გამოცემა: N63 მიმოხილვის პერიოდი: 1-15 დეკემბერი, 2022 2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. 63-ე გამოცემაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს.ნაწილი ეწინააღმდეგება.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.
სამხრეთ კავკასიის კურატორის ინტერვიუს ძირითადი გზავნილები მთავარი მოვლენა: 2020 წლის 10 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან - „ТАСС“ ინტერვიუში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა. მოვლენა დეტალურად: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობას დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი კურირებს. 2019 წლის 4 აპრილიდან დეპარტამენტის დირექტორად დენის გონჩარი დაინიშნა. ინტერვიუს დროს გონჩარმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრის გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრებაც გამოთქვა: ინტერვიუს ძირითადი გზავნილები:
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დენის გონჩარი სამხრეთ კავკასიისა და ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. მის განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს ასახავს და კრემლის რეგიონული პოლიტიკის გააზრებისთვის მნიშვნელოვანია.
უკრაინაში მღვდელს „რუსეთის განდიდებაში“ დასდეს ბრალი მთავარი მოვლენა: 2022 წლის 1 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრის მღვდელს „რუსეთის განდიდებისთვის“ ბრალი წარუდგინეს. მოვლენა დეტალურად: უშიშროების სამსახურის განცხადებას 22 ნოემბერს წინ უძღოდა სამსახურის მიერ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მონასტერში, მათ შორის კიევ-პეჩერის ლავრაში, „კონტრსადაზვერვო ღონისძიებების“ ჩატარება. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „კონტრსადაზვერვო ღონისძიებების“ მიზანი რუსეთის სპეცსამსახურების „ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოვლენა იყო“. არსებული ინფორმაციით, მღვდელი და მრევლის რამდენიმე წევრი რელიგიური რიტუალის დროს „რუსულ სამყაროს“ განადიდებდა. კიევის პროკურატურა სასულიერო პირებს „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლების, აღიარების ან ლეგიტიმაციის ან უარყოფის“ ბრალს წაუყენებს. ექსპერტულმა გამოძიებამ დაადგინა ეჭვმიტანილების ქმედებების უკანონობა. კონტრდაზვერვის ღონისძიებები კიევში. წყარო: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტელეგრამ-არხი პრორუსული საქმიანობის სხვა ფაქტები 18 ნოემბერს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიაში, ვინიცას რეგიონში, ძირგამომთხრელი საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა. გამოძიების მიხედვით, ეპარქიის ხელმძღვანელი პროპაგანდისტულ მასალებს ამზადებდა, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას და უკრაინის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპაციას ამართლებდა. 10 დეკემბერს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ხარკოვის ოლქში მდებარე არაერთ ეკლესიასა და მონასტერში ჩაატარეს. კიევის რეაქცია 3 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს „რელიგიური დამოუკიდებლობისთვის“ ბრძოლას. მან ისეთი კანონების შემოღებისკენ მოუწოდა, რომლებიც უკრაინაში აკრძალავს იმ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ მაისში უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, უკრაინაში არ სჯერათ, რომ ისინი მოსკოვისგან ნამდვილად თავისუფალნი არიან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის ეკლესია და მისი მეთაური, პატრიარქი კირილი ღიად უჭერენ მხარს კრემლის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. უკრაინაში მოქმედი რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საგარეო-პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მსგავსი ღონისძიებები ომის პირობებში რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სასულიერო პირების მტრული ქმედებების პრევენციაა.
