X

რონდელის ბლოგი

პენსია, ეკონომიკური ზრდა, აგფლაცია და ინფლაცია

2020 / 05 / 13

ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

2020 წელი მსოფლიო ისტორიაში კორონავირუსის პანდემიით და ამ პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისით შევა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ხაზგასასმელად შეიქმნა ახალი ტერმინი „კორონომიკა“ - “Coronomics”. სწორედ „კორონომიკურმა კრიზისმა“ მოიცვა მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა. ამ კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათრეული ქვეყნების ხელმძღვანელები ცდილობენ შეიმუშაონ და გაატარონ ანტიკრიზისული ღონისძიებები, რათა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა შეამსუბუქონ, ხოლო ეკონომიკის პოტენციური დანაკარგები მაქსიმალურად შეამცირონ.

საქართველოს მთავრობამ აპრილის ბოლოს წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია, სადაც ითქვა, რომ „ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა“. იქვე იქნა დაზუსტებული, რომ 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული ოდენობის ზრდისა, მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას ეკონომიკის ზრდის 80%-ის ოდენობით.

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული საკითხი საკმაოდ დეტალურად იქნა გაანალიზებული, მაინც რჩება რამდენიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას.

ის, რომ პენსიის ზრდა დაკავშირებული იყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან, ეს ეკონომისტებისთვის, ერთი შეხედვით, სულაც არ არის პრობლემური, რადგან გაზრდილი ეკონომიკა, სხვა თანაბარ პირობებში, უფრო მეტ შემოსავლებს ქმნის, რაც პენსიების ზრდისათვის არაინფლაციურ საფუძველს ქმნის. თუმცა თუ ეკონომიკური ზრდა უარყოფითია, ანუ ადგილი აქვს ეკონომიურ ვარდნას, მაშინ პენსიის „მიბმა“ ეკონომიკურ ზრდასთან ლოგიკურად უნდა ნიშნავდეს პენსიების შემცირებას. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კორონომიკური კრიზისი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკათებული პროგნოზებიდან გამომდინარე, ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, პენსიის ოდენობის უშუალო დაკავშირება ეკონომიკურ ზრდასთან, განსაკუთრებით, კორონომიკური კრიზისის პერიოდში, პრინციპულად გაუმართლებელია.

მიუხედავად იმისა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დადებითია თუ უარყოფითი, პენსიის ოდენობის შემცირება პრინციპულად დაუშვებელია.

რაც შეეხება პენსიის ინდექსირებას ინფლაციის ზრდის მიხედვით, როცა პენსიის ზრდა არ უნდა იყოს ინფლაციის ზრდასთან შედარებით ნაკლები, ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად საჭიროებს გარკვეულ საკითხებში გარკვევას.

იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია ამცირებს პენსიის მსყიდველობით უნარს, აუციელებელია იმის გაანალიზება, თუ რამდენად სასარგებლო იქნება პენსიონერისთვის პენსიის ინდექსირება ინფლაციის მიხედვით.

2020 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში ასაკობრივი პენსიის ოდენობა შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმს მცირედით, მხოლოდ 1,07-ჯერ, აღემატებოდა. ამ ვითარებაში პენსიების უდიდესი ნაწილი იხარჯება პირველადი საჭიროების საგნების, განსაკუთრებით კი, კვების პროდუქტების შეძენაზე.

აქედან გამომდინარე, პენსიის ზრდა განაპირობებს მოთხოვნის ზრდას პირველადი საჭიროების საგნებზე, განსაკუთრებით კი, კვების პროდუქტებზე, რაც სხვა თანაბარ პირობებში აისახება მათი ფასების ზრდაზე.

აგრარული ინფლაციის, ანუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების საშუალო დონის ზრდას ეკონომისტები აგფლაციას  უწოდებენ. ამ მაჩვენებელს, როგორც წესი, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

პირველადი საჭიროების საგნებზე (კვების პროდუქტები, კომუნალური მომსახურება და მკურნალობა) ფასების საშუალო დონის ზრდა კი არის მანფლაცია.

რადგანაც საქართველოში პენსია საარსებო მინიმუმს მხოლოდ მცირედით აღემატება, ამიტომ პენსიების ზრდა უშუალოდ გამოიწვევს აგფლაციის დონის მატებას. ამ უკანასკნელის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც, როცა საქართველოში, კორონომიკური კრიზისის პირობებში, ინფლაციის ზრდასთან შედარებით, უფრო მეტად აგფლაცია გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, პურპროდუქტები კი 8,4%-ით გაძვირდა მაშინ, როცა იმავე აპრილში წლიური ინფლაციის დონემ მხოლოდ 6.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება მანფლაციას, მისი ის კომპონენტები, რომლებიც ასახავენ ფასების ცვლილებას კომუნალურ მომსახურებასა და მკურნალობაზე, უშუალოდ კორონომიკური კრიზისის პირობებში ნაკლებად ცვალებადია, რაც უმთავრესად ამ სფეროების მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერითაა განპირობებული.

