X

უსაფრთხოების მიმოხილვა

თურქეთის საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

როდესაც ოფიციალური ანკარა თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში (განსაკუთრებით „ცივი ომის“ პერიოდში) ვაშინგტონისა და ზოგადად დასავლეთის პარალელურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, ყველაფერი ცხადი და ადვილად პროგნოზირებადი იყო მის ქმედებებში, საერთაშორისო არენაზე. ანკარისა და დასავლეთის საერთო მიზანს საბჭოეთის შეკავება წარმოადგენდა და მათი ყველა ქმედება ამ სტრატეგიული ამოცანიდან მომდინარეობდა.

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც აღნიშნული საფრთხე მინელდა. შედეგად, თურქეთმა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამასთან, ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ანკარის საგარეო პოლიტიკაში იმძლავრა ე.წ. „ნეოოსმალურმა“ პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობს ანკარის გავლენის აღდგენას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოდესღაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა

ამ პოლიტიკის გატარება ადვილი არაა, რადგან ის ხშირად არა მხოლოდ გამორიცხავს დიდი ძალების (აშშ, ევროპა, რუსეთი) ინტერესებს, არამედ, უმეტეს შემთხვევებში, მათ უპირისპირდება კიდეც. ამიტომ, ამა თუ იმ მომენტში შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე, ოფიციალური ანკარა ხან ვაშინგტონსა და ბრიუსელს, ხანაც მოსკოვსა და სხვა პოლიტიკურ პოლუსებს (პეკინი, დელი, თეირანი და ა.შ.) უახლოვდება, რაც ფართო სურათში ზიგზაგების შთაბეჭდილებას ტოვებს.

ასეთ სიტუაციას კი უკვე მოჰყვა სერიოზული საგარეო-პოლიტიკური რყევები როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

 

თურქეთი და სირიის სამოქალაქო ომი

თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი.  

როდესაც 2010 წელს დაწყებული „არაბული გაზაფხული“ რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად სირიასაც გადაედო, ანკარის მთავარი მიზანი ამ მიმართულებით ასადის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და მისთვის სასურველი სუნიტური ძალებით ჩანაცვლება გახდა, რისთვისაც აქტიურად იღვწოდა 2011 წლიდან.  2015 წლის შემოდგომიდან სირიის სამოქალაქო ომში რუსეთიც ჩაერთო, რომელმაც სიტუაციის შემობრუნება და ასადის რეჟიმის გადარჩენა შეძლო.

ამ ფაქტორის გათვალისწინებით ანკარისთვის ასადის რეჟიმის შეცვლა შეუძლებელი გახდა. ამიტომ თურქეთმა „დაავიწროვა“ საკუთარი მიზნები. ამ მომენტისთვის  ანკარა საკუთარი  უსაფრთხოებისთვის  ერთ-ერთ  უმთავრეს  გამოწვევად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს წინ აღუდგეს ასეთ პერსპექტივას. იგი ამ მიზნით არ ერიდება არც დიპლომატიურ და არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას სირიაში - დღემდე  3 დიდი სამხედრო ოპერაცია („ევფრატის ფარი“ 2016-2017 წლებში, „ზეთისხილის რტო“ 2018 წელს და „მშვიდობის წყარო“ 2019 წელს) მოაწყო ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

ამ საკითხის გამო თურქეთს ხშირად უწევს დაპირისპირება დასავლეთთან. საქმე ისაა, რომ ანკარა ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ YPG-ს (პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილები“)  ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) გაგრძელებად  განიხილავს. მართალია, ვაშინგტონსა და ევროპულ ქვეყნებს PKK ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი, მაგრამ ისინი არ ჩქარობენ იგივე გააკეთონ YPG-სთან მიმართებაში, რომელიც დასავლეთის ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირეა სირიაში „დაეშის“ (ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“) წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და რომელსაც სოლიდურ სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას უწევენ ეს ქვეყნები. ანკარა წლებია დასავლეთისგან უშედეგოდ მოითხოვს YPG-ისთვის დახმარების შეწყვეტას.

 

თურქეთი და დიდი დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში

თურქეთი აქტიურადაა ჩართული ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებშიც. მაგალითად, იგი ირანთან ერთად მკვეთრად  აღუდგა წინ და აღკვეთა ერაყის ქურთისტანის მცდელობა, 2017 წელს იქ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა.