ევროპარლამენტმა „ჰოლოდომორი“აღიარა მთავარი მოვლენა: 2022 წლის 15 დეკემბერს ევროპარლამენტმა 1932-1933 წლებში უკრაინაში „ჰოლოდომორის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 507-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 - წინააღმდეგი იყო. მოვლენა დეტალურად: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე ბოლო პერიოდში გაძლიერდა „ჰოლოდომორის“ გენოციდად აღიარების ფაქტები. 24 ნოემბერს „ჰოლოდომორის“ შესახებ დეკლარაცია მიიღო მოლდოვის პარლამენტმა, 30 ნოემბერს „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად გერმანიის ბუნდესტაგმაც აღიარა. მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს ირლანდიის, რუმინეთის, ჩეხეთის პარლამენტებმა და აშშ-ის სენატმა. 1932-1933 წლების მოვლენები უკრაინაში ოფიციალურად არის აღიარებული გენოციდად. უკრაინის ისტორიის ინსტიტუტის მონაცემებით, „ჰოლოდომორის“ შედეგად, მხოლოდ საბჭოთა უკრაინაში 4 მლნ ადამიანი დაიღუპა. „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში ნოემბერში აღინიშნება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: „ჰოლოდომორის“ გენოციდად და უკრაინელების წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებად აღიარება რუსეთში აღიქმება, როგორც ანტირუსული გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც, რუსეთის ხედვით, ისტორიის გადაწერა და საბჭოთა/რუსული სახელმწიფოს დადანაშაულებაა.
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა და მოსკოვის რეაგირება მთავარი მოვლენა: 2022 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკასა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც ლაჩინის დერეფანში მდებარეობს, გადაკეტა. მოვლენა დეტალურად: სომხური მხარის განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა გარემოს დაცვის მოტივით დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქსა და სომხეთში მდებარე ქ. გორისს შორის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანს შეფასებით, დერეფნის ბლოკირება და მისი ექსპლუატაციის შეჩერება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის ნიშნავს გენოციდის მოწყობას სამი სხვადასხვა სცენარით: მთიანი ყარაბაღის დე-არმენიზაცია, იდენტურობის დაკარგვა და მოსახლეობის ფიზიკური განადგურება. დერეფანში შექმნილ პრობლემაზე ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა. ამავე დღეს, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობამ აზერბაიჯანს დე ფაქტო რესპუბლიკისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის გადაკეტვაშიც დასდო ბრალი. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, აზერბაიჯანელი გარემოს დამცველები აპროტესტებენ ყარაბაღის ტერიტორიაზე რესურსების უკანონო მოპოვების ფაქტს. აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, სპეციალისტებს უნდა შეესწავლათ დ შეეფასებინათ ყარაბაღში არსებული რესურსები, თუმცა მათ მონიტორინგის განხორციელება ვერ შეძლეს „აგრესიული ახალგაზრდა ადამიანების“ მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო. აზერბაიჯანული მხარის თქმით, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, რუსმა სამშვიდობოებმა აზერბაიჯანელი სპეციალისტების ნორმალური საქმიანობის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს. ბაქომ მოსკოვისგან მიღწეული შეთანხმების შესრულება და ყარაბაღში სასარგებლო წიაღისეულების (ოქრო, სპილენძი) მოპოვების ადგილას შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა მოითხოვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვა რუსი სამშვიდობოების ქმედებებს დაუკავშირა. დღემდე ვერ ხერხდება დერეფანში მოძრაობის აღდგენა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 დეკემბერს მხოლოდ შეშფოთება გამოხატა დერეფნის ბლოკირების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ბლოკირება მალე დასრულდება. ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკასა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელსაც 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებით რუსი სამშვიდობოები იცავენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსი სამშვიდობოების ზონაში მომხდარი მსგავსი ინციდენტები მიუთითებს, რომ რუსეთი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებას, რისი მოლოდინიც სომხეთსა და თავად დე ფაქტო რესპუბლიკაში აქვთ. მსგავსი ინციდენტების გახშირება და რუსი სამშვიდობოების უუნარობა მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოახდინონ, მომავალში გაზრდის აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე ზეწოლას.
