს აარიდებს თავიდან.
ყაზახეთში თავშესაფრების აღდგენას გეგმავენ მთავარი მოვლენა: 2022 წლის 26 აგვისტოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ყაზახეთის უმსხვილესი ქალაქის, ალმათის, აკიმმა (მერმა) ერბოლატ დოსაევმა განაცხადა, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში აღადგენენ თავშესაფრებს და სხვა ისტორიული მნიშვნელობის შენობებს. მოვლენა დეტალურად: აკიმის განცხადებით, აღდგენის პროგრამა შემუშავების პროცესშია. აკიმის განცხადება ალმალინის რაიონის მაცხოვრებლის შეკითხვას მოჰყვა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო თავშესაფრების აღდგენა მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით. მისი თქმით, ალმალინის რაიონში ისტორიული ნაგებობებია, სადაც თავშესაფრები თავის დროზე აშენდა. აკიმის თქმით, „შემუშავდება ცალკე პროგრამა ყველა იმ ისტორიული შენობის აღდგენისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან შემორჩა. მუშაობა დაწყებულია. ეს მარტო გეოპოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება, ჩვენ აქტიურ სეისმურ ზონაში ვართ და ქალაქი მზად უნდა იყოს მსგავსი ვითარებისთვის“. მისი თქმით, თავშესაფრების აღდგენა ყაზახეთის პრეზიდენტის მოთხოვნაც არის. ამჟამად ალმათაში საბჭოთა პერიოდში აშენებული 300 თავშესაფრიდან 100-ის გამოყენებაა შესაძლებელი, დანარჩენით კერძო ბიზნესი სარგებლობს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ყაზახეთში შიშობენ, რომ მოსკოვმა აგრესიული ნაბიჯები შესაძლოა ყაზახეთის წინააღმდეგაც გადადგას, რომელმაც ღია მხარდაჭერა არც რუსეთს გამოუცხადა და არც უკრაინას. ყაზახეთში ფიქრობენ, რომ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საჭიროა უკეთესად მომზადება, მათ შორის, თავშესაფრების აღდგენა. თუმცა, სხვა ღონისძიებების განხორციელების გარეშე, მხოლოდ თავშესაფრები ვერ იქნება სამხედრო აგრესიის რეალური შემაკავებელი და დამცავი მექანიზმი. ამიტომაც აკიმის ასეთ განცხადებებს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება და ყაზახეთში რუსეთის შესაძლო აგრესიასთან დაკავშირებით შიდა განწყობების მაჩვენებელია
აშშ-ის მხარდაჭერით ტაჯიკეთში სამხედრო წვრთნები ჩატარდა მთავარი მოვლენა: 2022 წლის 10-20 აგვისტოს ტაჯიკეთში, აშშ-ის მხარდაჭერით, ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნები - „რეგიონული თანამშრომლობა 22“ - ჩატარდა. მოვლენა დეტალურად: წვრთნები დუშანბეში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის რამდენიმე შტატის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა და მონაწილეებმა ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, პაკისტანიდან და მონღოლეთიდან. წვრთნების მიზანი იყო რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება; ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა აკრძალული მასობრივი განადგურების იარაღის, ტერორიზმისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. წვრთნების მიზანი იყო ასევე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში რეგიონული თავდაცვის ძალების მონაწილეობის განვითარებასა და ინფორმაციის გაცვლაში დახმარება. წვრთნების საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო ტაჯიკეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ მარკ პომერშეიმმა. სამხედრო წვრთნების გახსნა. წყარო: centcom.mil ასეთი წვრთნები ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნების მონაწილეობით 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ტაჯიკეთში წვრთნები უკვე მეექვსეჯერ ჩატარდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში უსაფრთხოების რისკები იზრდება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც, მსგავსი წვრთნები კი უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიღებისა და საკუთარი უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობაა.
ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი განახლდა მთავარი მოვლენა: 2022 წლის 25 აგვისტოს რიგაში, ლატვია, საბჭოთა პერიოდის ობელისკის დემონტაჟი განახორციელეს. მოვლენა დეტალურად: 80 მეტრი სიმაღლის ობელისკი წითელი არმიის მიერ ნაცისტური გერმანიისგან ლატვიისა და მისი დედაქალაქის, რიგის, განთავისუფლების აღსანიშნავად საბჭოთა პერიოდში, 1985 წელს, აიგო. ობელისკის დემონტაჟს ლატვიის მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. წელს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა წარსულთან დაკავშირებული ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. მაისში რიგაში გამარჯვების პარკში ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმაც მიიღო. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის შეფასებით, ლატვიამ ისტორიის კიდევ ერთი მტკივნეული ფურცელი დახურა. ლატვიას რუსეთთან 214 კილომეტრი სიგრძის საერთო საზღვარი აქვს და მისი მოსახლეობის 25% ეთნიკურად რუსია, რომელიც პერიოდულად აპროტესტებს ლატვიაში საბჭოთა ისტორიული წარსულის გადახედვის შემთხვევებს. რა ხდება სხვაგან? უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საბჭოთა პერიოდის სიმბოლოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება დაჩქარდა. მაგ., პოლონეთში საბჭოთა წითელი არმიის ჯარისკაცების მონუმენტის დემონტაჟი მოხდა. სულ მცირე, 20 ასეთი მონუმენტი უკვე მოშალეს, რამდენიმე ათეული კი - თავის „რიგს“ ელოდება. საბჭოთა ტანკის (T-34) მონუმენტის დემონტაჟი განხორციელდა ესტონეთშიც, რუსეთის მოსაზღვრე, ძირითადად რუსებით დასახლებულ ქალაქ ნარვაშიც. ტანკი ტალინთან ახლოს მდებარე ომის მუზეუმში გადაიტანეს. ნარვაში კიდევ შვიდ მსგავს ძეგლს შეუცვლიან ადგილს. საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟი/გადაადგილება ყოველთვის მშვიდად არ ხდება. 2007 წელს ტალინში, ესტონეთი, წითელი არმიის ჯარისკაცის ბრინჯაოს ძეგლის გადაადგილებამ ქვეყნის მასშტაბით დიდი არეულობა გამოიწვია. დაიღუპა ერთი ადამიანი და დააკავეს ათასზე მეტი. არეულობას ესტონეთის წინააღმდეგ კიბერშეტევაც მოჰყვა, რომლის ორგანიზებაც რუს ჰაკერებს მიეწერებათ. რას ამბობს რუსეთი? რიგაში საბჭოთა მონუმენტის დემონტაჟის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლატვიის ხელისუფლება რუსოფობიაში და ნეონაციზმში დაადანაშაულა. კიდევ ერთ განცხადებაში სამინისტრომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „ფაშიზმთან ახლოს მდგომ“ უპრეცედენტო კამპანიაში დაადანაშაულა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდა რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება საკუთარი მეზობლების მიმართ, რომლებსაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს. საბჭოთა ისტორია კი კრემლის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც მოსკოვი ამ ქვეყნებში სოციალური დაძაბულობის ხელშესაწყობად იყენებს. ძეგლების დემონტაჟის ახალი ტალღა მიუთითებს ამ ქვეყნების დამოკიდებულებაზე საბჭოთა ძეგლების/ისტორიის მიმართ, რომელსაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში როგორც რეპრესიებისა და საბჭოთა ოკუპაციის, ისე რუსეთთან ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში აზერბაიჯანის წარმომადგენელიც მონაწილეობდა მთავარი მოვლენა: 2022 წლის 25-26 აგვისტოს ყირგიზეთის ქ. ჩოლპონ-ატაში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ევრაზიული სამთავრობათაშორისო საბჭოს შეხვედრაზე, კავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებმა 9 საკითხი განიხილეს. შეხვედრაში ორგანიზაციის არაწევრი აზერბაიჯანის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. მოვლენა დეტალურად: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოების გაერთიანებაა. რუსეთის გარდა, ორგანიზაციის წევრები არიან ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. საინტერესოა, რომ შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. მთავრობის მეთაურებმა ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობაში ეროვნული ვალუტების გამოყენების გაფართოების საკითხი განიხილეს. ასევე ისაუბრეს ტრანსპორტის სფეროში პრიორიტეტული ინტეგრაციული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. საბჭოს შემდეგი შეხვედრა მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს სომხეთში ჩატარდება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სულ უფრო მზარდი სანქციების პირობებში, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რომელიც მას დასავლეთის მხრიდან შემოღებული იზოლაციის გარღვევაში დაეხმარება. ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი სამიზნე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებია, რომლებთანაც რუსეთს ყველაზე ახლო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება: შეხვედრაში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს ამ ქვეყნის ინტერესზე, არსებული გლობალური პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ეკონომიკური შესაძლებლობები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებშიც გამოიყენოს.
ყაზახეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში მთავარი მოვლენა: 2022 წლის 24 აგვისტოს ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი აზერბაიჯანს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: astanatimes.com მოვლენა დეტალურად: ყაზახეთის პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა. ტოკაევმა განაცხადა, რომ ვიზიტს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვიზიტის ფარგლებში 20-ზე მეტ შეთანხმებას მოეწერა ხელი, მათ შორის, დეკლარაციას სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებისა და სამოკავშირეო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. დეკლარაციის სულისკვეთება მიუთითებს, რომ ქვეყნები ერთმანეთს არა მარტო სტრატეგიულ პარტნიორებად, არამედ მოკავშირეებადაც განიხილავენ. პრეზიდენტებმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2022-2026 წლებში თანამშრომლობის განვითარების პროგრამის შესახებაც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ყაზახეთის წინაშე დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მხრივ გამოწვევები გაჩნდა. კერძოდ, გართულდა რუსეთის ტერიტორიის გავლით ყაზახური ნავთობისა და ტვირთების დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირება. ყაზახური ნავთობისა და სხვა ტვირთების დასავლეთში ტრანსპორტირების მხრივ ყველაზე მომგებიანი და საიმედო მარშრუტი აზერბაიჯანზე გადის, რომელიც, საქართველოსთან ერთად, მრავალი წელია უკვე უზრუნველყოფს აზერბაიჯანის კასპიური ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე წვდომას. ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზანიც აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალის ათვისებაა.
ბელარუსმა სამხედრო წვრთნები ჩაატარა მთავარი მოვლენა: 2022 წლის აგვისტოში ბელარუსის საჰაერო ძალებმა ბელარუსსა და რუსეთში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. მოვლენა დეტალურად: ბელარუსის საჰაერო ძალებმა 9-11 აგვისტოს სამხედრო წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე ჩაატარეს, წვრთნების მეორე ფაზა კი 22-25 აგვისტოს რუსეთის აშულუკის სამხედრო ბაზაზე გაიმართა, რომელიც ყაზახეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ამავე დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებაში არსებული სამხედრო თვითმფრინავები („Su-24“) ისე გადაკეთდა, რომ ისინი შეძლებენ ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებას. მისი თქმით, მან ეს ნაბიჯი პუტინთან შეათანხმა. ლუკაშენკო დასავლეთსაც დაემუქრა, რომ ვერც ვერტმფრენები და ვერც თვითმფრინავები მათ ვერ გადაარჩენენ, თუკი ისინი ესკალაციას შეეცდებიან. თვითმფრინავების გადაკეთების შესახებ ლუკაშენკოს განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებები ამ ეტაპისთვის არ არსებობს. ბელარუსი პირდაპირ არ არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაში, თუმცა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს მისი ტერიტორიიდანაც მოხდა და ამჟამადაც ბელარუსის ტერიტორიას რუსი სამხედროები ლოჯისტიკისთვის იყენებენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მთელი პერიოდის განმავლობაში ლუკაშენკო თავს არიდებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას და ბელარუსი სამხედროების ომში ჩართვას. თუმცა, ასეთი სამხედრო წვრთნებითა და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზებით ლუკაშენკო, ომში ჩაურთველად, რუსეთის მხარდაჭერის დემონსტრირებას ცდილობს.
მოლდოვის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეზე რუსეთს აკრიტიკებს მთავარი მოვლენა: 2022 წლის 27 აგვისტოს, მოლდოვის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაც დაგმო. მოვლენა დეტალურად: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველივე დღიდან მოლდოვა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვამ და მისმა პროდასავლურმა მთავრობამ ღიად დაუჭირეს მხარი უკრაინას, მოლდოვა არ შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რაც ქვეყნის ნეიტრალიტეტის სტატუსით და რუსეთზე ეკონომიკური/ენერგო დამოკიდებულებით ახსნა. რუსეთისადმი მსგავსი დამოკიდებულების მიუხედავად, მოლდოვა რუსეთის შესახებ კრიტიკულ განცხადებებს არ იშურებს. სანდუს შეფასებით, რუსეთის უსამართლო ომმა უკრაინის წინააღმდეგ ყველას აჩვენა თავისუფლების ფასი. 28 ივლისს მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს. მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები მოლდოვის საზღვრების სიახლოვეს არ მიმდინარეობს და სამხედრო დაპირისპირების მოლდოვის ტერიტორიაზე გავრცელების რისკებმაც იკლო, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეჟიმის არსებობისა და ამ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების დისლოკაციის გამო კვლავაც მაღალია უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ალბათობა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის მიუხედავად, მოლდოვა რუსეთის ღია კრიტიკას არ ერიდება, რითაც ხაზს უსვამს თავის ცალსახა პოზიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს.
|