X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა: N61

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N61

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ნოემბერი, 2022

 

2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. 61-ე გამოცემაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.

  • გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს უკრაინის სასარგებლოდ რეპარაციის გადახდისკენ მოუწოდა
  • ხარკოვში რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის, ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს
  • რუსეთის პრეზიდენტმა სახალხო ერთობის დღე მინინისა და პოჟარსკის ძეგლთან აღნიშნა
  • რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მიგრანტები ტოვებენ
  • რუსეთის პრეზიდენტმა თურქმენეთის ყოფილ ლიდერს უმასპინძლა
  • ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობაზე  საუბრობს
  • ყირგიზეთში კიდევ ორმა ბანკმა თქვა უარი რუსულ საბანკო ბარათებზე
  • მოლდოვაში რუსეთის ქმედებების გამო კვლავ ენერგოკრიზისია
  • ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტს იწყებს
  • მოსკოვში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს უკრაინის სასარგებლოდ რეპარაციის გადახდისკენ მოუწოდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 14 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ, მათ შორის რეპარაციის გადახდისკენ, მოუწოდებს.

მოვლენა დეტალურად: რეზოლუციას 193 წევრი-ქვეყნიდან მხარი დაუჭირა 94-მა. რეზოლუცია წევრ-ქვეყნებს საერთაშორისო რეესტრის შექმნისკენ მოუწოდებს, სადაც რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებები დარეგისტრირდება. ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არც ამჯერად მიუღიათ.

სხვა რეზოლუციები

2022 წლის 28 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. რეზოლუციას, სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მსგავსი შედეგი გამოვლინდა 24 მარტს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხზე რიგით მეორე რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140 ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 2022 წლის 12 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის „უკანონო ანექსიის მცდელობა“ და მოუწოდა ქვეყნებს არ აღიარონ მოსკოვის გადაწყვეტილება. გენერალური ასამბლეის 193 წევრიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 143-მა ქვეყანამ. რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთის გარდა ხმა მისცეს სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. 35 ქვეყანა კენჭისყრას არ ესწრებოდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არც ამჯერად მიუღიათ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: გაეროს მიერ რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება საერთაშორისო არენაზე მოსკოვის კიდევ ერთი მარცხია, რომელიც ასევე მიანიშნებს, რომ რუსეთის მხარდაჭერისგან თავს იკავებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მოკავშირეებად მიჩნეული სახელმწიფოებიც.

 

ხარკოვში რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის, ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 9 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის, ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ხარკოვის საქალაქო საბჭომ გაავრცელა.

მოვლენა დეტალურად: საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქამია, რომ ბიუსტის მომავალს - მუზუემში შეინახავენ თუ ქალაქის სხვა კულტურულ და ისტორიულ სივრცეში გამოუნახავენ ადგილს - ხარკოველები უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ გადაწყვეტენ. ბიუსტი ექსპოზიციის ნაწილიც შეიძლება გახდეს, რომელიც უკრაინის ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას მიეძღვნება, რადგან მოძრაობის წევრები ასი წლის წინათაც, 1917 წლის რევოლუციამდე, აპირებდნენ ბიუსტის აღებას.

პუშკინის ძეგლის დემონტაჟი. წყარო: city.kharkov.ua

აპრილში ხარკოვში საბჭოთა მარშლის, გეორგი ჟუკოვის ძეგლი აიღეს. მხოლოდ აგვისტოსა და ოქტომბერში კიევში სახელი გადაარქვეს 130-ზე მეტ ქუჩას და მოედანს, რომლის სახელებიც რუსეთს ან საბჭოთა კავშირს უკავშირდებოდა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება უკრაინის სხვა ქალაქებშიც.

ბოლო მსგავსი შემთხვევა ოდესაში დაფიქსირდა, როდესაც ქალაქის ხელმძღვანელობამ, ონლაინ გამოკითხვის საფუძველზე, რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის სკულპტურის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო და ძეგლის ირგვლივ ბარიერი მოაწყო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხშირად აცხადებს, რომ ოდესა ძირძველი რუსული ქალაქია, ეკატერინე II კი - ქალაქის დამაარსებელი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამდე ხარკოვი ერთ-ერთი ყველაზე პრორუსულად განწყობილი ქალაქი იყო, სადაც უკრაინელები ძირითადად რუსულენოვანები იყვნენ. მოსკოვის სამხედრო აგრესიამ განწყობები შეცვალა არა მხოლოდ ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში, არამედ ომამდე პრორუსულად განწყობილ უკრაინის რეგიონებშიც, რაც უკრაინაში რუსული სამყაროს შექმნის პოლიტიკის დამარცხების მანიშნებელია.