უზბეკეთი „გაზის კავშირს“ არ შეუერთდება მთავარი მოვლენა: 2022 წლის 7 დეკემბერს უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრ ჯორაბეკ მირზამახმუდოვის განცხადებით, უზბეკეთი ბუნებრივი გაზის სანაცვლოდ ეროვნულ ინტერესებზე უარს ვერ იტყვის. ამის შესახებ მან „KunUZ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მოვლენა დეტალურად: ყაზახეთთან და უზბეკეთთან „გაზის კავშირის“ დაფუძნების იდეა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 28 ნოემბერს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევთან მოსკოვში შეხვედრის დროს წამოაყენა. იდეის განხორციელების შემთხვევაში სამ ქვეყანას შორის და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, გაზის ტრანსპორტირების მექანიზმი უნდა შეიქმნას. უზბეკი მინისტრის განცხადებით, „რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმება არ ნიშნავს ალიანსის ან კავშირის შექმნას. იგი ტექნიკური კონტრაქტი იქნება. ჩვენ უარს ვერ ვიტყვით ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. თუ ჩვენ მივიღებთ გაზს რუსეთიდან, ჩვენ კომერციული ყიდვა/გაყიდვის კონტრაქტებით ვიხელმძღვანელებთ“. მისი თქმით, უზბეკეთი თანახმაა რუსეთიდან გაზი მხოლოდ „მისაღებ ფასად“ შეისყიდოს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დასავლეთის მიერ რუსეთის ენერგორესურსების იმპორტზე დაწესებული სანქციების პირობებში რუსეთი ცდილობს საკუთარი გაზის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტები განავითაროს. მოსკოვი ამ მხრივ ცენტრალური აზიის ქვეყნებს პარტნიორებად მოიაზრებს, თუმცა თავად ეს ქვეყნები ცდილობენ თავი აარიდონ რუსეთთან ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, რაც მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების რისკს და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას გაზრდის.
მოლდოვამ რუმინეთიდან გაზის მიღება დაიწყო მთავარი მოვლენა: 2022 წლის 3 დეკემბერს რუმინეთმა მოლდოვაში იასი-უნგენის მილსადენით გაზის ექსპორტი დაიწყო. მოვლენა დეტალურად: მოლდოვამ რუმინეთიდან გაზის მიღება მძიმე ენერგოკრიზისის პერიოდში დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე მოლდოვის ენერგოსისტემა გამოწვევების წინაშეა. რუსეთის სარაკეტო იერიშების გამო გართულებულია უკრაინიდან ელექტროენერგიის მიღება, ასევე მოლდოვა ნაწილობრივ იღებს რუსეთიდან გაზს, რომელზეც სრულად არის დამოკიდებული. შემოდგომაზე მოლდოვა რამდენჯერმე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რუმინეთის დახმარების გარეშე, ენერგოკრიზისის გავლენის შემსუბუქება შეუძლებელი იქნებოდა. იასი-უნგენის გაზსადენი 2014 წელს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით რუსული გაზსადენის ალტერნატიული „იასი-უნგენი-კიშინიოვის“ 150 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენეს, რომელიც მოლდოვას რუმინეთის გაზსადენის სისტემასთან აკავშირებს. პროექტის სრულად რეალიზება მოლდოვას საშუალებას მისცემს საკუთარი გაზის ქსელის რუმინულ და ევროპულ გაზის ქსელებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა გააუმჯობესოს. გაზსადენი ორი მონაკვეთისგან შედგება. იასი-უნგენის ინტერკონექტორი უკავშირდება უნგენი-კიშინიოვის გაზსადენს მოლდოვის ტერიტორიაზე. ინტერკონექტორი ამ ეტაპზე ერთადერთი გაზსადენია, რომელიც მოლდოვას ევროკავშირის მილსადენების სისტემასთან აკავშირებს. გაზსადენი სათავეს იღებს რუმინეთის ქ. იასიდან, კვეთს რუმინეთ-მოლდოვის საზღვარს, უერთდება მოლდოვის ქ. უნგენის და სრულდება დედაქალაქ კიშინიოვში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთიდან გაზის იმპორტი ამ ეტაპზე სრულად ვერ ანაცვლებს რუსულ გაზსს, ალტერნატიული წყაროების არსებობა და მისი შემდგომი განვითარება, მოლდოვის ენერგოუსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.
ბიშკეკში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა მთავარი მოვლენა: 2022 წლის 9 დეკემბერს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელშიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნების პრეზიდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი და კუბის პრეზიდენტი (ონლაინფორმატში). ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა. წყარო: eec.eaeunion.org მოვლენა დეტალურად: საბჭომ სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის დაამტკიცა 2023 წლისთვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთაშორისო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრაზე ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებით იმსჯელეს საქონლისა და მომსახურების საერთო ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მოკავშირეებს: ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი აერთიანებს. რუსეთის მიზანია ევრაზიულ სივრცეში ევროკავშირის ალტერნატიული ეკონომიკური გაერთიანება განავითაროს, სადაც წამყვანი ეკონომიკური ძალა თავად იქნება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიმდინარე გლობალური ცვლილებების პირობებში, როდესაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ფონზე, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია იზრდება და სანქციების მასშტაბები ფარდოვდება, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რომელიც მას ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. მსგავსი შეხვედრები რუსეთის ლიდერისთვის შესაძლებლობაა სხვა ქვეყნები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების სარგებლიანობაში დაარწმუნოს.
