X

რონდელის ბლოგი

ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ

2018 / 09 / 24

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ყარაბაღი რუსეთის ფედერაციისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტური კერაა სამხრეთ კავკასიაში. დიდწილად სწორედ ამ კონფლიქტური კერის მეშვეობით მოახერხა მოსკოვმა სომხეთზე, განსაკუთრებით კი, ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უდიდესი გავლენის მოპოვება. ერევანში კარგად აცნობიერებენ, რომ მოსკოვის კეთილგანწყობის დაკარგვა შეიძლება მათ საკმაოდ ძვირად  დაუჯდეთ და ამიტომ იძულებულიც კი არიან, რომ კრემლის ინტერესებს სერიოზულად გაუწიონ ანგარიში. შესაბამისად, არავის უკვირს, რომ სომხეთი დღემდე რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. 

აზერბაიჯანში ფიქრობენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვა სერიოზულად გაართულებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისედაც საკმაოდ რთულ ამოცანას. ალბათ სწორედ ამიტომ ცდილობს ბაქო თავი აარიდოს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც  მოსკოვს გააღიზიანებდა. დიდწილად სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიუმხრობლობის პოლიტიკის სახელით არის ცნობილი.

ძნელია იმის დაჟინებით მტკიცება, რომ სომხეთს ან/და აზერბაიჯანს სხვანაირი საგარეო-პოლიტიკური კურსი ექნებოდათ ყარაბაღის კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო. ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ ქვეყნების საგარეო კურსი აუცილებლად პროდასავლური იქნებოდა. მაგრამ ერთი რამ ცხადია - ყარაბაღის კონფლიქტის არსებობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, გამორიცხავს სამხრეთ კავკასიის ერთიან რეგიონად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, სამხრეთ კავკასია, ბალტიის რეგიონისგან განსხვავებით, მხოლოდ გეოგრაფიული განზომილებაა.

დამატებით ისიც შეიძლება თქვას, რომ ყარაბაღის კონფლიქტის არსებობა ართულებს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების უფრო აქტიურ შემოსვლას, იქნება ეს მომიჯნავე (განსაკუთრებით ეს, რა თქმა უნდა, თურქეთს ეხება) თუ დასავლეთის ქვეყნები.

რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ყარაბაღი მხოლოდ ზემოხსენებული გარემოებების გამო არ არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფლიქტური კერა. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის კონფლიქტს უშუალოდ ჩვენთან არც გეოგრაფიული და არც პოლიტიკური შეხება არ აქვს,   საქართველოსთვის მისი განახლება ძალიან სერიოზულ რისკებს შეიცავს.

ჯერ ერთი, საქართველოში კომპაქტურად ცხოვრობს როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული მოსახლეობა. მეორე, ესკალაციის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს, რომელიც რუსეთისთვის სომხეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანია.

შესაბამისად, ჩვენთვის მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში განვითარებული პროცესები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ მნიშვნელობას განსაკუთრებით ზრდის ყარაბაღის კონფლიქტის შესაძლო განახლების კონტექსტი.

გაზაფხულზე მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ნიკოლ ფაშინიანის მოსვლა სომხეთის ხელისუფლების სათავეში არა მხოლოდ სომხეთისთვისაა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგრამ, ჩვენთვის ამ შემთხვევაშიც მთავარი ამოცანაა შეფასდეს, შესაძლებელია თუ არა ამ მოვლენამ რამენაირი გავლენა იქონიოს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციაზე.

რეალურად, მხოლოდ სამ აქტორს აქვს ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციისთვის საკმარისი პოლიტიკური თუ მატერიალური რესურსები. ესენი არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ცხადია, პოლიტიკურ თუ მატერიალურ რესურსებთან ერთად მნიშვნელოვანია დროის მოცემულ მონაკვეთში ამ აქტორების შესაძლო კონკრეტული ინტერესი ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციის მიმართ, რომელიც მათ შეიძლება  გარკვეული გარემოებების გამო გაეზარდოთ ან პირიქით, შეუმცირდეთ. შესაბამისად, ჩვენც სწორედ ამ კონკრეტული ინტერესის შეფასებას შევეცდებით.