 

რუსეთის პრეზიდენტმა სახალხო ერთობის დღე მინინისა და პოჟარსკის ძეგლთან აღნიშნა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 4 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის ხსოვნას მათ ძეგლთან მისვლით მიაგო პატივი.

მოვლენა დეტალურად: 4 ნოემბერს რუსეთში სახალხო ერთობის დღეს აღნიშნავენ, რომელიც 2005 წელს დაწესდა 1612 წლის მოვლენების აღსანიშნავად, როდესაც მეორე სახალხო ლაშქრობის ლიდერებმა კუზმა მინინმა და დიმიტრი პოჟარსკიმ მოსკოვი პოლონელებისგან გაანთავისუფლეს.

პუტინი სახალხო ერთობის დღეს აღნიშნავს. წყარო: kremlin.ru

პუტინი ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებსაც გაესაუბრა, რომლებმაც მას უამბეს მათი ორგანიზაციის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქებში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ და თუ როგორი მადლიერია ადგილობრივი მოსახლეობა და როგორ სთხოვენ დაურიგონ მათ რუსული დროშა. უკრაინის ოკუპირებული რეგიონების პრობლემებზე და იქ გაწეულ ჰუმანიტარულ საქმიანობაზე სხვა ახალგაზრდული და პატრიოტული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უამბეს პუტინს.

პუტინმა თავის მხრივ უკრაინის „რუსული ისტორიაც“ გაიხსენა. ოკუპირებულ მარიოპულზე პუტინმა განაცხადა, რომ იგი ძველი რუსული ქალაქია, სადაც პეტრე I-მა პირველი სამხედრო ფოლიტილია დაარსა და პირველი გამარჯვებებიც მოიპოვა. პუტინმა ქალაქთან სუვოროვისა და ეკატერინე II-ის კავშირებზეც ისაუბრა. პუტინის თქმით, მთავრობა ქალაქის აღდგენის საკითხზე მუშაობს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მსგავს ღონისძიებებში პუტინის მონაწილეობა და ხალხთან „გასაუბრება“ კრემლის პროპაგანდის ნაწილია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ისტორიული ნარატივებით გამართლებას და მოსახლეობის პატრიოტული მოტივებით მობილიზებას ისახავს მიზნად.

 

რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მიგრანტები ტოვებენ

მთავარი მოვლენა: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მიგრანტები რუსეთს ტოვებენ და საკუთარ ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან ან უკეთეს შესაძლებლობებს სხვა ქვეყნებში ეძებენ.

მოვლენა დეტალურად: რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის რვა თვეში რუსეთი რეკორდული რაოდენობის მიგრანტებმა დატოვეს სომხეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთი სულ 506 ათასმა მიგრანტმა დატოვა, რაც 62.5 ათასი კაცით მეტია, შემოსული მიგრანტების რაოდენობაზე.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობის რუსეთში შრომითი მიგრაცია 1990-იანი წლებიდან დაიწყო. რუსეთი, კულტურული თუ ეკონომიკური ფაქტორების გამო, მიგრანტებისთვის შემოსავლის მიღების სტაბილურ წყაროს უზრუნველყოფდა, რაც არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის შემოსავლის წყარო იყო, რადგან შრომით მიგრანტები რუსეთიდან ფულად გზავნილებს აგზავნიდნენ. უკრაინაში სამხედრო აგრესიის შედეგად, კი რუსეთს ტოვებენ არა მხოლოდ უკრაინელი მიგრანტები, არამედ რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოების მოქალაქეებიც. ყველაზე ბევრი მიგრანტი დაბრუნდა სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში. ერთადერთი გამონაკლისი ტაჯიკეთია, სიდანაც უფრო მეტი ჩავიდა, ვიდრე წავიდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის: რუსეთში მიგრანტების რაოდენობის კლება იმის მაჩვენებელია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მიგრანტებისთვის რუსეთი აღარ არის მიმზიდველი ქვეყანა, რადგან იგი ვეღარ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და შემოსავლებს. ეს ფაქტორი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ამ ქვეყნებზე, რადგან შემცირდება ფულადი გზავნილები, რაც სამი ათწლეულის განმავლობაში ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო.