რუსეთი ყაზახური მედიისგან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ინფორმაციის წაშლას ითხოვს მთავარი მოვლენა: ყაზახურმა საინფორმაციო სააგენტომ - „Vlast.kz“ რუსეთის მოთხოვნის შესრულებაზე, წაეშალა ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ქ. ვინიცას დაბომბვისა და ქ. მარიოპულში რუსული ალყის შედეგად დაღუპულთა შესახებ, უარი თქვა. მოვლენა დეტალურად: „Vlast.kz“-ს ინფორმაციის წაშლა რუსეთის მედია რეგულატორმა „როსკომნადზორმა“ მოსთხოვა. ამის შესახებ სააგენტომ 13 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია. სააგენტოს ცნობით, მისი საქმიანობა არ რეგულირდება რუსული კანონმდებლობით და შესაბამისად არ აპირებს წაშალოს ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება. მსგავსი მოთხოვნის შესრულებაზე, მანამდე უარი თქვეს სხვა ყაზახურმა ვებგვერდებმაც: „Arbat.media“, „Ratel.kz“. თუმცა, სხვა სააგენტომ - „Newstimes.kz“ რუსული აუდიტორიის დაკარგვის შიშით, მსგავსი მოთხოვნა შეასრულა. კრემლი მედიაში უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის გაშუქებას მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მედია საშუალებების დახურვით იმუქრება. ყაზახური მედიის შემთხვევაში, მათ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის შეზღუდვა ემუქრებათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი ცდილობს უკრაინაში სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს შეესაბამებოდეს. ყაზახური მედიის უარი მიუთითებს, რომ ყაზახურ პოლიტიკურ ელიტაში და საზოგადოებაში კრემლის ხედვებს ყველა არ იზიარებს. ამას მოწმობს არა მხოლოდ აღნიშნული შემთხვევა, არამედ ყაზახეთის ლიდერების განცხადებების ფორმა და შინაარსი, რომელიც ყოველთვის არ არის კრემლის პოლიტიკასთან თავსებადობაში.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა მთავარი მოვლენა: 2022 წლის 1 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. მოვლენა დეტალურად: ვოლოდინის ვიზიტის ოფიციალური მიზანი რუსეთის სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ეს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. სხვადასხვა პერიოდში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი მედვედევი და სერგეი ლავროვი. ვოლოდინი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდინი დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას შეხვდა. ვოლოდინი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. ვოლოდინმა და აშუბამ ორი ქვეყნის პარლამენტის შორის თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპარლამენტო ფორმატში მოაგვარებს არსებულ საკითხებს. პოლიტიკური კონტექსტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გაძლიერდა რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია. მოსკოვის აგრესიულ კამპანიას ღიად მხოლოდ ერთეული სახელმწიფოები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები უჭერენ მხარს. რუსეთის წინაშე არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მოსკოვის მხრიდან გაძლიერდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომელიც რუსეთის მოთხოვნების შესრულების მხრივ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს არ ავლენს. რუსეთი აფხაზეთისგან ითხოვს: რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭებისა და უძრავი ქონების შესყიდვის უფლების მიცემას, დასავლური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას, ენერგოსექტორის რუსეთისთვის გადაცემას. ბოლო თვეებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები მზად არიან რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა შეასრულონ, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაძლიერების გამო, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის აფხაზეთში ვიზიტი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკურ ელიტაზე ზეწოლას, რათა დროულად მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიღებასაც რუსეთი უკვე დიდი ხანია ითხოვს, მათ შორის უზრუნველყოს ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ გადაცემა, რასაც დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ეწინააღმდეგება. |