 

სომხეთის ხელისუფლება

ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის კონტექსტში სომხეთის ხელისუფლება ძირითადად ორი საკითხით უნდა იყო დაინტერესებული. პირველი, 2016 წლის აპრილში ყარაბაღში ესკალაციის შემდეგად დაკარგულ მცირე ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება, რაც სავარაუდოდ გაამყარებს მის პოზიციებს შიდა პოლიტიკაში. მეორე, სიტუაციის ესკალაციით ყარაბაღის საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოქმედებების ესკალაცია გაუმართლებელ რისკებს შეიცავს, პირველ რიგში, თავად სომხეთის ხელისუფლებისთვის. უფრო მეტი სიცხადისთვის მცირე დეტალების მოყვანაც კი საკმარისია.

2016 წლის ესკალაციის დროს დაკარგულ ტერიტორიებზე, ცხადია, პასუხისმგებლობა ფაშინიანის წინამორბედს - სერჟ სარგსიანს ეკისრება.  ფაშინიანი სარგსიანის პოლიტიკური მემკვიდრე არ არის, შესაბამისად, ზემოხსენებული პასუხისმგებლობისგან იგი თავისუფალია. ისედაც, ფაშინიანი ფართო მასების მხარდაჭერით მოვიდა სულ ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე და საერთოდ არ სჭირდება საკუთარი პოზიციების ხელოვნურად გამყარება.      

რაც შეეხება ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებას, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია. ამ სირთულეს სომხეთის მმართველი ელიტა ყოველთვის კარგად აცნობიერებდა და შეიძლება სწორედ ამიტომ  სომხეთს ყარაბაღის დამოუკიდებლობა დღემდე არ უღიარებია.

ზემოხსენებულის გარეშეც ცხადია, რომ სომხეთის ახალ ხელისუფლებას ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის არავითარი ინტერესი არ გააჩნია. მას ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი კორუფციასთან ბრძოლასა და ქვეყანაში წესრიგის დამყარებაზე აქვს გადატანილი, რაც სავსებით გამართლებულ პოლიტიკად უნდა ჩაითვალოს.  

აზერბაიჯანის ხელისუფლება

ა.წ. 2 ივლისს აზერბაიჯანში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც 20 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 120-მდე ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, ასევე 200-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი მონაწილეობდა.

წვრთნების დაწყებამდე, ა.წ. 30 ივნისს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალები მზად არიან ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადასაწყვეტად, თუკი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა დროში გახანგრძლივდება.

მანამდე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფიციალურ გვერდზე ტვიტერში  შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: „მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართალი არ მოქმედებს. ასე რომ არ იყოს, აზერბაიჯანის ტერიტორიები დიდი ხანია განთავისუფლებოდა დამპყრობლისგან“.

ცხადია, რომ ზემოხსენებულ წვრთნებს მოჰყვა სპეკულაციები აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყების თაობაზე, თუმცა მალევე ჩაცხრა. წვრთნებთან დაკავშირებით თავად სომხეთის სამხედრო ძალების გენშტაბმა გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების პირდაპირი საფრთხე არ არსებობდა.

საერთოდაც, აზერბაიჯანში, რომლის სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიგა პროდუქტის 3%-ს შეადგენს და სამჯერ აჭარბებს სომხეთის სამხედრო ბიუჯეტს, მსგავსი მასშტაბის წვრთნები ხშირი მოვლენაა. ისევე, როგორც აზერბაიჯანის პირველი პირები ხშირად აკეთებენ ხოლმე ზემოხსენებულის მსგავს განცხადებებს.