თუკი ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ინფლაციის მიხედვით პენსიების ზრდა უშუალოდ აისახება აგფლაციის დონის მატებაზე, რამაც, საბოლოო ჯამში, ინფლაციის მაჩვენებელის ზრდაზე უნდა ჰპოვოს ასახვა. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად იმოქმედებს საქართველოში აგფლაციის ზრდა ინფლაციის დონის მატებაზე.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რა ხვედრითი წონა აქვს სასურსათო კალათას სამომხმარებლო კალათაში, რადგანაც პირველის მიხედვით აგფლაცია, ხოლო მეორის კი – ინფლაცია გაიანგარიშება.

საქართველოში ინფლაციის გაანგარიშების ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, სურსათის ხვედრითი წონა სამომხმარებლო კალათაში მხოლოდ 28 პროცენტია. საყურადღებოა, რომ ეკონომიკური განვითარების დონით საქართველოსთან მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში სურსათის ხვედრითი წონა, სამომხმარებლო კალათაში, ბევრად უფრო მეტია. კერძოდ, აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში 1,8-ჯერ, ტაჯიკეთში 2-ჯერ, ხოლო უზბეკეთში 2,1-ჯერ უფრო მეტია.

ფაქტია, რომ საქართველოში სურსათის ხვედრითი წონა სამომხმარებლო კალათაში აშკარად შემცირებულია. აქედან გამომდინარე, აგფლაციის ზრდის ზეგავლენაც ინფლაციის მატების დონეზე ხელოვნურადაა შემცირებული. ამგვარი ვითარება კი შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა:

ერთი – პენსიის ოდენობის ინფლაციის ზრდასთან მიბმა ვერ უზრუნველყოფს პენსიის ზრდით განპირობებული აგფლაციის დონის მატების რეალურ კომპენსირებას;

მეორე – პენსიის ინდექსირებას ინფლაციის მიხედვით თავად ინფლაციის დონეზე დიდი ზეგავლენა ვერ ექნება.

მაშასადამე, პენსიის ოდენობის მატება ინფლაციის ზრდის მიხედვით პენსიონერებს დიდად ვერ გაუუმჯობესებს ცხოვრების დონეს, თუმცა არც ინფლაციის დონის ზრდაზე ექნება არსებითი მნიშვნელობა.

ამავდროულად, პენსიის ოდენობის ინდქსირება ინფლაციის მიხედვით შექმნის იმ არასასურველ პრეცედენტს, რომ დღის წესრიგში დადგეს არა მარტო პანსიების, არამედ ხელფასების ინდექსირებაც ინფლაციის ზრდის კავალობაზე. ის კი ქვეყნის ეკონომიკას უეჭველად მოაქცევს ეკონომისტებისთვის კარგად ცნობილ „ინფლაციურ სპირალში“.

ინფლაციური სპირალის მექანიზმი საკმაოდ მარტივია. კერძოდ, ინფლაციის კვალობაზე ხელფასების ზრდა იწვევს მოთხოვნის ზრდას, რაც ხელ უწყობს სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია გაიანგარიშება სწორედ სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტებისა და მომსახურების საშუალო ფასების მატების საფუძველზე, სამომხმარებლო კალათის გაძვირება, თავის მხრივ, ნიშნავს ინფლაციის მატებას, რაც ხელფასების ინფლაციის მიხედვით ინდექსირების შემთხვევაში, საჭიროებს ხელფსების მატებას. ეს უკანასკნელი, როგორც ითქვა, ხელს შეუწყობს ინფლაციის დონის მატებას, რის გამოც ხელფასები კვლავ იქნება გასაზრდელი და ა.შ.

აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ ითქვა, პენსიების ოდენობის ინდექსირება საქართველოში დიდად ვერ შეამსუბუქებს პენსიონერების სოციალურ მდგომარეობას, თუმცა ინფლაციურ სპირალში ქვეყნის შესაძლო ჩათრევის საფრთხეს კი გაზრდის.

დასკვნის სახით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გაუმართლებლად მივიჩნევთ პენსიების ოდენობის ფორმალურად დაკავშირებას ეკონომიკურ ზრდასთან და, მით უფრო, ინფლაციის მატებასთან. საპენსიო პოლიტიკა უნდა იყოს კომპლექსური და მოქნილი, როცა პენსიის ოდენობის ზრდა მუდმივად იქნება მთავრობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ყოველი გადაწყვეტილება მიიღება ყველა ეკონომიკური ფაქტორის (მათ შორის, ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის დონის) კომპლექსურად გათვალისწინების საფუძველზე.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.