 

რუსეთის პრეზიდენტმა თურქმენეთის ყოფილ ლიდერს უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 3 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტსა და ეროვნული კრების სახალხო საბჭოს თავმჯდომარეს, გურბანგული ბერდიმუხამედოვს კრემლში უმასპინძლა.

მოვლენა დეტალურად: პუტინმა ბერდიმუხამედოვი „სამშობლოსადმი დამსახურებისდმი“ მე-4 ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვა. ახალი სტატუსით ეს ბერდიმუხამედოვის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო მოსკოვში. 2022 წლის მარტიდან თურქმენეთის პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვის შვილი სერდარია, თუმცა თავად ბერდიმუხამედოვი კვლავ ინარჩუნებს გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. საყურადღებოა, რომ თურქმენეთს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით რაიმე განცხადება არ გაუკეთებია და ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს.

პუტინი თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტს მასპინძლობს. წყარო: kremlin.ru

ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის ახალთექური ცხენის კომპლექსის ეროვნული საცხენესნო თამაშების ჯგუფის ხელმძღვანელი მოსკოვის დიდი სახელმწიფო ცირკის დირექტორსაც შეხვდა. შეხვედრაზე საცხენესნო ხელოვნებაში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ახალთექური ცხენის პოპულარიზაცია გურბანგული ბერდიმუხამედოვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია და საკითხს სახელმწიფო დონეზე ექცევა ყურადღება. ამ საკითხზე ყოფილ პრეზიდენტს წიგნებიც აქვს გამოქვეყნებული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტი თურქმენეთის პოლიტიკაში კვლავ ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ამიტომაც, მოსკოვში მისი ვიზიტიც პოლიტიკური მნიშვნელობის არის. აღნიშნული ვიზიტი თურქმენეთის მიერ საგარეო პოლიტიკის დაბალანსებით შეიძლება აიხსნას, რადგან თურქმენეთმა მხარი არ დაუჭირა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, თუმცა არც უკრაინისადმი გამოუხატია ღია პოლიტიკური მხარდაჭერა.

 

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობაზე  საუბრობს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 4 ნოემბერს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკომ „DW“-სთან ინტერვიუში ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობაზე ისაუბრა.

მოვლენა დეტალურად: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ყაზახეთმა, რომელიც რუსეთის მოკავშირეა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კუხოში, მხარი არ დაუჭირა რუსეთის აგრესიას, არ აღიარა უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და მისი შემდგომი ანექსია რუსეთის მიერ. 11 ნოემბერს, თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც უზბეკეთის ქ. სამარყანდში ჩატარდა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე დროს, ყაზახეთი არ შეურთდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და არც გაეროში რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციებს დაუჭირა მხარი. მსგავს პოზიციას ვასილენკომ „დაბალანსებული“ უწოდა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული. მინისტრის მოადგილის თქმით, ყაზახეთი კონფლიქტის დიპლომატიური საშუალებებით მოგვარებას უჭერს მხარს.

ვასილენკოს თქმით, გავრცელებული მოსაზრება, რომ ასტანა მოსკოვისგან დისტანცირებას ცდილობს, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან „ყაზახეთსა და რუსეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვარი აქვთ, 3.4 მლნ რუსი ყაზახეთში ცხოვრობს და 1.5 მლნ ყაზახი რუსეთში. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან და ყაზახეთის ეკონომიკურ ცხივრებაში 11 000 რუსული კომპანიაა ჩართული“.

ვასილენკოს შეაფსებით, ყაზახეთის საერთაშორისო პოლიტიკის საფუძველი „მრავალვექტორულობაა“ და ასტანა ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან აწარმოოს. დღე რუსეთი ყაზახეთში არ არის უმსხვილესი ინვესტორი და ყველაზე მსხვილ პროექტებში დასავლური და ჩინური კომპანიები არიან ჩართული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყაზახეთმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უარი თქვა რუსეთის მხარდაჭერაზე და ისეთი საგარეო პოლიტიკის წარმოებას ცდილობს, რომელიც რუსეთის ზედმეტ გაღიზიანებას არ გამოიწვევს და ამავე დროს სხვა რეგიონულ ძალებთან ურთიერთობის განვითარებაშიც შეუწყობს ხელს. ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლის ინტერვიუს ძირითადი გზავნილებიც, ასტანის საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობის ახსნას ისახავდა მიზნად.