რეალურად, აზერბაიჯანის ხელისუფლებაც კარგად აცნობიერებს სამხედრო მოქმედებების დაწყების რისკს, რადგან იცის, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება. ამავე დროს, კარგად იცის ისიც, რომ შესაძლო სამხედრო წარუმატებლობისთვის საკმაოდ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

შესაბამისად, ზოგადად გასაგებია, რომ აზერბაიჯანი ზრდის საკუთარ პოტენციალს და არ გამორიცხავს ძალის გამოყენებით საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუმცა, ამ ეტაპზე, არ არსებობს არც ერთი მკაფიო ინდიკატორი იმის დასამტკიცებლად, რომ სომხეთში ხელისუფლების ცვლილების გამო აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების ინტერესი გაზრდილია.

 

რუსეთის ხელისუფლება

დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ყარაბაღის კონფლიქტის ამ ფორმით არსებობა და, შესაბამისად, სტატუს-კვოს არსებითი შეცვლა მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამავე დროს, რუსეთისთვის დიდი მიღწევა იქნება, თუ აზერბაიჯანს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე დაითანხმებს. ამისათვის კი ერთ-ერთი გზაა ყარაბაღისა და სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის 7 რაიონის თაობაზე გარიგების მიღწევა. ამ გარიგების მისაღწევად არსებული სტატუს-კვოს მცირედით, აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვლა შესაძლოა მოსკოვის ინტერესებში შედიოდეს.

თუმცა, ობიექტურად, ასეთი გარიგება ძალიან რთულია. რაც არ უნდა მიღოს აზერბაიჯანმა, მას მაინც მიუწევს რაღაცის (სულ მცირე, ყარაბაღის) დათმობა, რისთვისაც აზერბაიჯანული საზოგადოება აშკარად არ არის მზად. ამასთან, არც სომხური საზოგადოებაა მზად აზერბაიჯანისთვის თუნდაც ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად.

რუსეთისთვის რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ, ხავერდოვანი რევოლუციის გზით სომხეთის ხელისუფლების სათავეში მოსული ფაშინიანი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, რუსეთში დიდად გულზე არ ეხატებათ. ამის დასადასტურებლად ორიოდე მაგალითის მოყვანაც კი საკმარისია. კერძოდ, სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის ფონზე, ცნობილმა ტელეწამყვანმა, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ პრეს-მდივანმა მიხეილ ლეონტიევმა იმდენად შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა სომეხი ხალხის მიმართ, რომ მას შემდგომში ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. რაც შეეხება კიდევ ერთ ცნობილ ტელეწამყვანს, მაქსიმ შევჩენკოს, მან საერთოდ ასადის რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარება სომხური ლობის მიზანმიმართული საქმიანობის შედეგად გამოაცხადა, რაც, მისი შეფასებით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ჩაშლას ისახავს მიზნად.

უნდა ითქვას, რომ ლეონტიევის და შევჩენკოს აბსურდული და ზღვარგადასული განცხადებები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. ისინი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ  ანტისომხური ისტერიისა, რომელიც რუსეთის ე.წ. საექსპერტო წრეებში ფაშინიანის ხელისუფლების სათავეში  მოსვლას მოჰყვა.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქმე არც ფაშინიანშია. კონსპირაციის თეორიით შეპყრობილ რუსეთის ისტებლიშმენტს ტრადიციულად ძალზე აშფოთებს ხავერდოვანი რევოლუციის ფენომენი. საქმე, პრინციპში, არც მხოლოდ კონსპირაციის თეორიით შეპყრობაშია. როგორც ჩანს, რუსები სხვებზე უკეთ აცნობიერებენ, თუ რამდენად მოწყვლადია რუსეთში არსებული „მტკიცე“ შიდაპოლიტიკური სტაბილურობა.

შესაბამისად, მოსკოვი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად შექმნილი ახალი პოლიტიკური სიტუაცია სომხეთში კრახით დასრულდეს. სწორედ ამიტომ არ უნდა გამოირიცხოს შეზღუდული მასშტაბების ესკალაციის ხელშეწყობა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, რომლის მთავარი მიზანი ფაშინიანის ხელისუფლების ქმედითუუნარობის დაფიქსირება იქნება, შემდგომში მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების მიზნით.               

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.