X

რონდელის ბლოგი

რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?

2022 / 02 / 03

სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

 

ევროპაში ახალი ომის დაწყება რეალური დღითი დღე ხდება, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა განალაგა. რუსეთის ასეთმა ქმედებამ ტრანსატლანტიკური საზოგადოება დააფიქრა, რომ ყირიმის ანექსიიდან რვა წლის შემდეგ რუსეთი ისევ ცდილობს უკრაინაში შეჭრის მიზეზი გამონახოს. მოსალოდნელმა კონფლიქტმა შესაძლოა ევროპის უსაფრთხოებაც და ნატოს მომავალიც სასწორზე შემოდოს. სულ ახლახან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიზანი „კიევში პრორუსული ლიდერის დაყენებაცაა“. ამრიგად, მოსალოდნელი საფრთხის გამო უკრაინას დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გაუწიეს დიდძალი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება.

მიუხედავად რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობებისა, ნატომ და აშშ-მ, შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყეს რუსეთთან. პასუხად, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს უსაფრთხოების გარკვეული მოთხოვნები წამოუყენა. კრემლი მოითხოვს, რომ ნატომ  შეცვალოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთის ფლანგიდან 1997 წლის პოზიციაზე გადაიტანოს ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის განლაგება. ამასთან, რუსული მხარე უარყოფს, რომ უკრაინის დაპყრობის განზრახვა ამოძრავებს. თუმცა, საკუთარი მეზობლის სიახლოვეს მასობრივი რუსული სამხედრო დანაყოფების მობილიზაცია ამის საპირისპიროდ მეტყველებს.

ფართომასშტაბიანი ომის ალბათობა დიდია, თუმცა გაურკვეველია, რა მიზეზით განათავსა კრემლმა უკრაინასთან სამხედრო დანაყოფები მაინც და მაინც ახლა. ამ მოვლენას წინ არ უძღოდა არანაირი კონკრეტული ქმედება, რასაც შეეძლო უკრაინის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის ამგვარი გაღიზიანება გამოეწვია. შედარებისთვის, 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესია მეტწილად განპირობებული იყო ალიანსში უკრაინისა და საქართველოს შესაძლო წევრობაზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. ამჯერად კი, სავარაუდოა, რომ არა ერთი მიზეზი, არამედ რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რაც პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებისკენ უბიძგებს.

 

უკრაინა - კრემლის დაუსრულებელი თავსატეხი

ყველაზე აშკარა მიზეზი, რასაც შეეძლო უკრაინის კრიზისის გამოწვევა, არის შიდაპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლიდან დაიწყო. 2019 წელს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის „დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად“ კრემლთან დიალოგისთვის მზად იყო. თუმცა, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მცირე შესაძლებლობების ფონზე, კიევმა მალევე შეცვალა მოსკოვთან არსებული კომპრომისული დამოკიდებულება. უკრაინის მთავრობამ, რომელიც კვლავ რჩებოდა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ერთგული, რუსული გავლენის აღმოსაფხვრელად მძიმე პოლიტიკური ზომები მიიღო. უპირველეს ყოვლისა, უმაღლესმა რადამ (უკრაინის პარლამენტი) მიიღო კანონი, რომელმაც უკრაინული ენა ქვეყნის ერთადერთ ოფიციალურ ენად დაამტკიცა და რუსული ენის სტატუსი საკმაოდ დააკნინა. ამის შემდგომ უკრაინამ წამოიწყო კრემლის მომხრე აგენტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია და 2021 წლის გაზაფხულზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პრორუსი მილიარდერი ოპოზიციონერი პარლამენტარის ვიქტორ მედვედჩუკისა და სხვა პირების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. აღსანიშნავია, რომ მედვედჩუკი პუტინის ახლო მეგობარია (პუტინი მისი ქალიშვილის ნათლიაა) და ის აქტიურად უჭერდა მხარს დონბასელ სეპარატისტებს. ზელენსკის ადმინისტრაციამ „პრორუსული პროპაგანდის გავრცელების გამო“ მედვედჩუკის მფლობელობაში არსებული სამაუწყებლო კომპანიების მუშაობაც კი აკრძალა

რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვარზე (წყარო: ABC news)

რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა კიევის მკაცრმა ზომებმა საბოლოოდ დაამსხვრია კრემლის იმედები, რომ უკრაინას დაიბრუნებდა რუსულ ორბიტაზე. ეს უიმედობა კიდევ უფრო გაღრმავდა ნატოს, აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობის ზრდის ფონზე. უკრაინა „ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის“ ფარგლებში დასავლეთიდან უფრო მეტ სამხედრო დახმარებასა და საბრძოლო იარაღის მარაგს იღებდა და ნატოსთან ერთად წვრთნებში აქტიურად მონაწილეობდა. რუსეთი უკრაინის გვერდში დასავლეთის დგომას რუსეთის უსაფრთხოების დიდ გამოწვევად აღიქვამდა და ზელენსკის ადმინისტრაციას მარიონეტ მთავრობად მიიჩნევდა.  რუსული გავლენის წინააღმდეგ კიევის წამოწყებულ მკაცრ ქმედებებს, მათ შორის, პრორუსულად განწყობილი გავლენიანი პიროვნებების დევნას, 2021 წლის აპრილში უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების პირველი დიდი მობილიზება მოჰყვა. მაისში გაეროს უშიშროების საბჭოს უვადო წევრების სხდომაზე პუტინმა თავის განცხადებაშიც კი ახსენა, რომ მოსკოვი ასე „ადვილად არ დათმობდა“ უკრაინელ პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში უკრაინის შიდა პოლიტიკაზე რუსული გავლენა მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად კრემლის დაუღალავი ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიებისა, საზოგადოების დამოკიდებულებებში საგრძნობლად გაიზარდა დასავლეთის მიმართ მხარდაჭერა. IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) კვლევების მიხედვით, 2021 წელს უკრაინელების მხოლოდ 21% უჭერდა მხარს უკრაინის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებას, მაშინ, როდესაც ქვეყნის ნატოში წევრობას მოსახლეობის 60%-ს მიაჩნდა პოზიტიურად. ასეთმა საგრძნობმა ცვლილებებმა კრემლის მესვეურებში გააჩინა წარმოდგენა, რომ უკრაინა მოსკოვის მარწუხებს სამუდამოდ დაუსხლტა ხელიდან. რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე დაწერილ სტატიაში პუტინი  ღიად გამოხატავს წყრომას უკრაინაში დასავლეთთან დაკავშირებული ანტირუსული და საზიანო ძალების არსებობაზე, რომლებიც უკრაინელ ხალხს „აგრესორის მსხვერპლის“ ნარატივს უყალიბებს და „რუსოფობიული“ განწყობების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში პუტინს, როგორც დაღმავალი ზრდის ეკონომის მქონე ქვეყნის ლიდერს, ისღა დარჩენია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახლავე იმოქმედოს.

 

ფართო სურათი

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, დიდი ალბათობით, კრემლის მიერ სამხედროების მობილიზების გადაწყვეტილებაში დიდი როლი შეასრულეს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვის ინტერესები მხოლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ ეფუძნება. იგი სათავეს იღებს ცივი ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების წესრიგიდან. 1990-იან წლებში აშშ-მ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა საფუძველი ჩაუყარეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელშიც რუსეთის გავლენა მინიმალური იყო. 21-ე საუკუნის დამდეგს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ვარშავის პაქტის ყოფილი წევრი ქვეყნები სწორედ ამ სტრუქტურებში - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდნენ. ეს მოვლენა რუსეთმა თავის გავლენის სფეროში „დასავლეთის უხეშ შემოჭრად“ აღიქვა. ამას თან დაერთო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ ტალღაც, რამაც მოსკოვის გადმოსახედიდან არა მხოლოდ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებს, არამედ კრემლის ავტორიტარულ რეჟიმს შეუქმნა საფრთხე.

ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით (წყარო: Reddit)

მოსკოვისთვის დასავლეთის ყოველგვარი მცდელობა მიმართული იყო რუსეთის სუვერენიტეტის ძირის გამოთხრისაკენ, მასზე ისეთი საერთაშორისო წესრიგის თავზე მოხვევის გზით, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებს ეწინააღმდეგებოდა. ძალაუფლებაში მოსვლისთანავე პუტინის მთავარი მიზანიც სწორედ ამ წესრიგის შეცვლა და ყოფილი საბჭოეთის სივრცეზე რუსული კონტროლის აღდგენა გახდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა რუსული აგრესია ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ტოვებდნენ „რუსულ ორბიტას“ (საქართველო, უკრაინა).   დასავლეთისთვის წაყენებული მოსკოვის მოთხოვნებიც სწორედ ამ მთავარ მიზანს ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ნატო მიიღებს კრემლის ღია კარის პოლიტიკის დასრულების მოთხოვნას, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობის გამორიცხვასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო განლაგების შეზღუდვას, იგი აღიარებს მოსკოვის უპირატესობას ევროპაში უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიღებაში. დასავლეთი ამ დათმობით რუსეთის მეზობელი ქვეყნების სტრატეგიულ მიზნებზე მოსკოვის ინტერესების უზენაესობას აღიარებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ტრანსატლანტიკური საზოგადოების ძირითად ღირებულებებს.

უკრაინის გარეშე მოსკოვის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება ერთგვარი მარცხისთვისაა განწირული. რუსეთმა ევროკავშირთან უკვე „წააგო“ ბალტიის ქვეყნები და მისი გავლენა ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც მკვეთრადაა შესუსტებული. უკრაინის, 47-მილიონიანი მოსახლეობის მქონე უზარმაზარი ქვეყნის, რომელსაც შავ ზღვაზე გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გასასვლელი აქვს, დასავლეთისთვის დათმობა კრემლის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ლუკაშენკოს რეჟიმის შენარჩუნებით მოახერხა ბელორუსზე ძლიერი გავლენის შენარჩუნება, მისი უკრაინასთან დაახლოების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. რუსეთს არც ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა გამოადგა გავლენის განსამტკიცებლად, არც დონბასის რეგიონის ოკუპაცია. მოსკოვს ყოველ ჯერზე საკუთარი აგრესია ბუმერანგივით დაუბრუნდა და თავისი ქმედებებით უკრაინის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოებას  შეუწყო უნებურად ხელი. ერთ-ერთ სტატიაში პუტინი კიდეც აღიარებს საკუთარ იმედგაცრუებას, რომ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკება არ არჩია და „ნელი ტემპით, თუმცა ნამდვილად გადაიქცა რუსეთის ანტიპოდად“, რომელსაც „დონბასის საკითხზეც კი“ არ სურს რუსეთთან მოლაპარაკება.

ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა უკვე დიდი ხანია, რაც მოსკოვის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, პუტინის გადაწყვეტილებაში, რომ განელაგებინა სამხედრო დანაყოფები უკრაინის საზღვარზე, მთავარი როლი, დიდი ალბათობით, რუსეთისგან უკრაინის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა დაშორებამ შეასრულა. უკრაინის დაპყრობით კრემლი არა მხოლოდ აღიდგენს პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარ გავლენას, არამედ მისთვის არასასურველ რეგიონული უსაფრთხოების წესრიგსაც გამოუთხრის ძირს. კრემლს უკრაინის დაპყრობა, დასავლური მკაცრი სანქციების სახით, შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს. თუმცა, დღევანდელი გარემოება ამ ქმედებისთვის ყველაზე ხელსაყრელია. პირველ რიგში,  რუსეთის მიმართ ევროპის პოლიტიკა ჯერ კიდევ გარკვეულწილად დაქსაქსულია, ძირითადად, გერმანიის მოსკოვთან პრაგმატული ურთიერთობების ქონის სურვილის გამო. მეორე მხრივ კი, ევროკავშირის ქვეყნების ენერგობაზრის რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია, განსაკუთრებით, ამ ცივ ზამთარში. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსეთმა შეიძლება შეძლოს კიდეც დასავლური სანქციების თავიდან არიდება ან მათი რბილად გადატანა.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.