ცალკე საკითხია ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დიდი დაპირისპირება ე.წ. „პროამერიკულ“ და ე.წ. „პრორუსულ“ ძალებს შორის. პირველ ბანაკში თავმოყრილი არიან ძირითადად სუნიტური ქვეყნები საუდის არაბეთის მეთაურობით (ჯგუფში ასევე შედიან ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი, იორდანია და მაროკო)6, ხოლო მეორეში შედიან ძირითადად შიიტური ძალები ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურობით (ჯგუფში ასევე შედიან ერაყი, ასადის რეჟიმი, ლიბანური „ჰეზბოლაჰი“, იემენელი „ჰუსიტები“ და ა.შ.). 

თავდაპირველად თურქეთი ბუნებრივად მოიაზრებოდა პირველ ბანაკში. თუმცა, სუნიტურ ბანაკში ლიდერობის გამო მოგვიანებით წარმოშობილი უთანხმოებიდან გამომდინარე, თურქეთმა კატართან ერთად ჩამოაყალიბა „განდგომილთა“ მცირე ჯგუფი, რომელიც ამ ბოლო დროს უფრო „პრორუსული“ შიიტური დაჯგუფებისკენ იხრება. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს უფრო ტაქტიკური და არა სტრატეგიული მოკავშირეობაა, რადგან მხარეებს ერთმანეთისგან განსხვავებული გრძელვადიანი ინტერესები და გეგმები აქვთ.

ამავე პერიოდში შეიცვალა თურქეთის დამოკიდებულება ისრაელ-არაბების კონფლიქტის მიმართ. თუ ადრე ანკარა ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ხშირად ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში შუამავლადაც გვევლინებოდა, 2009 წლიდან მოყოლებული მან პალესტინელების მხარე დაიჭირა და, შესაბამისად, დაიძაბა თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა.

 

თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობები

ამ მიმართულებით მთავარი პრობლემაა ის, რომ დასავლეთისა და თურქეთის პოლიტიკურ ლიდერებსა და ელიტებს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფილოსოფია აქვთ. ისინი განსხვავებულად აღიქვამენ როგორც სხვა ქვეყნებთან არსებულ კავშირებს, ისე თავიანთი ქვეყნების წონასა და ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, წლების განმავლობაში თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებში მრავალი პრობლემა დაგროვდა, რომელთა გადაჭრა დროში გაიწელა.

სირიაში არსებულ სიტუაციაში, მხარეთა განსხვავებული ინტერესების გარდა, არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, სადაც თურქეთსა და დასავლეთს უკვე წლებია ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები აქვთ.

თურქეთის ხელისუფლება უკვე წლებია ვაშინგტონისგან უშედეგოდ მოითხოვს პენსილვანიაში მცხოვრები ფეთულა გულენის თურქეთში ექსტრადიციას, ადანაშაულებს რა ამ უკანასკნელს 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.

2019 წლის 3-4 დეკემბერს ლონდონში გამართულ ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რამდენად დაშორებულია ერთმანეთისგან თურქეთისა და დასავლეთის საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების პრიორიტეტები.

სამიტის დაწყებამდე თურქეთმა მკაფიოდ მოითხოვა ნატოს წევრი ქვეყნებისგან YPG-ის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანა და წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა ნატოს მიერ მომზადებული პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების თავდაცვითი გეგმისთვის ვეტოს დადებით. მართალია, საბოლოო ჯამში ანკარას მოუწია დათმობაზე წასვლა და ვეტო არ გამოიყენა, მაგრამ ამით მხარეთა შორის არსებული მკაფიოდ განსხვავებული ხედვები არ შეცვლილა.

ცალკე დიდი, პრობლემატური თემაა თურქეთის მიერ რუსული წარმოების S-400-ების შეძენა, რის წინააღმდეგაც განსაკუთრებით ვაშინგტონი აქტიურობს (აშშ-მ თურქეთს უკვე შეუჩერა F-35-ების მიწოდება). ამ მომენტისთვის შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს თურქეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების პროცედურები. მისი მიღების შემთხვევაში კი ანკარა არა მხოლოდ  ინჯირლიქში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის, არამედ ასევე ქურეჯიქში განთავსებული ამერიკული სარადარო ბაზის დახურვითაც იმუქრება.

თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებში კიდევ ერთი პრობლემური საკითხი ე.წ. „სომეხთა გენოციდის“ თემაა. 2019 წლის 12 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ აღიარა ე.წ. „სომეხთა გენოციდის“ საკითხი. მართალია, იგი ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ამას უკვე მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ ე.წ. „სომეხთა გენოციდის“ აღიარება პოლიტიკური შოუა და ადამიანები, რომლებიც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, არიან ლაჩრები. მისივე შეფასებით, რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ხოლო პრეზიდენტმა ერდოღანმა მიანიშნა, რომ გამორიცხული არაა, ამ შემთხვევაშიც საპასუხო ზომად ინჯირლიქისა და ქურეჯიქის ბაზების დახურვის საკითხი განიხილონ.

