X

რონდელის ბლოგი

თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ

2023 / 07 / 04
ავტორი: დავით შატაკიშვილი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი
 

2023 წლის მაისში, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თითქმის სრულად განაახლა აღმასრულებელი მთავრობის შემადგენლობა, გარდა კულტურისა და ტურიზმის და ჯანდაცვის მინისტრებისა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ცვლილებებმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, სადაც ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა მეჰმეთ შიმშექმა, ხოლო თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოზიცია კი ჰაფიზე გაიე ერქანმა დაიკავა. ექსპერტების ვარაუდით, ეს ცვლილებები შესაძლოა მიგვანიშნებდეს, რომ თურქეთს არატრადიციული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დასრულება და ტრადიციულ ეკონომიკურ მოდელზე გადართვა სურს, რაც განპირობებულია ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურებითა და მზარდი ინფლაციით. საინტერესოა განვიხილოთ, თუ რა ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდა თურქეთი ბოლო წლებში და რა მოლოდინი არსებობს მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდისგან.

 

ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები

უპირველეს ყოვლისა, მოკლედ განვმარტოთ, თუ ამ შემთხვევაში რას გულისხმობს ტრადიციული და არატრადიციული ეკონომიკური მიდგომა. მეჰმეთ შიმშექი ტრადიციული ეკონომიკური სკოლის მიმდევარია. მისი შეფასებით, ფასების სტაბილურობა და ინფლაციის კონტროლი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი ამოცანაა. ამისთვის კი ეროვნულმა ბანკმა აქტიურად უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ბერკეტი, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკა. ამის საპირისპიროდ, ერდოღანი მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არაეფექტიანია და ზრდის ინფლაციურ წნეხს. 2021 წლიდან მოყოლებული, მისი პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ ინფლაციის ზრდის მიუხედავად, შემცირებულიყო საპროცენტო განაკვეთები, რაც სრულად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ეკონომიკურ მიდგომას. უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთის მონეტარული პოლიტიკა აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ ზრდასა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე და არა – ინფლაციის კონტროლზე.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო წლებში თურქული ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურება და მზარდი ინფლაცია ნაწილობრივ სწორედ ერდოღანის არაორდინალური ეკონომიკური პოლიტიკის, ცენტრალურ ბანკზე მისი მაღალი გავლენისა და ფინანსურ ბაზრებზე სახელმწიფო კონტროლის შედეგია. ბოლო ერთ წელიწადში თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით 40%-ით, ხოლო უკანასკნელ 5-წლიან ჭრილში თითქმის 250%-ით გაუფასურდა. ცნობისთვის, 2018 წელს თურქული ლირის საშუალო წლიური გაცვლითი კურსი  აშშ დოლართან მიმართებით შეადგენდა 4.8 ლირას, 2019 წელს – 5.7 ლირას, 2020 წელს – 7 ლირას, 2021 წელს – 8.9 ლირას, 2022 წელს კი – 16.5 ლირას. მიმდინარე ეტაპზე ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 ლირაა. Goldman Sachs-ის პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 28 ლირას მიაღწევს.

რაც შეეხება ინფლაციას, გასულ წელს თურქეთში ფასების ზრდის საყოველთაო დონის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 70%-ზე მეტი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებელი 51%-მდე შემცირდება. ცნობისთვის, თურქეთში 2018 წელს ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი იყო 16.3%, 2019 წელს – 15.2%, 2020 წელს – 12.3%, ხოლო 2021 წელს – 19.6%. მიმდინარე წლის მაისში კი ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 39.6% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 4%-ით ნაკლებია.

ცხადია, თურქეთის ეკონომიკის წინაშე მდგარი პრობლემები მხოლოდ ეროვნული ვალუტის გაუფასურებითა და ინფლაციით არ შემოიფარგლება. მისი უმნიშვნელოვანესი გამოწვევებია ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების შემცირება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.

