X

რონდელის ბლოგი

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები

2023 / 05 / 31

ავტორი: ზურა ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

2023 წლის 14 მაისს თურქეთში გაიმართა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 28 მაისს საჭირო გახდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაც.

            როგორი შედეგებით დასრულდა თურქეთის არჩევნები და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

თურქეთის რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა არჩევნებზე

           

საპრეზიდენტო არჩევნები

          თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია, თუმცა საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარებაც, რადგან 14 მაისს მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 49,5% მოაგროვა და მცირე რაოდენობა დააკლდა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის.

            ერდოღანმა მეორე ტურში ადვილად შეძლო მომხრეთა მობილიზება და ხმების 52,2% მიიღო. აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურში მას მხარი დაუჭირა მესამე ადგილზე გასულმა ნაციონალისტმა კანდიდატმა სინან ოღანმა, რომელსაც პირველ ტურში ხმების 5,2% ჰქონდა მიღებული.

ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ერდოღანის ძირითადი ამომრჩეველი კონსერვატიული და ნაციონალისტურად განწყობილი შიდა ანატოლიისა და შავიზღვისპირეთის რეგიონებია. მას აგრეთვე მილიონობით ამომრჩეველი ჰყავს დიდ ქალაქებში - სტამბოლსა და ანკარაში. ერდოღანმა ეს ქალაქები მხოლოდ მცირედი განსხვავებით (შესაბამისად, 3,5% და 2,5%-ით) წააგო. სხვანაირად რომ ყოფილიყო, მაშინ დიდი ქალაქების ხმებს შესაძლოა შეეტრიალებინა არჩევნების საერთო სურათი.

 

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გუბერნიების მიხედვით

 

ერდოღანმა და მისმა გუნდმა კარგად იმუშავეს საკუთარ ამომრჩეველზე და ორგანიზაციული თვალსაზრისითაც ოპოზიციაზე უკეთ გამოიყურებოდნენ.

ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს უპასუხა ხელფასებისა და პენსიების გაზრდით, იაფი კრედიტებითა და სხვადასხვა ეკონომიკური შეღავათის შემოღებით (მაგალითად, ერთი თვით უფასო გახადეს ბუნებრივი აირის მოხმარება მოქალაქეებისთვის, დადეს ხელფასების კიდევ უფრო მეტად გაზრდის პირობა და ა.შ.). პოლიტიკური მიმართულებით კი დაიცვეს საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა (რის საპარლამენტო მმართველობის ფორმით შეცვლის პირობასაც ოპოზიცია დებდა გამარჯვების შემთხვევაში) და გააძლიერეს კონსერვატიული და ნაციონალისტური ნარატივი მთელი წანასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას.    

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელშიც 6 სხვადასხვა ორიენტაციის (მემარცხენე-ცენტრისტები, მემარჯვენე-ცენტრისტები, ნაციონალისტები და კონსერვატორები) პოლიტიკური პარტიები შედიოდნენ, არაერთი შეცდომა დაუშვა და შესაბამისი შედეგიც მიიღო. ოპოზიციის შეცდომებს შორის შესაძლოა დასახელდეს:

  • საპრეზიდენტო კანდიდატად ნაკლებად პროაქტიული, თითქმის  უქარიზმო და არასუნიტი[1] ქემალ ქილიჩდაროღლუს შერჩევა (უფრო მეტი შანსი შეიძლება ჰქონოდათ სტამბოლის მერს ექრემ იმამოღლუს ან ანკარის მერს მანსურ იავაშს, რომლებსაც ჰქონდათ როგორც ქარიზმა, ისე ამ დიდ ქალაქებში გამარჯვების ფორმულის მთელ ქვეყანაზე გავრცობის შანსი);
  • ოპოზიციონერებს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ ამომრჩევლებთან კომუნიკაციის საქმეშიც. მათ ვერ შეძლეს ქვეყანაში არსებული სირთულეების სათავისოდ გამოყენება. ოპოზიციამ წააგო ისეთ ადგილებშიც კი (მაგალითად, თებერვლის თვეში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში, რასაც 50 000-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა), სადაც, ერთი შეხედვით, ყველა პირობა ჰქონდათ წარმატებისთვის. მაგრამ მათ ამ მიმართულებით ნაკლებად იმუშავეს. რატომღაც ჩათვალეს, რომ დაზარალებულების უმეტესობა ავტომატურად მათ მისცემდა ხმას. მაგრამ გამორჩათ ან ყურადღება არ მიაქციეს იმ ფაქტს, რომ აქ ხელისუფლება სერიოზულად მუშაობდა და დაზარალებულებსაც დიდ დახმარებას უწევდა;
  • ვერ შეძლეს ქვეყანაში კონსერვატიული და ნაციონალისტური განწყობების ზრდის სათანადოდ შეფასება. ოპოზიციის მიერ სირიელი ლტოლვილების ქვეყნიდან გაძევების მოწოდებებმა ნაკლებად იმუშავა. ქემალ ქილიჩდაროღლუმ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კი გააფორმა შეთანხმება ნაციონალისტების ერთ ნაწილთან, მაგრამ ელექტორატის თვალსაზრისით, ეს არ იყო დიდი შენაძენი, რადგან მეორე მხრივ ამ ნაბიჯმა მას მეორე ტურში ქურთული წარმოშობის მოქალაქეთა ხმები დააკარგვინა;
  • ოპოზიციამ ვერ შეძლო მოქალაქეებისთვის ეკონომიკური სირთულეების გამოსწორების კონკრეტული გეგმის შეთავაზება. ისინი მხოლოდ იმ მარტივი დაპირებით შემოიფარგლნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში დაუბრუნდებოდნენ ორთოდოქსულ ეკონომიკურ პოლიტიკას, გაზრდიდნენ ხელფასებს და მოქალაქეებს ჩამოაწერდნენ საბანკო ვალებს.  როგორც გამოჩნდა, ამ დაპირებამ ნაკლებად იმუშავა;
  • მკაფიოდ ვერაფერი დაუპირისპირეს ხელისუფლების ბრალდებას, რომ მათ თითქოსდა კავშირი ჰქონდათ PKK-სთან (თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ქურთისტანის მუშათა პარტია“). ამ ბრალდებას აძლიერებდა ის ფაქტიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე პროქურთულმა ძალებმა არ დააყენეს საკუთარი კანდიდატი და არაპირდაპირი გზით მხარი დაუჭირეს ქილიჩდაროღლუს კანდიდატურას.

