X

რონდელის ბლოგი

ვის ეხმარება რუსეთი?

2018 / 01 / 12

ავტორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

ბოლო დროს დღე არ გავა, რომ არ გამოაშკარავდეს კრემლის კვალი რომელიმე დასავლურ საარჩევნო კამპანიაში  ან რეფერენდუმში. მართალია, მანამდეც ცნობილი იყო,  რომ, მაგალითად, საფრანგეთში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტი“ მრავალმილიონიან დახმარებებს (თუ სესხებს, რაც ერთი და იგივეა) იღებდა რუსული წყაროებიდან,  დასავლურ პოლიტიკაში რუსული ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოექცა  საერთაშორისო ყურადღების ცენტრში.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ იმ ინფორმაციით, რაც აშშ-ის ფედერალური ბიუროს გამოძიებას მოჰყვა და შემდეგ დასავლეთ ევროპაც მოიცვა, ბოლო წლებში არ ჩატარებულა არჩევნები თუ რეფერენდუმი, რომლის შედეგზეც რუსეთის სპეცსამსახურებს არ უცდიათ გავლენის მოხდენა. ეს ალბათ არც არის განსაკუთრებით გასაკვირი - რუსეთი ხომ ოდითგანვე აქტიურად მუშაობდა საკუთარი გავლენის გასავრცელებლად საზღვარგარეთ. მეოცე საუკუნემდე ის მესამე რომის მართლმადიდებლური იმპერიის კონცეფციით ხელმძღვანელობდა, 1920-იან და 30-იან წლებში ის კომუნისტურ ინტერნაციონალს ქმნიდა ახალ იდეოლოგიაზე დაფუძნებული გლობალური იმპერიის შესაქმნელად და ცივი ომის დროსაც აქტიურად მუშაობდა კომუნისტურ თუ ე.წ „პროგრესულ“ ძალებთან. ანუ მთავარი პრინციპი, რასაც რუსული თუ საბჭოური დახმარება ეფუძნებოდა, მისი პარტნიორების იდეოლოგიური სიახლოვე იყო.

რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიაც და საბჭოთა კავშირიც, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ პარტნიორებად უმეტესად მონათესავე იდეოლოგიის მატარებელ ჯგუფებს ირჩევდნენ. 

მთავარი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ დღევანდელი კრემლის ფინანსური და სხვა სახის დახმარების ადრესატები (ის, რომ დახმარება მხოლოდ ფულის მიცემას არ გულისხმობს, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ) ხშირად განსხვავებული, ზოგჯერ კი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი იდეოლოგიის მატარებლები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ კრემლში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურ იდეოლოგიას უპირატესობას არ ანიჭებენ, მაგრამ როგორც ბოლო წლებში აშკარა ხდება, რუსეთი იდეოლოგიური სიახლოვის პრინციპით თავს აღარ იზღუდავს .

მოდი, განვიხილოთ, ვინ და რისთვის იღებს რუსულ დახმარებას. პირველი და მთავარი (შესაძლოა, ერთადერთი) კრიტერიუმი კრემლის სიმპათიისთვის ამ ძალის უნარია, რომ საკუთარ ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს მოემსახუროს. დასავლურ ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში ეს არც კი გულისხმობს რუსეთთან უშუალო თანამშრომლობას - საკმარისია პარტიამ თუ საზოგადოებრივმა მოძრაობამ რუსეთისთვის საძულველი ნატოსა და ევროკავშირის დასუსტებას შეუწყონ ხელი. მაგალითად, კრემლში სულაც არ ოცნებობენ ევროპისგან „დამოუკიდებელ“ და ძლიერ დიდ ბრიტანეთზე ან საფრანგეთზე, მაგრამ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის კამპანიას, როგორც გაირკვა, ფინანსური და საინფორმაციო მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ისევე, როგორ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენს გულშემატკივრობდნენ - ქალბატონმა ლე პენმა არა მხოლოდ ფულადი დახმარება, არამედ პუტინთან შეხვედრა და ღია მხარდაჭერა მიიღო. ამოცანა კი, როგორც ვთქვით, სწორედ ევროკავშირის დასუსტება იყო, რომელთანაც კრემლი საერთო ენას ვერ პოულობს და იმედოვნებს, რომ საკუთარ ინტერესებს ევროპაში ორმხრივ დონეზე უფრო ადვილად გაიტანს (თუ ისრების კონაზე ძველი ანდაზა გაგახსენდათ, შემთხვევითი არაა).