 

ყირგიზეთში კიდევ ორმა ბანკმა თქვა უარი რუსულ საბანკო ბარათებზე

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 4 ნოემბერს ყირგიზეთის კიდევ ორმა ბანკმა - „ოპტიმა ბანკ“ და „ბაი ტუშუმუარი თქვა რუსეთის საბანკო ბარათების - „მირ“-ის მომსახურებაზე.

მოვლენა დეტალურად: 27 ოქტომბერს რუსულ საბანკო ბარათებზე უარი „ყირგიზეთის საინვესტიციო-საკრედიტო ბანკმა“ თქვა. ოქტომბერში სულ 8 ყირგიზულმა ბანკმა თქვა უარი. სულ ყირგიზეთში რუსულ ბარათებს 20 ბანკი იყენებდა.

ყირგიზეთამდე მსგავსი გადაწყვეტილება ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნის ბანკებმაც მიიღეს. ყაზახეთში რუსული საბანკო ბარათების გამოყენებაზე პირველად უარი უმსხვილესმა „Halyk Bank“-მა თქვა. იგივე ვითარებაა უზბეკეთშიც, სადაც 23 სექტემბრიდან „Мир“-ის ბარათებით სარგებლობა შეუძლებელია. 27 სექტემბერს „ტექნიკური პრობლემების“ გამო სისტემის მომსახურებაზე უარი თქვა ტაჯიკურმა „Душанбе Сити Банк“-მა. მსგავსი ვითარება შეიქმნა რამდენიმე ბანკში თურქეთსა და ვიეტნამშიც.

დასავლური სანქციების პირობებში რუსეთმა თავისი დამოუკიდებელი საგადახდო სისტემა „Мир“-ის განვითარება რამდენიმე წელია, რაც  დაიწყო. აღნიშნული ბარათები გამოიყენება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში, ბელარუსში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ბარათებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც იყენებენ.

ბანკების უარს წინ უძღოდა აშშ-ის ხაზინის გაფრთხილება შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების რისკი დაემუქრებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის გარეთ რუსულ საგადახდო სისტემა „Мир“-ის ფუნქციონირებას შეუწყობენ ხელს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სექტორის მიერ რუსულ საგადახდო სისტემის გამოყენებაზე უარი შეზღუდავს „Мир“-ის ბარათების რუსეთის გარეთ გამოყენების შესაძლებლობას, რაც საზიანო იქნება რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნებში საქმიანობენ. ამავე დროს, მსგავსი ნაბიჯით ამ ქვეყნების საბანკო სისტემები შესაძლო დასავლურ სანქციებს თავს აარიდებენ.

 

მოლდოვაში კვლავ ენერგოკრიზისია

მთავარი მოვლენა: მოლდოვის სეპარატისტულმა დნესტრისპირეთის რეგიონმა მოლდოვას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, რასაც მოდლოვაში მორიგი ენერგოკრიზისი მოჰყვა.

მოვლენა დეტალურად: სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მდებარეობს მოლდოვის უდიდესი თბოელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის 70%-ს უზრუნველყოფს. სადგურს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო“ ფლობს.

ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოკომმა“ ვერ შეძლო სადგურთან ნოემბრის კონტრაქტის გაფორმება, რადგან რუსეთმა მოლდოვას გაზის მიწოდება 40-%-ით შეუმცირა. 1 ნოემბერს ბუქარესტში ვიზიტად მყოფმა ქვეყნის პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუმინეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდება ყლველდღიური გამოწვევაა. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მოლდოვის ელექტრონერგიის მოთხოვნილების 90%-ს რუმინეთი უზრუნველყოფს, რადგან უკრაინა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის გამო ვეღარ უზრუნველყოფს მოლდოვას.

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე 15 ნოემბერს რუსეთის განახლებული სარაკეტო შეტევის გამო, მოლდოვაში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეწყდა.

