X

რონდელის ბლოგი

რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?

2021 / 04 / 28

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 
 

2021 წლის 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა სომეხთა გენოციდის საკითხი, რითაც გადალახა „პოლიტიკური რუბიკონი“ თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 106 წლის წინანდელი მოვლენების გენოციდად აღიარება ცალსახად პოლიტიკური ნაბიჯია, რომელსაც თავისი მიზნები და ამოცანები აქვს.

ეს, თავის მხრივ, არაერთგვარ დამოკიდებულებას იწვევს საერთაშორისო არენაზე და საინტერესოს ხდის თურქეთის პოზიციას ახალ რეალობაში.

           

რატომ ახლა?

აშშ-ის არაერთ პრეზიდენტს ჰქონდა სომხური ლობისთვის წინასაარჩევნო დაპირება მიცემული გენოციდის აღიარების თაობაზე. თუმცა, გაპრეზიდენტების შემდეგ ისინი ითვალისწინებდნენ ამ საკითხის მიმართ თურქეთის სენსიტიურ დამოკიდებულებას და თავს იკავებდნენ  აღიარებისგან.

ბაიდენის წინამორბედები უფრთხოდნენ თურქეთთან ურთიერთობების გაუარესებას და სიტყვა „გენოციდის“ ღიად თქმას ერიდებოდნენ. როგორც წესი, ამერიკის ლიდერები იყენებდნენ ტერმინს “Meds Yeghern“, რაც „უდიდეს ბოროტებას“ ნიშნავს.

ბაიდენმა კი, რომელსაც ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტობის პერიოდიდან მოყოლებული არცთუ ისე თბილი ურთიერთობა აკავშირებს პრეზიდენტ ერდოღანთან (მას 23 აპრილამდე, ანუ პრეზიდენტობის 3 თვის მანძილზე არც კი დაურეკავს თურქი კოლეგისთვის), მანამდე არსებული ყველა ტაბუ დაარღვია და გაბედული ნაბიჯი გადადგა.

აღიარების საკითხში გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა (როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები) საკმაოდ შეშფოთებულია ბოლო პერიოდში ნათლად გამოკვეთილი თურქეთის ქმედებების გამო, რისი მიზანიცაა ვაშინგტონისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება რეგიონში. ამერიკელები სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ თურქეთის მიერ რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების S-400-ების შეძენის ფაქტს, რასაც, მართალია, შედარებით მსუბუქი, მაგრამ ფსიქოლოგიურად  მაინც მნიშვნელოვანი ამერიკული სანქციების ამუშავება მოჰყვა.

გენოციდის აღიარებისთვის შესაფერისი დროის შერჩევისას ვაშინგტონმა, სავარაუდოდ, ის ფაქტიც გაითვალისწინა, რომ თურქეთი ამ ეტაპზე სერიოზულ ეკონომიკურ სირთულეებს (კოვიდით გამოწვეული ლოკადაუნებით განპირობებული სოციალურ-ეკონომიკური სახის პრობლემები, ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციების გადინება, თურქული ლირის გაუფასურება, გაზრდილი უმუშევრობა, სავალუტო რეზერვების შემცირება და ა.შ.) განიცდის და მას არ აქვს ფუფუნება ქმედითი ნაბიჯები გადადგას აშშ-ის წინააღდეგ, რაც უპირველესად ისევ ანკარასა და მის ეკონომიკას დააზარალებდა.



თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებში არსებული არაერთი სირთულის მიუხედავად, ანკარას, საკუთარი პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე, არ შეუძლია დასავლეთისთვის ზურგის შექცევა და რუსეთთან უპირობო დაახლოება. თავის მხრივ, არც მოსკოვს შესწევს უნარი, რომ ანკარას შესთავაზოს ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიები ან ფინანსური დახმარება.

ანკარას ვერ უშველა ვერც რამდენიმე კვირის წინ მონტროს კონვენციის შესაძლო გადახედვის თაობაზე დასავლეთისთვის გაგზავნილმა მესიჯებმა და ვერც უკრაინის მიმართ გამოხატულმა ღია მხარდაჭერამ - თეთრმა სახლმა უბრალოდ არ გაითვალისწინა ეს ფაქტორები.

ამერიკული მხარის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება ასევე წარმოადგენდა ერთგვარ მხარდაჭერას სომხეთის პროდასავლელი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, რომელსაც ყარაბაღის მეორე ომში სომხური მხარის დამარცხების შემდეგ წინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ელის და რომლის ხელისუფლებიდან ჩამოშორებასაც რუსეთში დიდი ხანია ცდილობენ.

 

განცხადების ტექსტი

ბევრმა შეამჩნია, რომ გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ქ. სტამბოლის ნაცვლად ნახსენებია ქ. კონსტანტინოპოლი, რაც ასევე სენსიტიური თემა და წითელი ხაზია თურქული მხარისთვის. 