საიდან ვიცით, რომ რუსეთი სინამდვილეში არ გულშემატკივრობს ძლიერ ბრიტანეთს, საფრანგეთს ან აშშ-ს? თუ რუსული დახმარებების ადრესატებს უკეთ გავეცნობით, ეს აშკარა გახდება. დიახ, რუსეთთან დაკავშირებული ბრიტანელი ბიზნესმენი აარონ ბენქსი ბრექსიტის კამპანიის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო. მან, სულ მცირე, შვიდი მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის მოსურნეთა დასახმარებლად. ამჟამად იკვლევენ ამ ფულის რეალურ წარმომავლობას, თუმცა აარონ ბენქსის კავშირები რუსეთთან თვალნათლივ ჩანს - ის ქალბატონ ეკატერინა პადერინაზეა დაქორწინებული, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ იყო ეჭვმიტანილი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშომლობაში. ბრიტანეთში ცხოვრების უფლება ქ-ნ პადერინას იმავე მაიკ ჰენკოკმა (პარლამენტის წევრმა) მოუხერხა, რომელსაც საპარლამენტო მდივნად სხვა ახალგაზრდა რუსი ქალბატონი - ეკატერინა ზატულივეტერი ჰყავდა და რომელსაც საიდუმლო მასალებზე წვდომის საშუალება მისცა. ზატულივეტერი, საბჭოთა და რუსული სპეცსამსახურების ოფიცრის ქალიშვილი, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ  ლონდონში რუსული დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობაში ოფიციალურად იყო ბრალდებული, ხოლო ჰენკოკი მრავალ არაეთიკურ საქციელში, რის შედეგადაც მან დეპუტატის მანდატი დაკარგა.  

ამავე დროს ირკვევა, რომ რუსულ ფულს და ჰიპერაქტიურ მხარდაჭერას სოციალურ ქსელებში შოტლანდიელი სეპარატისტებიც იღებდნენ. ანუ რუსეთი ერთი ხელით „დამოუკიდებელი“ ბრიტანეთის მხარდამჭერებს ეხმარებოდა და სოცქსელებში ატრიალებდა ლოზუნგებს „დიადი ბრიტანეთის შესახებ“, მეორით კი - ბრიტანეთის დაშლის მომხრეებს ფულს აძლევდა და ასევე სოცქსელებში დახმარებას უწევდა.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც აშშ-ის მთავარ პოლიტიკურ ინტრიგად რჩება დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის წარმომადგენლებთან საიდუმლო თუ ღია კონტაქტების გამოძიება. ამ გამოძიებას უკვე შეეწირა ფედერალური ბიუროს ერთი დირექტორი. თუმცა გამოძიება საგანგებო ფორმატში გაგრძელდა, რისთვისაც სპეციალურ მრჩევლად ბიუროს ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი დაინიშნა. მისი გამოძიების ფარგლებში ბრალი გამოძიებისთვის რუსეთთან კონტაქტების დამალვაში უკვე აღიარა ტრამპის კამპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და მოკლე დროით უშიშროების საბჭოს მდვანმა, გენერალმა მაიკლ ფლინმა.  ამის გარდა, უამრავი სხვა საბუთი ჩნდება რუსეთის მხრიდან ტრამპის კამპანიის მხარდაჭერის შესახებ, პირველ რიგში - ჰილარი კლინტონის იმეილების უკანონოდ მოპოვება და გასაჯაროება.