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ჯერჯერობით მხოლოდ ის შეძლო, რომ გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო რესურსების არჩევნებისთვის მობილიზებაში დაადანაშაულა და მას ბრალი დასდო „ბოლო წლების ყველაზე უსამართლო არჩევნების ჩატარებაში“.   

 

            საპარლამენტო არჩევნები

          საპარლამენტო არჩევნებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა მმართველმა კოალიციამ, რომელშიც ერდოღანის კონსერვატიული AK Parti-ს („სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“) გარდა შედიან ულტრანაციონალისტური MHP („ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“) და კიდევ რამდენიმე წვრილი კონსერვატიული ორიენტაციის პოლიტიკური პარტია.

            მმართველმა პარტიამ 14 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49,5% მიიღო, რითაც 600-კაციან პარლამენტში 323 დეპუტატის გაყვანა შეძლო, ანუ ახალ პარლამენტშიც მანდატების უმრავლესობა აიღო. ეს ერდოღანს საშუალებას მისცემს თავისუფლად დაამტკიცოს ბიუჯეტი, გაიტანოს და დაამტკიცოს მისთვის სასურველი კანონები და ა.შ.

            შესაბამისად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცუდი შედეგები აჩვენა საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც, საერთო ჯამში, მათ ხმების მხოლოდ 35% მიიღეს და პარლამენტში 212 დეპუტატის შეყვანა შეძლეს.

            წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ცუდი შედეგი აჩვენეს პროქურთულმა ძალებმაც. მათ ხმების 10,6% მიიღეს, რითაც ახალ პარლამენტში მხოლოდ 64 მანდატის მოპოვება შეძლეს.

            საპარლამენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობდა რამდენიმე პატარა ნაციონალისტური პარტია, რომლებმაც, მართალია, ცოტა ხმები არ მიიღეს, მაგრამ თურქეთში არსებული 7%-იანი საპარლამენტო ბარიერის გამო ვერ შეძლეს დეპუტატების გაყვანა პარლამენტში.

           

თურქეთის ახალი პარლამენტის შემადგენლობა

 

ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც არაერთი შეცდომა დაუშვა, რომელთა შორის მთავარი, ალბათ, ის იყო, რომ მათ რატომღაც ჩათვალეს,  რომ მთავარი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და შესაბამისად, შედარებით ნაკლები ყურადღება დაუთმეს საპარლამენტო არჩევნებს.

            მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ეს არასწორი გათვლა იყო. მეორე ტურის წინ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამ მორალური უპირატესობა მიენიჭა თურქეთის მმართველ ძალას და ამ ფაქტმა მეორე ტურში ერდოღანის გამარჯვებაში  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

დასკვნები

  • რამდენადაც თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა პარტიამ, ძირითადად გაგრძელდება ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რასაც ბოლო 21 წლის განმავლობაში ვხედავდით;
  • ამავე დროს, გამორიცხული არაა, ამომრჩევლების ზოგადი განწყობებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზარდოს პოლიტიკური კონსერვატიზმისა და ნაციონალიზმის როლი თურქულ პოლიტიკაში;
  • მაგრამ მთავარი საკითხი, რომლის წინაშეც თურქეთი და, შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობა ამ მომენტისთვის დგას, არის ეკონომიკური სირთულეები (თურქული ლირის დევალვაცია - 30 მაისის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ფასი 20,40 ლირა გახდა, მაღალი ინფლაცია, ცხოვრების გაძვირება, დიდი შიდა და საგარეო ვალი და ა.შ.);
  • ჯერჯერობით უცნობია, ანკარა ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიზნით რომელ უცხოელ აქტორებთან (დასავლეთი, რუსეთი თუ არაბული ქვეყნები) დაიწყებს თანამშრომლობას, ანუ ვისი გავლენა შეიძლება გაიზარდოს ამ ქვეყანასა და მის პოლიტიკაზე;
  • სწორედ ეკონომიკური საკითხები განაპირობებს დიდწილად, თუ რა შედეგი იქნება 10 თვის შემდეგ დაგეგმილ თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე;
  • თურქეთის ოპოზიციას მოუწევს დამარცხების მიზეზების შესწავლა და გაანალიზება. მათ შორის, შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სტრუქტურული (მაგალითად, შენარჩუნდება თუ არა კოალიციური ერთობა), ისე პიროვნული ცვლილებებიც (მაგალითად, უკვე დაიწყო ლაპარაკი „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ქემალ  ქილიჩდაროღლუს ექრემ იმამოღლუთი ჩანაცვლების შესაძლებლობაზე);
  • საქართველოსთან ურთიერთობებში ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი. ორ ქვეყანას ერთმანეთთან ტრადიციულად ახლო პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს  ყველა სფეროში და ეს ურთიერთობები მომავალშიც ამ მიმართულებით განვითარდება. თურქეთი კი ძირითადად სუნიტებით დასახლებული ქვეყანაა და ეს თემა სენსიტიურია კონსერვატიული ორიენტაციის (ასეთები კი უმრავლესობაში არიან) ამომრჩევლებისთვის.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.