სანქციები პრორუს ოლიგარქებს

ენერგოკრიზისის გამო მოლდოვაში გააქტიურებული არიან პრორუსული პოლიტიკური ჯგუფებიც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოლდოვის პრორუსულ პოლიტიკოსებს აშშ-მა სანქციები დაუწესა. 2022 წლის 26 ოქტომბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 9 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის, ორ მოლდოველ ოლიგარქს, რომლებიც ქვეყნის პროდასავლური მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან. მოლდოველი ოლიგარქები შემჩნეული არიან „სისტემურ კორუფციასა“ და ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში. ერთ-ერთი სანქცირებული ილან შორია, რომელიც ცნობილია თავისი სიმპათიებით რუსეთისადმი. მისი პარტია „შორ“, რომელიც მოლდოვის პარლამენტშიც არის წარმოდგენილი, რამდენიმე კვირაა კიშინიოვში ანტისამთავრობო აქციებს აწყობს პროდასავლური მთავრობის წინააღმდეგ. ბოლო დღეებში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მთავრობის გადადგომას და  არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მოლდოვის გაზითა და ელექტროენერგიით მომარაგება სეპატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონსა და რუსეთზეა დამოკიდებული. 30 წლის განმავლობაში მოლდოვამ ვერ შეძლო საკმარისი ალტერნატიული ენერგოწყაროებით ქვეყნის უზრუნველყოფა, რაც პერიოდულად იწვევს ენერგოკრიზისებს. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება, რადგან აღნიშნულ დამოკიდებულებას პრორუსული ძალები და კრემლი მოლდოვის პროდასავლური მთავრობის წინააღმდეგ იყენებს.

 

ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტს იწყებს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 10 ნოემბერს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2023 წლის 1 იანვარს ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს.

მოვლენა დეტალურად: სმაილოვის განცხადებით, 1.5 მლნ ტონის გარდა, ყაზახეთი წლის განმავლობაში მოცულობის 6-6.5 მლნ ტონამდე გაზრდასაც გეგმავს. მისი თქმით, ამავე დროს, გაზრდილია ვაგონ-ცისტერნების რაოდენობა და დაწყებულია საპილოტო ტრანსპორტირება სარკინიგზო ხაზით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით. არსებული გეგმის მიხედვით, ნავთობი ყაზახეთის აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მოხდება. გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის გამოყენებაზე.

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის საკითხში გამოწვევების წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე თვის წინ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის მილსადენით ყაზახური ნავთობის რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტი შეწყდა, რაც ყაზახეთში კრემლის მხრიდან ზეწოლის მცდელობად აღიქვეს. ყაზახეთს ნავთობის ექსპორტისთვის ორი მთავარი მილსადენი აქვს: კასპიის  მილსადენის კონსორციუმი, რომელიც ნოვოროსიისკის გავლით, დასავლეთის ბაზრებს ამარაგებს, და ყაზახეთ-ჩინეთის მილსადენი, რომლის მომხარებელიც ჩინეთია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყაზახეთი მილსადენით ნავთობის ექსპორტს ჩინეთის მიმართულებითაც ახორციელებს, თუმცა რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ბაზრებზე საიმედო წვდომა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის გავლით არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ყაზახეთს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფანთან დამაკავშირებელი სრულად გამართული ინფრასტრუქტურა არ აქვს, სამხრეთ კავკასიაში გამავალი მილსადენებით/რკინიგზით ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაზრდა, შემდგომში უფრო დიდი რაოდენობით ნავთობის ექსპორტის პერსპექტივას შექმნის.

 

მოსკოვში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 1 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევს შეხვდა.

მოვლენა დეტალურად: შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკების დროს ურთიერთანამშრობლობის სხვადასხვა ასპექტები და შემდგომი პერსპექტივები განიხილეს. ლავროვის განცხადების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით, მზადდება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოსკოვში ვიზიტი. მან ასევე მადლობა გადაუხადა ჯიოევს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისადმი ობიექტური, მოზომილი პოზიციისათვის, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებული რეფერენდუმების მხარდაჭერისთვის.

 სერგეი ლავროვისა და ახსარ ჯიოევის შეხვედრა. წყარო: cominf.org

ახსარ ჯიოევი „მინისტრად“ 2022 წლის 15 აგვისტოს დაინიშნა. ეს მისი პირველი „ოფიციალური“ ვიზიტი და შეხვედრა იყო ლავროვთან. ლავროვი 15 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსაც შეხვდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრა მოსკოვის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან ურთიერთობების განვითარებას და აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე სრული კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად.

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.