 

 

თუმცა რუსეთის მხარდაჭერა არც აქაა ერთმნიშვნელოვანი - მისი მიზანი იყო არა ტრამპის გამარჯვების უზრუნველყოფა და ამგვარად ძლიერი მემარჯვენე ადმინისტრაციის მიღება, არამედ, პირველ რიგში, კლინტონის მარცხი.  ის, რომ ტრამპის პრეზიდენტობა რუსეთს ამერიკის წარმატებისთვის არ უნდოდა, იმ მონაცემებიდანაც ჩანს, რასაც არჩევნების შემდეგ გამოძიება რეგულარულად გვთავაზობს. საყოველთაოდ ცნობილი იყო რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობა დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების გატეხვაში და მონაცემების ტრამპისთვის გადაცემაში, ასევე -0 რუსეთში მოქმედი „ტროლების ფაბრიკის“ აქტივობა სოციალურ ქსელებში ტრამპის სასარგებლოდ. მაგრამ ახალი მონაცემები სულ უფრო ხშირად აჩვენებს, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთიდან მართული უამრავი ცრუ „ტვიტერის“ თუ „ფეისბუკის“ ანგარიში ასეთივე წარმატებით მის საწინააღმდეგო პოსტებს ავრცელებენ. ერთსა და იმავე საზოგადოებრივად აქტუალურ მოვლენაში, მაგალითად, შავკანიანების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო მოწყობილ საპროტესტო აქციებში - რუსული ცრუ ანგარიშები ერთდროულად ტრამპის მომხრე, თეთრკანიანი რასისტების მხარდამჭერ და ასევე ანტირასისტულ და ტრამპის საწინააღმდეგო პოსტებს ავრცელებდნენ. ამ საკითხს არაერთი სერიოზული გამოძიება ეძღვნება,  მთავარი დასკვნა, რაც ამ დროისთვის გამოაშაკავებულ მასალას ეფუძნება,  ისაა, რომ სინამდვილეში რუსული დახმარება ამ დახმარების ობიექტის წარმატებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ რუსეთისთვის „არამეგობრული“ ან მეტოქე ქვეყნის დასუსტებას.

ეს, წესით, ადრეც ნათელი უნდა ყოფილიყო - უკიდურესი მიამიტობაა, თუ ვინმეს სჯერა, რომ კრემლში სძულთ „კლინტონის ამერიკა“, და მოსწონთ რესპუბლიკელების ან, თუნდაც, პირადად „ტრამპის ამერიკა“. პუტინის მიზანი ამერიკის დასუსტებაა და ამ მიზნის მისაღწევად ის შესაძლო დახმარებას სწორედ იმ ძალას გაუწევს, რომელიც, მისი აზრით, მეტ ზიანს მოუტანს საკუთარ ქვეყანას, შემდეგ კი გამარჯვებულის დასუსტებასაც ეცდება.

ეს გაკვეთილი ჩვენ, წესით, დიდი ხნის წინ უნდა გვესწავლა. საქართველოშიც არიან ძალები, რომლებსაც მოსკოვი გარკვეულ დახმარებას უწევს, თუნდაც არაოფიციალურად. ბოლო დროს საქართველოს ანტიდასავლურ თუ ღიად პრორუსულ ფლანგზე  ძალების ერთგვარი კონკურენციაც კი შეინიშნება, რომელთა შორის სხვებზე მეტად ფსევდონაციონალისტური ძალები აქტიურობენ. საქართველოში ეთნონაციონალისტების პრორუსულობა განსაკუთრებით გასაოცარია, რადგან რუსეთს არასდროს უცდია ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დაუძინებელი მტრების მიმართ თავისი სრული მხარდაჭერის დამალვა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ყველა ჯურის სეპარატისტები, არამედ ძალები, რომლებმაც ორჯერ განახორციელეს ქართველების ეთნიკური წმენდა.

აქედან გამომდინარე, დასკვნა რთული არაა: რუსეთი დღეს მრავალ, ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებულ, ძალას ეხმარება. მისი მხარდაჭერის ობიექტი შეიძლება ულტრამემარჯვენეებიც უყვნენ და მემარცხენეებიც, ნაციონალისტებიც და სეპარატისტებიც. ამის მიზანი კი არის არა რომელიმე კონკრეტული ძალისადმი სიმპათია და მათი წარმატების სურვილი, არამედ დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების, დემოკრატიული სახელმწიფოებისა და მათი ალიანსების დასუსტება. ეს საქართველოს უშუალოდ ეხება და ყველამ, ვინც აღმოაჩენს, რომ რუსულ ფულს ან სხვა სახის დახმარებას სთავაზობენ, უნდა იცოდეს, რომ მოსკოვში მას  საკუთარი ქვეყნისთვის ზიანის მოტანაში მოკავშირედ განიხილავენ. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.