მართალია, პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია დაბლოკოს როგორც S-400-ების გამო მოსალოდნელი სანქციები თურქეთის წინააღმდეგ, ისე ე.წ. „სომეხთა გენოციდის“ აღიარების საკითხი, მაგრამ შეერთებულ შტატებში ზოგადად თურქეთის მიმართ დამოკიდებულება უარყოფითისკენაა შეცვლილი. ამასთან, ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ამერიკული საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით. შესაბამისად, პრეზიდენტობის მსურველ პოლიტიკოსებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოუწევთ სწორედ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. ამიტომ დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს აქ მოვლენები.

თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად კვლავ რჩება ევროპასთან ურთიერთობა. ევროპული ქვეყნები და ევროპული ინსტიტუციები მკაცრად აკრიტიკებენ ანკარას ისეთ საკითხებში, როგორიცაა - ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედიის თავისუფლება და უმცირესობების უფლებები. ამის გამო, ამ ეტაპზე ფაქტობრივად გაყინულია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წლების წინ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი. ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება კვიპროსის პრობლემაც.

 

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები

მთავარი კითხვა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად შეძლებენ მხარეები ერთმანეთთან დაახლოებას.

თურქეთს, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, დროდადრო უწევს რუსეთთან და სხვა ძლიერ პოლიტიკურ პოლუსებთან (პეკინი, თეირანი და ა.შ.) დაახლოება და ეს ყველაზე ნათლად სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე აისახება.  ამ ბოლო დროს ეს კავშირები იარაღით (მაგალითად, S-400-ები) ვაჭრობაზეც აისახა, რასაც რეალური პრობლემები მოჰყვა დასავლეთთან ურთიერთობაში.

ანკარის ვაშინგტონისგან დისტანცირება ავტომატურად არ ნიშნავს ყველა საერთაშორისო საკითხზე  მოსკოვთან მის ჰარმონიულ ურთიერთობას - ანკარას და მოსკოვს განსხვავებული გრძელვადიანი მიზნები აქვთ, რომლებიც ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგოა. ამის გამო ისინი ამჟამად ერთმანეთისთვის არიან არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური მოკავშირეები.

ამ განსხვავებული ინტერესების გამოა, რომ მხარეებს ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები უკავიათ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების მიმართ, იქნება ეს სირია, კოსოვო, ყირიმი, მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი თუ სხვა.

 

დასკვნები:

  • ანკარა ადვილად არ შეელევა საკუთარ სურვილს აწარმოოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, გაგრძელდება ზიგზაგებით სიარული ამ მიმართულებით;
  • მოსალოდნელი ამერიკული სანქციები და ე.წ. „სომეხთა გენოციდის“ თემა გვიჩვენებს, რომ ვაშინგტონში საგრძნობლად იზრდება უარყოფითი დამოკიდებულება თურქეთის მიმართ;
  • მოვლენათა განვითარების დინამიკა გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემები და სირთულეები თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებში დიდხანს დარჩება;
  • ურთიერთობებში არსებული უამრავი სირთულის მიუხედავად, უახლოეს ხანში ნაკლებად მოსალოდნელია თურქეთის სრულად დისტანცირება დასავლეთისგან;
  • ანკარა ბუნებრივად ვერ გახდება რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე, რადგან ამ ორ ქვეყანას სრულიად განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის საპირისპირო გრძელვადიანი ინტერესები აქვთ; 
  • რუსეთ-თურქეთის რეალური დაახლოება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, თუ თურქეთი აღარ იქნება ნატოს წევრი;
  • საქართველოს ინტერესებში არ შედის არც თურქეთ-რუსეთის ზედმეტად დაახლოება და არც თურქეთის დისტანცირება დასავლეთისგან;
  • საქართველოს ინტერესებშია, რომ მას მეზობლად ჰყავდეს დემოკრატიული და დასავლეთთან დაახლოებული წარმატებული ქვეყანა თურქეთის სახით;
  • თურქეთ-დასავლეთის ან თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ ჩაერთოს მასში და არც მისი ტერიტორია გამოიყენონ დაპირისპირებისთვის;
  • თურქეთ-დასავლეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე მნიშვნელოვანია, თუ რა ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია საქართველოს დასავლეთისთვის.

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.