თავად განცხადების შესავალში კი ნათქვამია: „ისევე, როგორც ყოველ წელს, დღესაც ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი სისასტიკის განმეორება. 1915 წლის 24 აპრილიდან მოყოლებული კონსტანტინოპოლში დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება ოსმალეთის ხელისუფლების მიერ, როდესაც გადასახლებულ ან მოკლულ იქნა მილიონნახევარი სომეხი...

ისინი კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვათ მსოფლიოში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში... ათწლეულების განმავლობაში სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს. პატივს მივაგებთ მათ ამბავს... ჩვენ ამას  ვაკეთებთ არა ვინმეს დადანაშაულებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს“.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოფიციალური განცხადების სრული ტექსტი

 

თურქული მხარის პოზიცია

ბუნებრივია, რომ თურქულმა მხარემ (არამხოლოდ ოფიციალურმა ანკარამ, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმაც, გარდა პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტიისა“) მკაცრი პროტესტი გამოთქვეს ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების მიმართ.

ვაშინგტონის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და აღნიშნა, რომ ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“. ოფიციალურ განცხადებაში მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ში „ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებენ“ და გენოციდის აღიარება არასდროს არ იქნება მიღებული თურქი ხალხის ცნობიერებაში, ასევე ის ღრმა ჭრილობას მიაყენებს ხალხს, რომლის ურთიერთნდობას და მეგობრობას ძირს უთხრის. სამინისტროში აშშ-ს „ამ სერიოზული შეცდომის“ გამოსწორებისკენ მოუწოდეს.

თუმცა, აქ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ოფიციალურ განცხადებებში მხოლოდ პროტესტი გამოითქვა. ანკარაში (ამ ეტაპზე მაინც) არავინ აპირებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას (მაგალითად არ განიხილება ინჯირლიქში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზის ფუნქციონირების საკითხი), რომ კიდევ უფრო დაძაბოს თურქულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. თურქეთში ასევე მიიჩნევენ, რომ იმ მოვლენების დროს დახოცილთა რაოდენობა გაზვიადებულია.

ანკარაში ფიქრობენ, რომ მიუღებელია ამ თემის პოლიტიზაცია. ამიტომ მათი წინადადებაა თურქი და სომეხი მეცნიერების მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც იმუშავებდნენ ორივე ქვეყნის არქივებში, რისი მიზანიც იქნებოდა სიმართლის დადგენა.

თურქეთში ეჭვობენ, რომ შემდგომ ეტაპზე გენოციდის მსხვერპლთა ან გადარჩენილთა შთამომავლებმა შესაძლოა მოითხოვონ კომპენსაცია, მათ შორის, ზოგი იმასაც შიშობს, რომ შესაძლოა გაძლიერდეს ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებზე.

             

დასკვნა

  • აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებამ გვიჩვენა, რომ თურქეთის დასავლეთისგან დისტანცირებას თავისი „ფასი“ აქვს და ვაშინგტონმა ანკარასთან ურთიერთობაში შეძლო „პოლიტიკური რუბიკონის“ გადალახვა;
  • ვაშინგტონს შესაძლოა მიბაძონ მისმა მოკავშირე შედარებით მცირე ზომისა და წონის ქვეყნებმა, რაც დამატებიი დისკომფორტს მოუტანს ანკარას საერთაშორისო არენაზე;
  • თურქეთისთვის კიდევ უფრო არასასურველი ფაქტი იქნებოდა სომხური დიასპორის შემდგომი ნაბიჯები, დაკავშირებული  კომპენსაციის მოთხოვნასთან;
  • ოფიციალური ანკარა გმობს და მომავალშიც დაგმობს მსგავს აღიარებებს. თუმცა, ამ ეტაპზე მისი მხრიდან უფრო მოკლევადიან ქმედებებს ვხედავთ. თურქეთი ერიდება ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელმაც შესაძლოა გრძელვადიანად დააზიანოს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ისე ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი თურქული ეკონომიკა;
  • ვაშინგტონი ამ აღიარებით მხარს უჭერს პროდასავლურ ძალებს (უპირველეს ყოვლისა, ფაშინიანსა და მის პოლიტიკურ პარტიას) სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, სადაც ძირითადი ბრძოლა სწორედ პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის გაიმართება;
  • ამ ეტაპზე ნაკლებადაა მოსალოდნელი საკითხის მიმართ საქართველოს პოზიციის შეცვლა. ანკარა  თბილისისთვის რჩება მეტად მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად. საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთთან არაერთი საერთო სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტიც აკავშირებთ. შესაბამისად,  ოფიციალური თბილისი მოერიდება ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ავენებდა ანკარასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების საქმეს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.