გასულ თვეში, 14 მაისისთვის, თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები კიდევ 2.3 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა, რაც ქვეყნისთვის 21-წლიანი მინიმუმია. ბოლო წლებში თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად შემცირდა სავალუტო ბაზარზე ხშირი ინტერვენციისა და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებისთვის გაწეული ძალისხმევის გამო. როგორც ჩანს, თურქეთის მოსახლეობა უფრო მეტად ცდილობს უცხოური ვალუტის შეძენას, რაც, თავის მხრივ, თურქული ლირის რეკორდულ გაუფასურებას უწყობს ხელს. ჯამში, 2022 წლის ბოლოდან დღემდე სავალუტო რეზერვები 27.7 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა და მიმდინარე ეტაპზე დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგენს, ხოლო ოქროში დენომინირებული რეზერვების წილი დაახლოებით 50 მილიარდი აშშ დოლარია.

მიმდინარე წლის 12 ივნისს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ აპრილში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მარტთან შედარებით, თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 5.4 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარით მეტია. ცნობისთვის, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული ეკონომიკური ინდიკატორია. მისი უარყოფითი მაჩვენებელი ნიშნავს რეზიდენტების უცხოური ვალდებულებების ზრდასა და ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციების გაუარესებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეფიციტური მიმდინარე ანგარიში გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში მოხმარება უფრო მეტია, ვიდრე რეზიდენტების შემოსავლები და დანაზოგები, მათ შორის სხვაობა კი საერთაშორისო რესურსებით ფინანსდება, რაც მეტწილად მოიცავს საგარეო ვალს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და სხვადასხვა სახის ტრანსფერებს.

 

მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი მოლოდინი

თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა ახალ მინისტრს მეჰმეთ შიმშექს უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს და გლობალურ ინვესტორებში კარგად ცნობილი ეკონომისტია. იგი 2009 წლიდან 2015 წლამდე თურქეთის ფინანსთა მინისტრის, ხოლო 2015-დან 2018 წლამდე ქვეყნის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, შიმშექის პოსტზე დაბრუნებას ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 28 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანას ეყოლებოდა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ფინანსური მენეჯმენტი, რაც იყო ღია მინიშნება შიმშექის დანიშვნაზე. რამდენადაც ცნობილია, შიმშექს რამდენიმე პირობა ჰქონდა თანამდებობაზე დასაბრუნებლად. პირველი – გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მეორე – ქვეყნის ეკონომიკური გუნდის შექმნის შესაძლებლობა და მესამე – ადეკვატური დრო ქვეყნის ეკონომიკის პრობლემების მოსაგვარებლად. გარდა შიმშექისა, ეკონომიკური გუნდის ახალი წევრია ჰაფიზე გაიე ერქანიც, რომელსაც დასავლურ განათლებასთან ერთად, უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებში მენეჯერის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს. ამასთან ერთად, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტად ასევე დაინიშნა ტრადიციული ეკონომიკური სკოლის მიმდევარი – ჩევდეთ ილმაზიც. ამგვარად, აღნიშნული გადაწყვეტილებები აჩენს ლოგიკურ მოლოდინს თურქეთის ეკონომიკური მიდგომების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა, ეს მოლოდინი დაკავშირებულია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან. 2021 წლის ბოლოს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 19%-დან 8.5%-მდე შეამცირა. მიუხედავად მზარდი ინფლაციისა, აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა. ახალი მენეჯმენტის პირობებში კი, ექსპერტები უკვე მიმდინარე თვის ბოლოდან ელოდებოდნენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას. მიმდინარე წლის 22 ივნისს თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა საბჭომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 650 საბაზო პუნქტით გაზარდა, რამაც 15%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელთან შედარებით ეს მაჩვენებელი ნაკლებია, ინფლაციის კონტროლის მხრივ უდავოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ბანკის განმარტებით, ქვეყანაში ინფლაციური სურათის გაუმჯობესებამდე მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად გამკაცრება.

შიმშექისგან ასევე ელიან ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორები მის რეალურ დამოუკიდებლობაში დარწმუნდნენ და დაინახონ შესაძლებლობა, რომ შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის შესახებ ადეკვატური პროგნოზების გაკეთება. ცხადია,  თურქეთის მოსალოდნელი დაბრუნება ტრადიციულ ეკონომიკურ რელსებზე არ იქნება საკმარისი გრძელვადიანი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, თუმცა ეს უდავოდ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. თავის მხრივ, ინვესტიციების მოზიდვას დადებითი გავლენა ექნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზეც.

***

2021 წლიდან რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკა ფულად-საკრედიტო სტიმულირებაზე იყო დაფუძნებული. მისი აზრით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ქვეყანაში გაზრდიდა წარმოების მოცულობას, ექსპორტის დინამიკასა და წაახალისებდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. თუმცა, დაბალპროცენტიან კრედიტებს შედეგად მოთხოვნის ზრდა მოჰყვა, რამაც ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ინფლაცია და ისტორიულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა გამოიწვია. თურქული ლირის დევალვაციას ბუნებრივად მოჰყვა ფასების ზრდა იმპორტირებულ პროდუქტებზე. ასევე, გადასახადი გაეზარდათ საოჯახო მეურნეობებსა და ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული.

გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ქვეყნის ბიუჯეტიც, საიდანაც კოლოსალური თანხების აკუმულირება მოხდა თებერვალში სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრებისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ტვირთი იყო წინასაარჩევნო პერიოდში ერდოღანის გადაწყვეტილებით საჯარო მოხელეებისთვის ხელფასებისა და პენსიების ზრდა, ასევე მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სუბსიდირება. ამ სახელმწიფო ხარჯებმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას, თუმცა, მეორე მხრივ, წაახალისა ინფლაცია.

თურქეთში, როგორც საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოზე. უპირველეს ყოვლისა, თურქეთში არსებული მზარდი ინფლაცია აძვირებს საქონლისა და მომსახურების ღირებულებებს, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული პროდუქტების ფასებზე. მაღალი ინფლაცია ასევე ამცირებს თურქეთის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას, რაც აჩენს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირების რისკებს. ამასთან, თურქეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები შესაძლოა ასევე აისახოს საქართველოში შემომავალი თურქი ვიზიტორების ან მათ მიერ ქვეყანაში გაწეული დანახარჯების რაოდენობაზე, ასევე ფულად გზავნილებსა და ინვესტიციებზე. ამგვარად, თურქეთში არსებული საკმაოდ რთული ეკონომიკური მოცემულობა გავლენას ახდენს საქართველოს ზოგად მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, აძლიერებს ინფლაციურ წნეხს და დიდ როლს თამაშობს ინფლაციურ მოლოდინზე და მის მართვაზე.

სავარაუდოა, რომ ერდოღანი, ახალი სამთავრობო ეკონომიკური გუნდის მხარდაჭერით, შედარებით ტრადიციულ ეკონომიკურ მოდელს დაუბრუნდება, რაც მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრებას გულისხმობს. მზარდი ინფლაციის შეკავება მისთვის წესით უნდა იყოს მთავარი ამოცანა იმ ფონზე, როდესაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება ენერგეტიკული რესურსების ფასები და ასევე წლის ბოლოს სახელმწიფოს გასასტუმრებელი აქვს ვალდებულებები კრედიტორებთან. ამასთან, თურქეთში 2024 წლის მარტში დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მმართველ გუნდს დასჭირდება გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რასაც ამომრჩევლები საკუთარ ეკონომიკური მდგომარეობით იგრძნობენ. ამ კუთხით კი უმთავრესი ნაბიჯები სწორედ ინფლაციის შეკავება და ეროვნული ვალუტის დაცვაა. ცხადია, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ რთულია კონკრეტული დასკვნებისა და პროგნოზების გაკეთება, თუმცა თურქეთის ეკონომიკური ორიენტაციის ვექტორი უახლოესი რამდენიმე გადაწყვეტილებით უფრო ნათელი გახდება.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.